გადაწყვეტილება №22118/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
10 აპრილი 2024
№22118/2/2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22118/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №001-274 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №246 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 950 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 51 887
დღგ - 46 416
საშემოსავლო გადასახადი - 5 471
ჯარიმა - 25 919
საურავი - 8 144
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით და ტექნიკით. გადასახადის გადამხდელი საქმიანობს ქ. ----ში მდებარე იჯარით აღებულ ფართში, ხოლო ფართის ნაწილი გაცემულია ქვეიჯარით. საწარმოს მიერ საქონლის როგორც შეძენა, ასევე რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18367 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, რომელიც შეადგენს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 20%-ს. წერილობით მიწოდებულია ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთების და დოკუმენტური ფასნამატის შესახებ. მომჩივნის განმარტებით, ფასნამატი შეადგენს 10-15%- ს. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №18810 ბრძანებით, კომპანიის ფაქტიურ მისამართზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით აღრიცხული სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 107 184 ლარი საბაზრო ფასით (არ არის დაფიქსირებული პირვანდელი ღირებულება).
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სმფების ინვენტარიზაციის მასალებზე მიწერილი შეძენის დოკუმენტის მონაცემები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. ამასთან, მხოლოდ მცირე დასახელების საქონლის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასნამატის დადგენის მიზნით, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმების მიერ გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი კონკრეტულ საქონელზე, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის და სარეალიზაციო ფასების შეპირისპირებით, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 30%. შემოწმების მიერ გამოყენებული ზემოაღნიშნული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც პერიოდებზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობა შემდეგნაირად: რეალიზაციის თანხას დაემატა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები და გამოაკლდა სხვადასხვა დოკუმენტური ხარჯი. საწარმოს მიერ წერილობით მიწოდებულია ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთების დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომელიც ასევე გამოთხოვილი იქნა მესამე პირებისგან. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №17957 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 215 ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე და 103-ე მუხლების, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით), ფულის მოძრაობის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი - 27 355 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30674 ბრძანება და №001-274 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 950 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №246 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები შეადგენდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 20%-ს, ამასთან, მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი არის ის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმისთვის რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, იმიტომ რომ იგი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონით დადგენილი წესით, მოითხოვს მეტ დასაბუთებას. გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას და მარტოოდენ საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებელი (ასეთი დასაბუთება არ მოიძებნება აქტში) მოსაზრება ვერ გახდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა, რადგან არ გამოვლენილა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელიმე ქვეპუნქტით დადგენილი სხვა დარღვევა.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 51-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზედაპირულად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემისას აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიყენა კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინა და შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და ითხოვს საკითხი შესწავლილ იქნას გადასახადის გადამხდელთან ერთად. მომჩივანი მზად არის წარმოადგინოს მის მიერ წარდგენილი დეკლარაციების ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბაზასა და საზოგადოების მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზებს შორის, თვეების მიხედვით, არის არაარსებითი აცდენები, თანხა გაიზარდა მხოლოდ იმის გამო, რომ შესამოწმებელი პერიოდი არის დიდი - 43 თვე. ამ რაოდენობის თვეებში მცირეოდენმა აცდენამაც გამოიწვია ასეთი დიდი განსხვავება. დეკლარირებულსა და რევიზიის აქტით განსაზღვრულს შორის განსხვავებები შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალ გარემოებას, ისეთებს როგორიცაა დანაკარგები, წუნი და სხვა. ეს გარემოებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ ყოფილა შესწავლილი და ბუნებრივია, ვერც იქნებოდა გათვალისწინებული. განსხვავებული ბაზა სხვადასხვა გადასახადის მიზნებისთვის - ე.წ. აგროსილი თანხა დღგ-ის მიზნებისათვის, საგადასახდო ორგანომ, არაპირდაპირი მეთოდით (რომელსაც არ ეთანხმებიან) განსაზღვრა ვირტუალური თანხა, რომლიდანაც საზოგადოება დაიბეგრა დღგ-ით.
გადამხდელის პოზიცია საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან გადასახადის გადამხდელის მიმართ არასწორად არის საკითხი განხილული. წუნისა და სხვა მრავალი არსებითი ხასიათი გარემოებები; არ გაურკვევია დანაკარგების ოდენობები კლიენტის მიერ პროდუქციის დაწუნების შემთხვევებში; არ შეუდარებია სხვა ანალოგიური ობიექტი (ყოველ შემთხვევაში, ასეთი მინიშნებაც კი არ არის აქტში). მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ეს მუხლი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას. ხსენებული ნორმით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. სრულიად დაუსაბუთებლად, საგადასახადო ორგანომ გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ანუ გაზარდა რეალიზაციიდან ამონაგები თანხა დღგ-ის მიზნებისათვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა კიდევ 20%-ით გაზარდა!!!!.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხის აგროსვა იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად, არის ინერციით განხორციელებული დარიცხვა. თანხა რომ განაწილდეს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირს შორის, ის ჯერ უნდა არსებობდეს. საკმაოდ საეჭვო გაანგარიშებებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ „დაადგინა“, რომ საზოგადოებას მიღებული აქვს აგენტის ფუნქციის სახით: - პროცენტიან ან უპროცენტო სესხად; - დივიდენდად; - ხელფასად. მაგრამ როდესაც საგადასახადო ორგანო იწყებს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხის აგროსვის გამო კიდევ 20%-ით გაზრდილი თანხის განაწილებას, ეწინააღმდეგება საკუთარ გაანგარიშებებსაც კი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი თანხის კიდევ 20%-ით გაზრდა სცილდება ყოველგვარ ლოგიკას, საღ აზრს და მოქმედ კანონმდებლობას. დავუშვათ, რომ საზოგადოებამ მიიღო ნამეტი შემოსავალი, საიდან უნდა მოიტანოს საზოგადოებამ კიდევ ამდენით ნამეტი ლარი?! აღარაფერს ამბობენ ამ გაურკვეველ თანხებზე დაკისრებულ ჯარიმა-საურავზე!!! დარიცხული საურავის შესახებ საბჭოს მოეხსენება საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 1 იანვრიდან შესული ცვლილებების შესახებ (27.12.2018. №4225-რს). საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 1 იანვრიდან შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №007-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, დარიცხული საურავის და ჯარიმის ნაწილში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა“. „საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის“ (მუხლი 272).
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. საგადასახადო დავა არ დასრულებულა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 215 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ ფულის ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მომჩივნის მიერ მიწოდებული შესამოწმებელი პერიოდის საწყისი/საბოლოო ნაშთების, დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც განსაზღვრული ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასად. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი საუბრობს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №007-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაზე, თუმცა აღნიშნული აქტი კომპანიის მიმართ არ არის გამოცემული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30674 ბრძანება და №001-274 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 950 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №246 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5 ,9); 101;154.