გადაწყვეტილება №21974/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21974/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21974/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №028-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33872 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 472 004,63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 291 833
დღგ - 166 643
საშემოსავლო გადასახადი - 125 190
ჯარიმა - 145 917
საურავი - 34 254,63
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით, საწვავის ოდენობების და მისი გამოყენების პროპორციულად, გაანგარიშებულ იქნა დამატებითი დასაბეგრი შემოსავალი. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემები, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ცნობა დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, კერძოდ, შემოსავლებისა და ხარჯების ინფორმაციებზე დაყრდნობით გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №028-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33872 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. შემოწმების მიერ კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ოდენობების და მისი გამოყენების პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა დამატებითი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხის განხილვა მოხდა მომჩივნის დაუსწრებლად. შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. რეალურად დაზუსტებულ საჩივარში (№86025/1/2023 13.12.2023) მკაფიოდ არის მითითებული არგუმენტები, გარემოებები და მოთხოვნები, რის გამოც საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო, მით უფრო იმ პირობებში, როცა საინფორმაციო მეთოდოლოგიურ ჰაბზე (https://infohub.rs.ge/ka) გამოქვეყნებულია გადაწყვეტილებები, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ მსგავს შემთხვევებზე შემოსავლების სამსახურს (მათ შორის აუდიტის დეპარტამენტს) საკითხი გადაწყვეტილი აქვს იმგვარად, როგორც მოთხოვნილი იყო წარდგენილი საჩივრით და საკითხის უფრო მკაცრად გადაწყვეტა შპს ლოქიკარის შემთხვევაში, როცა საკუთრებაში არ ჰყავს არცერთი სატრანსპორტო საშუალება, ცხადია არასამართლიანია. აღნიშნული გადაწყვეტილებებია 16.08.2023 №19629/2/2023 და 19.09.2023 №2297 ბრძანება.
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანას. კერძოდ, ------- (ს/ნ -------). კომპანიას არ ჰყოლია ბალანსზე სატრანსპორტო საშუალებები და მომსახურებას ეწეოდა ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების/მძღოლებისა და მათი სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით. მომსახურების გაწევის პროცესში ქვეკონტრაქტორი მძღოლები გაფრთხილებული იყვნენ, რომ შესყიდულ საწვავზე აუცილებლად მოეთხოვათ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კომპანიის სახელზე. სამწუხაროდ ბუღალტერმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა მიღებული სპეციალური ანგარიშფაქტურების კონტროლი (ამჟამად გარდაცვლილია და არ არსებობს ამ პერიოდზე არანაირი სხვა ინფორმაცია). ჩანს, რომ ყველა საწვავის შესყიდვაზე იწერებოდა ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის იმ საწვავზეც, რომლის გამოყენებაც ქვეკონტრაქტორების მიერ ხდებოდა პირადი მიზნით. შემმოწმებელმა გაიანგარიშა ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის საჭირო საწვავის ოდენობა, ხოლო შესყიდულ საწვავთან სხვაობით გაიანგარიშა ვირტუალური შემოსავალი. კერძოდ, ჩაითვალა, რომ რა პროპორციაც არსებობდა ტენდერის ფარგლებში მიღებულ შემოსავალსა და შესაბამის საწვავის ხარჯს შორის, იგივე პროპორცია იქნებოდა სხვა შემოწმებით „დადგენილ“ შემოსავალსა და გახარჯულ საწვავს შორის.
საგულისხმოა, რომ რაიმე ტიპის გაანგარიშება ან სხვა მტკიცებულება/საფუძველი არ ახლავს საგადასახადო შემოწმების მასალებს. აღნიშნული საკითხი მიუღებელია, რადგან კომპანიას არ ჰქონია არანაირი შემოსავალი, გარდა ტენდერის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა. როცა კომპანია დახურვის პირასაა ალოგიკურია მას განუსაზღვრო ამ მოცულობის ვირტუალური შემოსავალი მყარი დასაბუთების გარეშე. უნდა დაისვას კითხვა, კონკრეტულად რა ტიპის მომსახურების შედეგად შეეძლო კომპანიას ფარულად ამ მოცულობის შემოსავლის მიღება? თუ შემმოწმებელთა ლოგიკას გავყვებით, კომპანიას უნდა გაეწია იმდაგვარი მომსახურება, რასაც ეწეოდა ტენდერის ფარგლებში. ანუ მომსახურება უნდა გაეწია სხვა იურიდიული პირებისათვის, რა შემთხვევაშიც აუცილებლად გამოიწერებოდა ანგარიშფაქტურა და თანხის მიღებაც მაღალი ალბათობით მოხდებოდა საბანკო ანგარიშზე. მსგავსი რამ არ ფიქსირდება. თუ მომსახურების გაწევა ხდებოდა ფიზიკური პირებისთვის, საკითხავია რა ფორმით უნდა მომხდარიყო ამ შემოსავლის მიღება იმ პირობებში, როცა არ ფლობდა სატრანსპორტო საშუალებებს, არ ხდებოდა საქმიანობის რეკლამირება.
მეორეს მხრივ ალბათობა იმისა, რომ კომპანიის სახელზე გაცემული საწვავი სატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს მოეხმარა პირადი მიზნებისათვის, მაღალია. გარდა ამისა შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწვავის შეძენა ფიქსირდება მხოლოდ იმ პერიოდებში (თვეებში), როცა კომპანიას მიღებული აქვს შემოსავლები ტენდერის ფარგლებში, 2021 და 2023 წლებში. თუ კომპანია ახორციელებდა სხვა მომსახურებასაც, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ იმ პერიოდში ფიქსირდება საწვავის შეძენა, როცა ეწეოდა სატენდერო მომსახურებებს, ხოლო 2022 წელს საწვავის შეძენა საერთოდ არ ფიქსირდება. აუდიტორის ლოგიკით ტენდერის დასრულებასთან ერთად კომპანიამ უარი თქვა სხვა ტიპის შემოსავლის წყაროზეც, მაშინ როცა ამ პერიოდში პირიქით, ორიენტირებული უნდა ყოფილიყო სხვა შემოსავლის მიღებაზე, თუკი ნამდვილად არსებობდა მსგავსი შემოსავალი.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულიად დაუსაბუთებელი შემოსავლის შემცირება და დარიცხული თანხების კორექტირება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რადგან მიღებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების შედეგად დადგენილ საწვავის ოდენობას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობის გათვალისწინებით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემები, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ცნობა დებიტორ-კრედიტორების შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გამოვლენილია დაახლოებით 800 ათასი ლარის საწვავის შეძენა. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყო მანძილები, რეისების რაოდენობა და დათვლადი იყო ტენდერებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისთვის საჭირო საწვავის რაოდენობა. გამოიყო ის საწვავის რაოდენობა, რომელიც ტენდერში არ მონაწილეობს, რაც წარმოადგენს დაახლოებით 500 ათასი ლარის ღირებულების საწვავს. აღნიშნულზე მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია კომპანიის დირექტორისგან, რომელმაც წერილობით წარმოადგინა პოზიცია ელექტრონულ ფოსტაზე, რომ აღნიშნული საწვავი გამოყენებულია მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გაწევისთვის. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა მომჩივნის არგუმენტიც, რომ რამდენად შესაძლებელია მძღოლმა საწვავი შეიძინოს ბენზინგასამართ სადგურზე და მიუთითოს, რომ ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს კომპანიის სახელზე. საწვავის მიმწოდებელ კომპანიებთან აღნიშნულის გადამოწმებისას ირკვევა, რომ კომპანიამ უნდა გააფორმოს ხელშეკრულება საწვავის მიმწოდებელთან, შემდეგ ხდება საჭირო საწვავის მოცულობაზე ინვოისის გაგზავნა, ინვოისის შესაბამისად ხდება ანაზღაურება, გამოიწერება ანგარიშფაქტურა და დადასტურების შემდეგ ირიცხება ბარათზე და ამ ბარათის გამოყენებით შეიძლება საწვავის ჩასხმა. აღნიშნული პროცედურა გადამოწმებულია უშუალოდ მომჩივნისთვის საწვავის მომწოდებელთანაც და აღნიშნულ მეთოდს ადასტურებენ საწვავის სხვა მიმწოდებელი კომპანიებიც. სატელეფონო კომუნიკაციის დროს მომჩივნისთვის საწვავის მიმწოდებელმა კომპანიებმაც დაადასტურეს ხელშეკრულების და საწვავის საბარათე სისტემით გაცემის არსებობა. ინფორმაცია გადამოწმებულია დიდი რაოდენობით საწვავის მომწოდებელთან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის დირექტორი წერილობით ადასტურებს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილ საწვავს იყენებდა კომპანია ეკონომიკურ საქმიანობაში, გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, კომპანიას მიღებული/დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები და მათ საფუძველზე კომპანიას განხორციელებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №028-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33872 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;