გადაწყვეტილება №26247/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26247/2/2025
17 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26247/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.10.2025 წლის №EL296815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24820 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
23.09.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით №---- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოტანილია ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილი საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №----- (23.09.2025წ.) აღრიცხვის მოწმობა.
აღნიშნული საქონელი საბაჟო საწყობში გამოცხადდა 23.09.2025 წელს 23:58 საათზე, თუმცა მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა 24.09.2025 წელს 00:03 საათზე.
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, რაზეც 1.10.2025 წლის №EL296815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.11.2025 წლის №24820 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, ჩადენილი განმეორებით. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (განმეორებით) დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) ჩადენის ფაქტები წარსულშიც უფიქსირდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
23.09.2025 წელს საბაჟო საწყობის ჭიშკართან 23:56 საათზე, №69002/D61524 საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, გამოცხადდა საბაჟო კონტროლს (ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ----, კონტეინერი ----) დაქვემდებარებული საქონელი. საბაჟო საწყობის ჭიშკართან მდგარ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო საწყობის ოპერატორის მიერ, განხორციელდა კონტროლს დაქვემდებარებული კონტეინერის დათვალიერება. კონტეინერზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმება, საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ 23:57 საათზე ოპერატორი შედის ადმინისტრაციულ შენობაში და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ახდენს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სრული და საჭირო ინფორმაციის ატვირთვას, როგორიცაა მოწმობის D-ნომერი, საბაჟო საწყობის კოდი, სადაზღვევო ბარათი, საბანკო ბარათის ნომერი. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის სრულყოფილად შეყვანის შემდეგ (სავარაუდო დასრულების დრო 00:00 საათი), 24.09.2025 წლის 00:03 საათზე ოპერატორმა განახორციელა აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულად გამოცხადება, რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დროის ამ მცირე მონაკვეთში, 23.09.2025 წლის 23:58 საათიდან, როცა მეორე დღის დაწყებამდე დარჩენილია ორი წუთი, ფიზიკურად შეუძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის სრულყოფილად ატვირთვა და შემდეგ აღრიცხვის მოწმობის 23.09.2025 წლის 24 საათამდე ელექტრონულად დადასტურება.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 53-ე მუხლის ნე-5 ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე და განმარტავს, რომ სწორედ ბრალი არის ადმინისტრაციული გადაცდომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც კომპანიის მიერ ჩადენილი რაიმე სახის ბრალეულობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის გადაწყვეტისას გულისხმიერების გამოჩენას, იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შედეგად სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბერის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, დროის მცირე მონაკვეთში, 23.09.2025 წლის 23:58 საათიდან, როცა მეორე დღის დაწყებამდე დარჩენილი იყო ორი წუთი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის (მოწმობის D-ნომერი, საბაჟო საწყობის კოდი, სადაზღვევო ბარათი, საბანკო ბარათის ნომერი) სრულყოფილად ატვირთვა და შემდეგ აღრიცხვის მოწმობის 23.09.2025 წლის 24 საათამდე ელექტრონულად დადასტურება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც კომპანიის მიერ ჩადენილი რაიმე სახის ბრალეულობა.
23.09.2025 წელს, ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილი საქონლის, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოტანისას სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №----- (23.09.2025წ.) აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული საქონელი საბაჟო საწყობში გამოცხადდა 23.09.2025 წელს 23:58 საათზე, თუმცა მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა 24.09.2025 წელს 00:03 საათზე
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით), კომპანიას მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში, რომლის აღმოფხვრაც არ იყო დამოკიდებული სამართალდამრღვევზე და რომელთან მიმართებაშიც, სამართლიანი შეფასების პირობებში ობიექტურად გამოირიცხება მისი განზრახვის (ნებელობის) არსებობა. სამართალდარღვევის განზრახ განხორციელების შემთხვევაში, უნდა ვლინდებოდეს შესაბამისი ინტერესი, საფუძველი, რომლის არსებობაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 1.10.2025 წლის №EL296815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოება
კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით), კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (11).