ბრძანება N 4395

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2023
№ დოკუმენტი 4395
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4395

07.03.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 15 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №74719/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 აგვისტოს №041-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახდის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ინვენტარიზაციის შედეგად, ნათლად იქნა განსაზღვრული სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულება. ასევე, კომპანიის მიერ ბუღალტრული ჩანაწერებით და წარდგენილი ინფორმაციით მითითებულ იქნა შემმოწმებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. არ ეთანხმება ფასნამატის განსაზღვრის წესს, კერძოდ მიუთითებს, რომ შემოწმებას ფასნამატი უნდა განესაზღვრა საბაზრო ფასისა და დოკუმენტურად დადასტურებული თვითღირებულების შეპირისპირებით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 მარტის №5797 და 11 აგვისტოს №21368 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 9 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 25 აგვისტოს №22218 ბრძანება და ამავე თარიღის №041-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 637 725 ლარი, მათ შორის: გადასახადი 358 999 ლარი, ჯარიმა 176 221 ლარი, საურავი 102 504 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ჭურჭლითა და წვრილი, საოჯახო ელექტროტექნიკით ვაჭრობა ---------- ტერიტორიაზე. მეწარმეს საქონელი შემოაქვს იმპორტით ---------- დან. ასევე, უფიქსირდება მცირე რაოდენობით ადგილობრივი შეძენებიც. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გარდა საბაჟო დოკუმენტაციისა. მეწარმის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დეკლარირებულია 35% - 40%-ის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვა და მეწარმის ერთობლივი შემოსავალი) განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, შეძენილი და რეალიზებული საქონელი, ასევე მათი საწყისი და საბოლოო ნაშთები დაიყო ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად - გამოიყო 2 ჯგუფი ჭურჭლის და წვრილი ელექტროტექნიკის, საქონლის შეძენის წილობრივი მონაცემების მიხედვით. პროპორციით დაიყო ასევე საბოლოო ნაშთი, კერძოდ ჭურჭლის წილი 89 %-ია, ხოლო წვრილი ელექტროტექნიკის -11%. თითოეულ სასაქონლო ჯგუფზე დადგინდა შესაბამისი ფასნამატი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 მარტის N5775 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საქონლის ნაშთმა საბაზრო ღირებლებით შეადგინა 1 864 010 ლარი. ვინაიდან ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული იყო საქონლის საბაზრო ღირებულება და შემოწმების მიერ საქონლის თვითღირირებულების დადგენა შეუძლებელი იყო, ფასნამატების დადგენის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ინდ. მეწარმეს დაევალა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე თვითღირებულების და შეძენის შესაბამისი დოკუმენტის მითითება. გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციაც, თუმცა შემოწმების ფარგლებში შეუძლებელია რეალიზებული და შეძენილი საქონლის სახეობების ერთმანეთთან დაკავშირება. შემოწმების მიერ, შემოსავლების დაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მონაცემებით დაფიქსირებულ ფასნამატი, რაც არსებითად არ განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. კერძოდ, ჭურჭლის ჯგუფის ფასნამატმა შეადგინა 40% და ელექტროტექნიკის- 59%. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულებაც, რამაც გამოიწვია რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რპთ) ზრდა. შესაბამისად, შემოსავლის ზრდაც. ზემოაღნიშნული მეთოდით დათვლილი ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია გადამხდელის მიერ დეკლარირებულზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 161-ე (2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 164-ე) მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი. ასევე, მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში გარდა საბაჟო დოკუმენტაციისა, წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მეწარმის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დეკლარირებულია 35%-40%-ის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 მარტის N5775 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საქონლის ნაშთმა საბაზრო ღირებლებით შეადგინა 1 864 010 ლარი. ვინაიდან ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული იყო საქონლის საბაზრო ღირებულება და შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულების დადგენა შეუძლებელი იყო, ფასნამატების დადგენის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ინდ. მეწარმეს დაევალა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე თვითღირებულების და შეძენის შესაბამისი დოკუმენტის მითითება. გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციაც, თუმცა შემოწმების ფარგლებში შეუძლებელი იყო რეალიზებული და შეძენილი საქონლის სახეობების ერთმანეთთან დაკავშირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შემოსავლების დაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მონაცემებით დაფიქსირებულ ფასნამატი, რაც არსებითად არ განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. ამასთან, აუდიტის დეპრტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დადგენა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით. საქონელი შემოტანილია იმპორტის რეჟიმით და შეძენის ინვოისების მიხედვით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება. მონაცემები ასევე გადასამოწმებლად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება ფასნამატს, დოკუმენტური ფასნამატის დადგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან სარეალიზაციო დოკუმენტში საქონელი არ იყო იდენტიფიცირებული სათანადოდ (მაგ: ქვაბი 24 სმ-იანი იყო რამოდენიმე სახეობის და ღირებულების). რეალიზაციის დოკუმენტში კი კონკრეტულად რა ფასიანი საქონელი იყო დაფიქსირებული ვერ დადგინდა. აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილი იყო გადამხდელისთვის, თუმცა მის მიერ ვერ მოხერხდა საქონლის სახეობების მიხედვით შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების ერთმანეთთან დაკავშირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებას არაპირდაპირი მეთოდით.

2. ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას (არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია), შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დადგენა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით. საქონელი შემოტანილია იმპორტის რეჟიმით და შეძენის ინვოისების მიხედვით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება. მონაცემები ასევე გადასამოწმებლად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფასნამატის დადგენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან სარეალიზაციო დოკუმენტში საქონელი არ იყო იდენტიფიცირებული სათანადოდ.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ „ბ“); 102(1„ა“); 159(1 „ა“ „ბ“); 168(1); 272; 275.