გადაწყვეტილება №20298/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20298/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20298/2/2023).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №005-37 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15188 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 271 581 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 868
მოგების გადასახადი - 76 189
საშემოსავლო გადასახადი - 62 679
ჯარიმა - 69 434
საურავი - 63 279
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სამედიცინო მომსახურება (ოფთალმოლოგია, სტომატოლოგია). შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29259 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, რომლის მონაცემებით, შემოწმების დასაწყისიდან დასრულებამდე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მოთხოვნა --- საწარმოსთან (---) 431 742 ლარი. დირექტორის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით --- საწარმოს მხრიდან წარმოდგენილია 2022 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს „---ის“ მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 175 000 აშშ დოლარი (ჩარიცხვის დღისთვის აღნიშნული წარმოადგენს 431 742 ლარს), მაგრამ ქარხანაში არსებული პრობლემების გამო ვერ განხორციელდა საქონლის მიწოდება და აცხადებენ, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში კიდევ ვერ მიაწვდიან, თანხას უკან დააბრუნებენ. მოცემულ წერილში არ არის მითითებული თუ რისთვის იქნა ეს თანხა მიღებული. მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, გადარიცხვა განხორციელებულია 2018 წლის 26 თებერვალს და გადარიცხვის საფუძველში მითითებულია, გრანიტის შესაძენად გადახდილი საფასური. შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადარიცხვისთვის ბანკიდან აღებულია სესხი 200 000 აშშ დოლარი. ამასთან, მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ წარუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნდოვანია გადარიცხვის მიზნობრიობა, გადარიცხვიდან გასულია 5 წელი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შეცვლილი იქნა ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საბაზრო საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა სესხის მიმღები პირის სარგებლად.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7479 ბრძანება და №005-37 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 271 581 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ივნისის №15188 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15188 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 97-ე, 982 , მე-4, 101-ე, 154- ე, 43-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. წარდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ 2018 წელს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხა წარმოადგენს პროდუქციის შესაძენად გადახდილ თანხას, რაზეც შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს თანხა გადარიცხული აქვს 2018 წელს, რომელიც არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს (ხანდაზმული პერიოდია).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმებით გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხა საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია 2018 წელს, აღნიშნული საფუძვლით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე, მოგების გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლის 26 თებერვალს ნამდვილად გადარიცხულია 175 000 დოლარი --- კომპანიასთან. აუდიტორის მიერ ფაქტობრივ გარემოებებში ყურადღება გამახვილებულია გადარიცხვის საფუძველში დაფიქსირებულ სახელწოდებაზე და ფაქტობრივ გარემოებაში ვკითხულობთ, რომ გადახდილია გრანიტის ღირებულება. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ გრანიტის ღირებულებას. გადარიცხვის საფუძველში ნამდვილად მითითებულია „cost of granit”. აღნიშნული გადარიცხვის საფუძველს წარმოადგენს ინვოისი №88. აღნიშნული ინვოისის მიხედვით, სულ უნდა განხორციელდეს 9 დასახელების პროდუქციის მოწოდება. ვინაიდან ინვოისში პირველ პროდუქციად დასახელებულია გრანიტი, ბუღალტრის მიერ გადარიცხვის საფუძველშიც მითითებულია გრანიტის ღირებულება, მაშინ როდესაც შპს „---ს“ აღნიშნულ --- კომპანიასთან ამ ინვოისის გარდა სხვა შეძენა არ უფიქსირდება, გადარიცხულია ზუსტად ინვოისში დაფიქსირებული თანხა და დანიშნულებაში მითითებულია ინვოისში დაფიქსირებული ერთერთი პროდუქცია. ეს ნამდვილად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ გრანიტის ღირებულებას არ წარმოადგენს გადარიცხული 175 000 დოლარი. ამასთან, წარმოადგენს --- მხარესთან მიმოწერის დამადასტურებელ ინფორმაციას, სადაც ნათლად ჩანს, რომ მიმდინარეობს განხილვა მოსაწოდებელი პროდუქციის მახასიათებლების შესახებ, მოწოდების დროსა და პირობების შესახებ. ვინც კი გაეცნობა აღნიშნულ ინფორმაციას, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ აქ მხოლოდ საუბარი არ არის გრანიტთან დაკავშირებით. ასევე, შემმოწმებლების მიერ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულია, რომ მხოლოდ დირექტორის ზეპირსიტყვიერი განმარტებით იქნა დადასტურებული --- მხარიდან წერილის არსებობის შესახებ და ასევე მითითებულია, რომ წერილში არ არის ასახული ინფორმაცია თუ რა მიზნობრიობით იქნა გადარიცხული აღნიშნული თანხა. ასევე, ფაქტობრივ გარემოებებში ვკითხულობთ, რომ შემმოწმებლების მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, ხოლო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან არ იქნა მიწოდებული. შემმოწმებლების მხრიდან ნამდვილად იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია --- კომპანიიდან აღნიშნული ოპერაციის შესახებ. საწარმოს დირექტორის მიერ მოხდა აღნიშნული წერილის გამოთხოვა --- მხარიდან და წარუდგინა შემმოწმებლებს. შემმოწმებლების მხრიდან წერილის შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით არ ყოფილა არანაირი მითითება, მხოლოდ მოთხოვნილი იქნა ნოტარიულად და აპოსტილით დამოწმებული თარგმანი. კომპანიის წარმომადგენლის მიერ მომზადებული და წარდგენილი იქნა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია შემმოწმებლებისთვის, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული და ინფორმაციის წარდგენის დღესვე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე გაგზავნილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, არცერთი მიმოწერა ან წერილი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს აუდიტორების მიერ რაიმე დამატებით დოკუმენტაციის მოთხოვნას. გამყიდველის ხელმძღვანელობის წერილობით და სატელეფონო განმარტებით სამედიცინო დანადგარი უახლოეს დღეებში, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ჩამოვა საქართველოში. წარმოადგენს ასევე --- მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს მათი მხრიდან ექსპერტების საქართველოში მივლინება. აღნიშნული ექსპერტების მიერ ადგილზე შესწავლილ იქნა მდგომარეობა და მათი დასკვნის საფუძველზე გაფორმებულია ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოადგენს --- კომპანიის მიერ გამოწერილ ინვოისს, გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს, --- მხარის მიერ წარმოდგენილ წერილს, აღნიშნული წერილის ნოტარიულად და აპოსტილით დამოწმებულ ვერსიას, --- მხარესთან მიმოწერას, ასევე სხდომაზე მომჩივნის მხრიდან განმარტებული იქნება რამდენიმე დეტალი. უცნობია კიდევ რა ინფორმაცია არის საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნული ოპერაცია არ იწვევდეს ბუნდოვანებას და არ იქნას განხილული დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე მხოლოდ ძირითადი გადასახადის სახით არ დაერიცხოს 61 237 ლარი და ჯარიმა 30 618 ლარი, რომელსაც კიდევ ერიცხება საურავი. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებაა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ვინაიდან ბუნდოვანია გადარიცხვის მიზნობრიობა და გადარიცხვიდან გასულია 5 წელი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7479 ბრძანება და №005-37 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 271 581 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ივნისის №15188 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15188 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (4, 9); 101; 154. 97; 982.