ბრძანება N 15419

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 15419
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15419

09 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 12 ივნისის საჩივრის თაობაზე

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2026 წლის 24 მარტის №011-7584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, 2026 წლის 29 მაისის №------ ბრძანებას (№----- საგადასახადო მოთხოვნა), პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ გადასახადსა და საურავს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ სარეალიზაციო პროდუქციის (ალკოჰოლური სასმელი) პირველი პარტიის შემოტანა 2024 წლის დეკემბერში განახორციელა. ამავე პერიოდში შეიძინა აქციზური მარკებიც. ვინაიდან 6 თვის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკების შემოსავლების სამსახურისთვის უკან დაბრუნება, წარმოეშვა ვალდებულება აქციზის დეკლარაციის წარდგენის და საგადასახადო ვალდებულების. აქციზის გადასახადი, მომჩივნის განმარტებით, სრულად არის გადახდილი, თუმცა აქციზის დეკლარაციის 6 თვის ვადაში წარდგენის ვალდებულების შესახებ კომპანიისთვის არ იყო ცნობილი და არც შემოსავლების სამსახურისგან მიუღია შესაბამისი შეტყობინება. მომჩივანი აღიარებს დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს სრულყოფილ და ინდივიდუალურ შეფასებას, ვინაიდან დარღვევა არ ყოფილა განპირობებული გადასახადის დამალვის და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების განზრახვით. დარღვევა კომპანიამ თავად აღმოაჩინა და საკუთარი ინიციატივით განახორციელა აქციზის დეკლარაციის წარდგენა. მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება კი უკავშირდება ამავე აქციზის დეკლარაციას, რაც წარმოადგენს მძიმე ფინანსურ ტვირთს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის პირველ შემთხვევასა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს შემოსავლების სამსახურის №9021 ბრძანების საფუძველზე სადავო აქტებით დარიცხული თანხების, საგადასახადო ვალდებულების და საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 24 მარტის №----

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან, 2026 წლის 29 მაისის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ბრძანებასთან და 2026 წლის 29 მაისის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ დაგვიანებით, 2026 წლის 24 მარტს, წარმოდგენილ იქნა 2025 წლის ივნისის აქციზის გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე 2026 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 9 ლარის ოდენობით.

გადამხდელმა 2026 წლის 21 მაისს წარმოადგინა 2025 წლის ივნისის აქციზის გადასახადის შესწორებული დეკლარაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით 73786 ლარი, რაზედაც მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 29 მაისს გამოცემულ იქნა ბრძანება №---- (№----- საგადასახადო მოთხოვნა) და ფინანსური სანქციის სახით პირს დამატებით განესაზღვრა ჯარიმა თანხით 7369.6 ლარი.

პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ საურავთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ 2026 წლის 21 მაისს წარმოდგენილ იქნა 2025 წლის ივნისის აქციზის გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია (წარდგენის ვადა 15.07.2025წ.), რომლის მიხედვით გადასახდელად დარიცხულია 73696 ლარი. დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენამდე, შედარების აქტის მიხედვით, გადამხდელს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 216 ლარი. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით (21.05.2026წ.) გადაანგარიშებით დარიცხულმა საურავმა შეადგინა 10874.73 ლარი. ამასთან, აღდგა დაფარული საურავი 5.37 ლარი. 2026 წლის 21 მაისის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა: გადასახადი 71465.63 ლარი, ჯარიმა 2009 ლარი, საურავი 10 880.10 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2026 წლის 26 ივნისის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: საურავი 4.15 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 7 378.91 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2026 წლის 29 მაისის №---- ბრძანების (№----- საგადასახადო მოთხოვნა) ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო ბრძანებასთან (მოთხოვნასთან) დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:

ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;

გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 2026 წლის 29 მაისის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ბრძანების (2026 წლის 29 მაისის №--- საგადასახადო მოთხოვნა) ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებით (საგადასახადო მოთხოვნით) დარიცხული ჯარიმისგან.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საურავის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაანგარიშებით დარიცხული საურავი მართლზომიერია. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ამ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №011-7584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2026 წლის 24 მარტის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 24 მარტს.

შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 12 ივნისს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. კერძოდ, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №---- ბრძანების (№---- საგადასახადო მოთხოვნა) ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-----“ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №---- ბრძანებით (№----- საგადასახადო მოთხოვნა) დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან;

3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ გადასახადსა და საურავს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილ იქნა აქციზის გადასახადის პირველადი დეკლარაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე პირს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა. შემდგომ პერიოდში, მომჩივანმა წარადგინა ამავე საანგარიშო პერიოდის შესწორებული დეკლარაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ გამოსცა ბრძანება და პირს დამატებით დააკისრა ფინანსური სანქცია.

 

გადაწყვეტილება

დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:191(1);182;274;272