ბრძანება N 25356
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25356
19 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის პირველი სექტემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის და 6 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები: №90, №92) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის პირველი სექტემბრის №136986/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 აგვისტოს №002-113 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს ინფორმაციას დარიცხვის კანონიერებასა და დარიცხული თანხების ოდენობის სისწორეზე, ასევე არ ჩანს თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო შემოწმება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №14461 და 25 ივლისის №16693 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შპს „---“ (ს/ნ ---) 2023 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული საიჯარო მომსახურების საფუძველზე მიღებული/მისაღები შემოსავლების დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებში ასახვისა და 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 აგვისტოს №17471 ბრძანება და ამავე თარიღის №002-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 189 884 ლარი, მათ შორის გადასახადი 116 287 ლარი, ჯარიმა 58 143 ლარი და საურავი 15 453 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა გაქირავება. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში შპს „---ს“ (ს/ნ ---) შპს „---თვის“ გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარირებული თანხების გაანგარიშება. იმის გათვალისწინებით რომ, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი საიჯარო შემოსავალი 288 862 ლარის ოდენობით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდებოდა გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 30 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 6 ნოემბერს 13:45 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს შპს „---თვის“ გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა შემოწმების მიერ დადგენილ იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდებოდა გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და შემოწმების მიერ დადგენილი საიჯარო შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის ბუღალტრის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა შპს „---თან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომელში ასახული ინფორმაციაც სრული სიზუსტით ემთხვევა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. აგრეთვე, კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა იჯარით გაცემული ფართი, სადაც შპს „---“ საქმიანობდა, შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნულ მისამართზე ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება. ასევე, შპს „---ს“ არ ჰქონდა მითითებული მისამართი, სადაც ინახებოდა კომპანიაში არსებული ნაღდი ფული და არც საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები წარმოუდგენია შემოწმებისათვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული იჯარის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა გაქირავება. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში მომჩივანს გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარირებული თანხების გაანგარიშება. იმის გათვალისწინებით რომ, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი საიჯარო შემოსავალი 288 862 ლარის ოდენობით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდებოდა გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1, ბ); 163 (1,2); 164 (1); 73 (4;9); 101 (1); 154 (1).