ბრძანება N 3951

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 3951
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3951

20 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2026 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმები №11) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №100235/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №007-401 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში აღრიცხვიანობის ერთადერთ ხარვეზად მითითებულია თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად, რაც არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს. ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით, როგორც შემოსავლის მიღების კუთხით, ასევე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით ჩამოწერის თვალსაზრისით. სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია რეალიზებული საქონლის უნიკალური კოდები ბუღალტრული პროგრამიდან, რითაც შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და თვითღირებულების განსაზღვრა. ფასნამატი რეალურად 31%-ს შეადგენს, როდესაც აქტში დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 51%-ია დაფიქსირებული. შემოწმების მიერ არ მოხდა ბუღალტრულ პროგრამაში არსებული მონაცემების შესწავლა და მათი სისწორის შემოწმება. საქონლის თვითღირებულების გააანგარიშების ცხრილი პრინციპული ცდომილებითაა შედგენილი, რადგან არ ითვალისწინებს მომწოდებლისათვის ავანსად გადახდილ თანხებს და იმპორტის ოპერაციის განხორციელებისას არსებული კურისის საფუძველზე განსაზღვრავს საინვოისო ღირებულებას. მისთვის უცნობია როგორ მოხდა ამ თვითღირებულებების შესაბამება დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან და 51%-ის დადგენა. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი 35%-ს შეადეგნს, რაც შეესაბამება დეკლარირებულ საშუალო ფასნამატს და მნიშვნელოვნად განსხვავდება საცალო რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლების განსასაზღვრად გამოყენებული 60%-საგან.

2. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას არ არის გათვლისწინებული გამოსაქვითი ხარჯი - გადახდილი კომუნალური გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან და დადასტურებულია დოკუმენტურად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13395 და 5 დეკემბრის №26828 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №28514 ბრძანება და №007-401 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 130 363 ლარი, მათ შორის, გადასახადი 79 204 ლარი, ჯარიმა 26 223 ლარი და საურავი 24 937 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 15 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2011 წლის 16 მაისს (კვალიფიციური). საქმიანობის სფეროა ჭაღების, ბრების, სანათების და მსგავსი საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. მეწარმეს არ ჰყავს დაქირავებული პირები და საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში სავაჭრო ცენტრ ,,-------“ ტერიტორიაზე. შემოწმების პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის (არ იქნა დროულად მოწოდებული ინფორმაცია ------- საბანკო ანგარიშებისა და მათი ამონაწერების შესახებ) 2025 წლის 11 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189294. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად პროგრამულად გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №18238 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ,,ორისი“ და ასევე ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ საცალო რეალიზაცია ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შემოსავალში მცირეა, ფასნამატი მერყეობს 51%-მდე. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით (საცალო 60 %). გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის ვლინდება სხვაობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად და შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, თვითღირებულების განსაზღვრისას საქონლის შეძენის კურსის განსხვავებული თარიღით აღებასთან დაკავშირებით და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის - გადახდილი კომუნალური გადასახადის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, შეუძლებელია დადგინდეს, რომელი კონკრეტული თარიღის გადარიცხვა არის ავანსი, მიმდინარე პერიოდის საქონლის შეძენა თუ დავალიანების დაფარვა. აღნიშნული ინფორმაცია გადარიცხვის არც ერთ დანიშნულებაში არ არის მითითებული, ასევე არ არის მითითებული არც ინვოისის ნომერი და თანხაც არ ემთხვევა იმპორტის დეკლარაციაში მითითებული თანხის ოდენობას. შემოწმების პროცესში კი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა გამოსაქვითი ხარჯია გათვალისწინებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, გაანგარიშებულ ფასნამატი და საგადასახადო ვალდებულებები.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯის გათვლისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად და შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შემოწმების მიერ ასევე შესწავლილი იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(5); 102; 105; 159