ბრძანება N 13433
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13433
25 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის. ქ. თბილისი, N --)
2025 წლის 8 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 და 29 მაისის სხდომებზე (ოქმი N 42 და N 44) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 95600/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად დოკუმენტით და ამას ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი, როდესაც აღნიშნავს, რომ 90% საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა გამოყენებულიყო და თუ ასეთი მეთოდის გამოყენება უნდა განხორციელებულიყო, ეს უნდა შეხებოდა მხოლოდ დარჩენილ 10 %-ს (საცალო რეალიზაციას). შესამოწმებელ პერიოდში არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისათვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. ობიექტზე შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, გაუგებარია შემოსავლისა და დღგ-ის ბრუნვის დაუსაბუთებელი ზრდა. მიუთითებს, რომ მისთვის გაურკვეველია აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი. ყველაზე მარტივი და დასაბუთებული ნაბიჯი იქნებოდა გადამხდელის ობიექტზე ინვენტარიზაციის ჩატარება და გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განსაზღვრა, რომელიც მისცემდა რეალურ მტკიცებულებას აუდიტის დეპარტამენტს დასაბეგრი ობიექტის დაზუსტების შესახებ. შესწავლას საჭიროებს ასევე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რომელიც აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს მკვეთრად განსხვავებული რეალურ ფასნამატთან შედარებით. საქონლის მიწოდებას ახორციელებს საშუალოდ 20%-დან 30%-მდე ფასნამატით, მაშინ, როდესაც აუდიტის დეპარტამენტს 2022 წელს დადგენილი აქვს 37,86%, 2023 წლისთვის 46,9% და 2024 წელს 55,93% ფასნამატი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 701 389 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო საცალო რეალიზაცია ამავე პერიოდში შეადგენს დაახლოებით 92 000 ლარს. მიუთითებს, რომ ყველა იმპორტირებული საქონელი, როგორც თვითღირებულების, ისე რეალიზაციის ნაწილში არის დათვლადი და მასზე საერთოდ ფასნამატის დადგენა ადვილად შესაძლებელია, შესაბამისად, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე „ნებისმიერი ცდომილების დადგენა“ ადვილია.
აღნიშნული, არასწორი გაანგარიშების შედეგად, მოხდა შემოსავლის დაუსაბუთებელი ზრდა. რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ ვირტუალური ამონაგები თანხა განხილულია საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან საჩივარში მიუთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია უცნაურად, ვინაიდან 2025 წლის 15 აპრილის N 001- 53 საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა მითითებულია, როგორც „გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა“.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის N 2235 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 15 აპრილს გამოსცა N 7145 ბრძანება და N 001-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 98 960 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 943 ლარი, ჯარიმა 29 010 ლარი და საურავი 8 006 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლის: გენერატორები, ძრავები, კომპრესორები, ტუმბო, და ა.შ. იმპორტი და საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, თურქეთიდან. უფიქსირდება მხოლოდ 1 ადგილობრივ ბაზარზე 1 725 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) შეძენა. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში მდებარე ქ. თბილისი, ----- . გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცნობა ბანკებიდან ანგარიშების შესახებ, შესაბამისი ანგარიშებიდან ამონაწერები. საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არ აქვს ჩანაწერები ექსელის ცხრილების სახით მიღებული/რეალიზებული საქონლის შესახებ, არ აქვს ნაწარმოები საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი აღრიცხვა. არ ფლობს ინფორმაციას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის. წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შესახებ ინფორმაცია (შესამოწმებელი პერიოდს ბოლოსათვის 31.12.2024-ისთვის). წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით არასწორად აქვს აღრიცხული შესყიდული საქონლის თვითღირებულება. საქონელი არ აქვს ჩაშლილი დეტალურად სახეობების მიხედვით (საბაჟო დეკლარაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული დასახელებების მიხედვით). გადამხდელს არ აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონელი სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. წარმოდგენილი ჩანაწერები ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, აღნიშნულის გამო შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არარსებობის შესახებ 31.12.2024-წლის მდგომარეობით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის-88.47%-ს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, 2022-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით, სულ 12 ჯგუფი. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელებულ იქნა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. შემოწმებით გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 43.94%-ს, (მათ შორის 2022 წელს - 37.86%, 2023 წელს - 46.90%, 2024 წელს - 55.93%). შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში შესყიდულია 627 243 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს - 86 452 ლარს. საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნაშთი - 56 185 ლარს. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 657 510 ლარს. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, შედეგად გაიზარდა 2022-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
. შპს „-----“ (ს/ნ -----) დამფუძნებელი და დირექტორია ----- (პ/ნ -----). პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ფულადი შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს "-----" (ს/ნ -----) სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა ჩატარებულია 2025 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით. საწარმოს სალაროში (მდებარე, ქ. თბილისი, -----), ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხება. არის ნული ლარი. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 7 028 ლარი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში ხელფასის გაცემა არ უფიქსირდება. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი 135 961 ლარის ოდენობით (დარიცხული 169 951 ლარი დღგ-ის ჩათვლით), დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო, ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არ აქვს ჩანაწერები ექსელის ცხრილების სახით მიღებული/რეალიზებული საქონლის შესახებ, არ აქვს ნაწარმოები საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი აღრიცხვა. არ ფლობს ინფორმაციას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის. წარმოდგენილი აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შესახებ ინფორმაცია (შესამოწმებელი პერიოდს ბოლოსათვის 31.12.2024-ისთვის). აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით არასწორად აქვს აღრიცხული შესყიდული საქონლის თვითღირებულება. საქონელი არ აქვს ჩაშლილი დეტალურად სახეობების მიხედვით (საბაჟო დეკლარაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული დასახელებების მიხედვით). გადამხდელს არ აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონელი სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. წარმოდგენილი ჩანაწერები ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, აღნიშნულის გამო შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არარსებობის შესახებ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 88.47%-ს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, 2022-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით, სულ 12 ჯგუფი. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელებულ იქნა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. შემოწმებით გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 43.94%-ს, (მათ შორის 2022 წელს - 37.86%, 2023 წელს - 46.90%, 2024 წელს - 55.93%). აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2022-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი, დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ საქონლის მიწოდებას ახორციელებს საშუალოდ 20%-დან 30%-მდე ფასნამატით, მაშინ, როდესაც აუდიტის დეპარტამენტს 2022 წელს დადგენილი აქვს 37,86%, 2023 წლისთვის 46,9% და 2024 წელს 55,93% ფასნამატი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკურ უზუსტობაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური შეცდომის შედეგად, საშემოსავლო გადასახადი განსაზღვრულია, როგორც „გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა“. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლის: გენერატორები, ძრავები, კომპრესორები, ტუმბო, და ა.შ. იმპორტი და საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
სადავო საკითხი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით საჭიროებს დამატებით შესწავლას, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73;