გადაწყვეტილება №25208/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 25208/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25208/2/2025

25 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------ა (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ას 23.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25208/2/2025).

 

დავის საგანი:

დროებითი შენახვის პროცედურაში მოქცეული საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №6221 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9605 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

17.07.2024 წელს მომჩივნის მიერ №----/---- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს -----ის საბაჟო საწყობში (WHS------) შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1 500 ცალი), რომელსაც დროებით შენახვის ვადად განესაზღვრა 8.01.2025 წელი. საქონლის დროებით შენახვის ვადაში მომჩივანს არ მოუქცევია საქონელი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში, რაზეც, 29.01.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №---/--- წერილობითი შეტყობინებით, საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს ეცნობა №----/---- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს -----ის საბაჟო საწყობში შენახული საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.

მითითებული დოკუმენტი მომჩივანს წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ჩაჰბარდა 1.02.2025 წელს, თუმცა არც შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში, მომჩივანს არ განუხორციელებია სათანადო საბაჟო ფორმალობები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 1.04.2025 წელს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №6221 ბრძანება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია 2.04.2025 წლის №------/--- წერილით გაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. საქონელი ამჟამად განთავსებულია შპს -------ის საბაჟო საწყობში (WHS------).

საბაჟო დეპარტამენტის სადავო ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.05.2025 წლის №9605 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განეხორციელებინა საქონლის (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაეხადა ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასურ(ებ)ი;

- საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედების უზრუნველყოფა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9605 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე, მომჩივანის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახდინა საქონლის დეკლარირება, დაარღვია სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განსაზღვრული ვადა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საქონლის გაფორმება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელოს საქონლის (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაიხადოს ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასური, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა დაევალოს დაინტერესებული პირის მიერ, მითითებულ ვადაში, საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობის განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველივე დღიდან მისი მიზანი იყო შემოტანილი საქონლის თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში მოქცევა. საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს შეაფერხა კონკრეტულმა ბიუროკრატიულმა პროცედურებმა, რის გამოც საჭირო გახდა ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისობის სერტიფიკატის მიღება (სერტიფიკატზე დადებითი პასუხის მიღება). მომჩივნის არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაჭირდა აღნიშნული პროცედურის დასრულება. არაერთი განაცხადი გაგზავნა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. იმედი აქვს, რომ ამჟამად კანონის სრული მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებს აღნიშნული განცხადების წარდგენა/მოთხოვნას და დადებით პასუხს მიიღებს, რაც საბაჟო პროცედურების დასრულების საშუალებას მისცემს.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №9605 ბრძანების ხისტი გადაწყვეტილება 10 დღეში მათი საქონლის განადგურების ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცევის თაობაზე და მიეცეს გონივრული ვადა ეკონომიკის სამინისტროდან შესაბამისობის სერტიფიკატის მიღებამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.

საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.

მომჩივნის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და კონკრეტული ბიუროკრატიულმა პროცედურების გამო, დროულად ვერ მოახდინა საქონლის დეკლარირება. იმის გამო, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაშიც ვერ შეძლო საქონლის გაფორმება, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №6221 ბრძანებით, მისი საქონელი გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება 10 დღეში საქონლის განადგურების ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცევის თაობაზე და მიეცეს გონივრული ვადა ეკონომიკის სამინისტროდან შესაბამისობის სერტიფიკატის მიღებამდე.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ საქონლის დროებით შენახვის ვადაში არ განხორციელებულა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა/რეექსპორტი და ვინაიდან, №---/---- წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში ნაკლოვანებები აღმოფხვრილი არ ყოფილა, მომჩივნის კუთვნილი საქონელი (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9605 ბრძანებით, მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, განეხორციელებინა საქონლის (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაეხადა ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასურ(ებ)ი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დროებითი შენახვის პროცედურაში მოქცეული საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 17 ივლისს მომჩივანის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი , რომელზეც დროებით შენახვის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით. საქონლის დროებით შენახვის ვადაში მომჩივანს არ მოუქცევია საქონელი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში, რაზეც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი შეტყობინებით, საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს ეცნობა დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.მითითებული დოკუმენტი მომჩივანს წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ჩაჰბარდა 1.02.2025 წელს, თუმცა არც შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში, მომჩივანს არ განუხორციელებია სათანადო საბაჟო ფორმალობები.

აღნიშნულის გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №6221 ბრძანება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წერილით გაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. საქონელი ამჟამად განთავსებულია საბაჟო საწყობში .

საბაჟო დეპარტამენტის სადავო ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №9605 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განეხორციელებინა საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაეხადა ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასურ(ებ)ი.ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედების უზრუნველყოფა.

შემოსავლების სამსახურის №9605 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 103(1 „გ“ და „დ“.3);