ბრძანება N 11298
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11298
22.05.2023
შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 4 და 25 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) №76004/1/2022 და №76804/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №005-149 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრის მიზნებისთვის 100 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშების პრინციპს და შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. მიუთითებს, რომ როდესაც ხდება 100 000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრა, დასაბეგრი თანხები უნდა დაჯამდეს განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებული/მისაღები თანხებით დღგ-ის გარეშე. აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე დაჯამდა დასაბეგრი ოპერაციების თანხები დღგ-ის ჩათვლით, რაც ეწინააღმდეგება როგორც იმ პერიოდისთვის, ასევე მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. განმარტავს, რომ აღნიშნული პრინციპით დათვლილმა თანხებმა გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება. მიუთითებს N1142 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხების დაჯამება მოხდეს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასევე მიუთითებს, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს ---------- ის სკოლაზე გამოწერილი 2450 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები არ არის სწორი. რეალურად მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 2100 ლარს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხები არ აჭარბებს 100 000 ლარს და არ უწევდა სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. არ ეთანხმება თანამშრომლებისთვის ანაზღაურებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ პანდემიის დროს სამუშაო საათებში შეუძლებელი იყო თანამშრომლების მიერ დამოუკიდებლად კვება, შესაბამისად საწარმო იძულებული იყო აენაზღაურებინა თანამშრომლებისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯები, რაც პირდაპირ კავშირშია შრომის ნაყოფიერებასთან. მიუთითებს, რომ თანამშრომლებისთვის ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით. ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახდის შემცირებას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20382 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 31 ივლისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 7 ოქტომბრის №25592 ბრძანება და ამავე თარიღის №005-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 32 182 ლარი, მათ შორის: გადასახადი 21 824 ლარი, ჯარიმა 7385 ლარი, საურავი 2973 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ბრიკეტების წარმოება და ტენდერების მეშვეობით რეალზაცია ძირითადად სკოლებსა და ბაღებზე. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 15 თებერვალს. შემოწმებით, გადამხდელის დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის 21 იანვრის მდგომარეობით პირის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებებში ასახული თანხები განსხვავდება მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხებისგან. ასევე, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებები და ბანკში ჩარიცხული თანხები ეკუთვნის საწარმოს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია შპს „----------’’-ის დირექტორის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით (შპს „----------’’, შპს „----------’’). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დღგ-ით დაიბეგრა 2021 წლის 21 იანვრიდან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები პერიოდების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს შესყიდვის აქტების საფუძველზე, რამდენიმე ფიზიკური პირისაგან შეძენილი აქვს ნახერხი და კაკლის ნანუჭი, რომელთა დაპრესვისა და გამოშრობის მეშვეობით აწარმოებს ბრიკეტებს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში სალაროს ანგარიშიდან გაცემული აქვს ხელფასები, რომელიც არ არის დეკლარირებული. ამასთან, საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 23 828 ლარი საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდილია სხვადასხვა დაწესებულებებში (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები). შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის გათვალისწინებით, ბუღალტრული პროგრამიდან (სალაროს ანგარიშიდან) და ბანკიდან გაცემული/გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის 21 იანვრის მდგომარეობით საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებებში ასახული თანხები განსხვავდება მიღებაჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხებისგან. ასევე, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებები და ბანკში ჩარიცხული თანხები ეკუთვნის საწარმოს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია შპს „----------’’-ის დირექტორის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში სალაროს ანგარიშიდან გაცემული აქვს ხელფასები, რომელიც არ არის დეკლარირებული. ამასთან, საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 23 828 ლარი საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდილია სხვადასხვა დაწესებულებებში (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები). შემოწმებით, ბუღალტრული პროგრამიდან (სალაროს ანგარიშიდან) და ბანკიდან გაცემული/გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, მომჩივანმა დავის წარმოების პროცესში ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრის მიზნებისთვის 100 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშების პრინციპს და შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას.
2. თანამშრომლებისთვის ანაზღაურებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლება,. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის 21 იანვრის მდგომარეობით საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებებში ასახული თანხები განსხვავდება მიღებაჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხებისგან. ასევე, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებები და ბანკში ჩარიცხული თანხები ეკუთვნის საწარმოს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია კომპანიის დირექტორის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში.
2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში სალაროს ანგარიშიდან გაცემული აქვს ხელფასები, რომელიც არ არის დეკლარირებული. ამასთან, საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდილია სხვადასხვა დაწესებულებებში (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები). შემოწმებით, ბუღალტრული პროგრამიდან (სალაროს ანგარიშიდან) და ბანკიდან გაცემული/გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
3. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1„ა“); 154(1„ა“); 159; 163(1); 165(1,2); 272; 275; 282(1).