ბრძანება N 12194

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2025
№ დოკუმენტი 12194
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12194

11 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ ------)

(მის.:--------)

2025 წლის 12 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 მაისის №25076/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 12 მარტის №94541/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი ითხოვს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალი, რომელიც შეტანილ იქნა დამფუძნებლის მიერ 2020 წლის დასაწყისში. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ გაკეთდა შექმნის დღიდან 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით პერიოდის ანალიზი და წარდგენილ იქნა ბუღალტრული ამონაწერები. წარდგენილ იქნა სრულად შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. აცხადებს, რომ საწარმო შეიქმნა 2019 წლის 27 ივნისს, 2019 წელს შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 82 250 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 53 000 ლარი. 2020 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 435 732 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 232 400 ლარი. გაწეული ხარჯის დაფინანსება განხორციელდა საწესდებო კაპიტალში 2020 წლის 24 იანვარს დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხით (200 000 ლარი). აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მოითხოვა ხანდაზმული პერიოდის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელი ეჭვქვეშ აყენებდა მხოლოდ საწყისი საწესდებო კაპიტალის საჭიროებას და არსებობას. გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ უსვამს ხაზს შემმოწმებელი იმ გარემოებას, რომ წარდგენილი ხარჯის „ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები“. აცხადებს, რომ შემოწმებულ პერიოდშიც საკმაოდ დიდი ხარჯი იყო გაწეული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, თუმცა ამ კუთხით არანაირი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემმოწმებელს ასევე არ აქვს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2020 წლის დასაწყისში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა დაბრუნდა მომდევნო 2021 წელს როგორც კი საკმარისი თანხა გააჩნდა საწარმოს სალაროში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 14 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 2 აპრილის №6284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 8 მაისის №25076/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6284 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 მაისის №25076/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. კერძოდ, შპს „------“ (ს/ნ ------) მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის აპრილის თვემდე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტები და კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:,ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან კომპანიის დამფუძნებელზე გაცემული აქვს თანხა შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხის სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სალაროდან გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან კომპანიის დამფუძნებელზე გაცემული აქვს თანხა შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხის სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სალაროდან გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);