გადაწყვეტილება №26182/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2025
№ დოკუმენტი 26182/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26182/2/2025

18 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 17.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26182/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6240 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №007-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №21918 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 277 941.28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 155 655

დღგ - 67 455

საშემოსავლო გადასახადი - 79 730

ქონების გადასახადი - 8 470

ჯარიმა - 63 692

საურავი - 58 594.28

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9582 და 27 ივნისის №15130 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9544 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დოკუმენტური შეძენა/რეალიზაციის დაყოფა მოხდა ჯგუფებად და დადგინდა ჯგუფის ფასნამატი საშუალო შეწონილი მეთოდით. მეწარმის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება განხორციელდა ჯგუფების მიხედვით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021-2023 წლების ერთობლივი შემოსავლები. მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №17403 ბრძანება და 2024 წლის 25 ივლისის №007-204 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 367 497.76 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 23 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 22.10.2024 წლის №22671 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22671 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა, 18.02.2025 წლის №2924 ბრძანება და №007-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2.04.2025 წლის №6240 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6240 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნა, 16.07.2025 წლის №16094 ბრძანება და 17.07.2025 წლის №007-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 113 064 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 277 941.28 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 15 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 16 ოქტომბრის №21918 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და არც რეალიზაციის დოკუმენტში არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება, რომლის მიხედვითაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესადარის კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შემოტანილი აქვს ძირითადად თეთრეული, შესაბამისად, თეთრეულზე გავრცელებული ფასნამატი ვერ იქნება თანხვედრაში ტანსაცმელებზე გავრცელებულ ფასნამატთან, ვინაიდან ი/მ ------- საქმიანობას მხოლოდ ტანსაცმელების რეალიზაცია წარმოადგენს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6240 ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა საჩივარში დაფიქსირებული მტკიცებულებები, რომლის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, კერძოდ:

● აუდიტის დეპარტამენტი აქტის შედგენის ეტაპზე მიუთითებდა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება ზედნადებებზე დაყრდნობით შეუძლებელია, რადგან ვერ ხდება ზუსტი იდენტიფიცირება რეალიზებული საქონლის იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში. დავების ეტაპზე მომჩივანმა წარუდგინა ფასნამატის გაანგარიშების პრინციპი (მეწარმეს გააჩნდა ერთი და იმავე დასახელების საქონლის რამდენიმე საფასო კატეგორია, რომელიც ნათლად ჩანს როგორც შეძენის დოკუმენტაციაში, ასევე რეალიზაციის დოკუმენტებში). კერძოდ, სხვადასხვა ფასების შეპირისპირების მეთოდი უმაღლესიდან უმცირესამდე, რომელიც დავის მიმდინარეობისას დავების განხილვის საბჭოს მიერ ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად იყო შეთავაზებული. სამუშაო შეხვედრისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა სამმართველოს უფროსი, მსჯელობისას ასევე შეთავაზებული იყო იგივე მეთოდი. მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ცხრილი სწორედ ამ მეთოდზე დაყრდნობით იყო გაანგარიშებული, გავლილი აუდიტორთან და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდა შეხვედრა სამმართველოს უფროსთან, რომლის მსჯელობა სრულ თანხვედრაში იყო მომჩივნის მიერ ფასნამატის გაანგარიშების მეთოდთან.

● საბოლოო ჯამში საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ დასკვნაში საერთოდ სხვა მეთოდია გამოყენებული. კერძოდ, საერთოდ შეცვლილია გაანგარიშების პრინციპი და გამოყენებულია „აუდირებული“ ფასნამატი, რომელიც მომჩივნისთვის უცნობი ობიექტების აუდირებული მონაცემების გადავრცელებით გაანგარიშდა და აღნიშნული პოზიცია არ იყო შეჯერებული მეწარმესთან.

● ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის შემდეგი: როდესაც 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე განიხილებოდა 2025 წლის 15 აგვისტოს წარდგენილი №97570/1/2025 საჩივარი, დავების განხილვის საბჭოს დაუფიქსირა პოზიცია, რომელიც ამ საჩივრის წინმსწრები საჩივრის განხილვის დროს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე იყო დაფიქსირებული და შეთავაზებული დავების განხილვის საბჭოს მიერ. კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციის გაშიფვრა ფასების შეპირისპირების მეთოდით უმაღლესიდან უმცირესამდე (უახლოესი შეძენის გათვალისწინებით), რაზეც 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო პასუხი, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია არ იყენებენ, რაც გადასახადის გადამხდელისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო.

● საყურადღებოა, რომ 2025 წლის 13 ნოემბერს ჩატარებულ დავების განხილვის საბჭოზე, სადაც განიხილებოდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი, რომლის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია ზუსტად ის მეთოდი, რომლის გამოყენებასაც ითხოვს მეწარმის მიმართ. როდესაც დავების განხილვის საბჭოს დაუსვა იგივე შეკითხვა, რატომ არის გამოყენებული შპს „-------“ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ის მეთოდი, რომლის გამოყენებასაც ითხოვს მომჩივანი, პასუხი ვერ მიიღო. საქართველოში და საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკით, დაუშვებელია ერთი და იმავე საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს ფასების შეპირისპირების მეთოდი უმაღლესიდან უმცირესამდე (უახლოესი შეძენის გათვალისწინებით) და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

● შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ (რომელიც ყველანაირ არგუმენტს მოკლებულია) გამოიწვია ის, რომ საგადასახადო ორგანომ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და არასწორად მოხდა ფასნამატის გაანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნულმა გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა არარეალურ მონაცემებამდე, ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა არარეალურ მონაცემებამდე, ასევე ერთობლივი შემოსავლის ზრდა და წლიური საშემოსავლო გადასახადის ზრდა, რამაც გამოიწვია გადასახადისა და მასზე დარიცხული სანქციის ზრდა.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციების სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6240 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. მომჩივანს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრული აქვს საფასო კატეგორიის მიხედვით. კერძოდ, საქონლის კონკრეტული კატეგორიის რეალიზაცია ამავე კატეგორიის უახლოეს შეძენასთან დაკავშირებულია ფასების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. აღსანიშნავია ისიც, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და ასევე არც რეალიზაციის დოკუმენტში არ არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. ვინაიდან შემოწმების აქტითაც დოკუმენტური ფასნამატი განსაზღვრულია ჯგუფების მიხედვით, საშუალო შეწონილით და ვერ განისაზღვრა სახეობების ფასნამატი, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კორექტირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 113 064 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 75 377 ლარი და ჯარიმა - 37 687 ლარი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2025 წლის №106165-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. მომჩივანს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრული აქვს საფასო კატეგორიის მიხედვით. კერძოდ, საქონლის კონკრეტული კატეგორიის რეალიზაცია ამავე კატეგორიის უახლოეს შეძენასთან დაკავშირებულია ფასების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. აღსანიშნავია ისიც, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და ასევე არც რეალიზაციის დოკუმენტში არ არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენა-რეალიზაცია დაკავშირებულია ფასების მიხედვით, დაბალი სარეალიზაციო ფასის მქონე საქონელი დაკავშირებულია დაბალი თვითღირებულების საქონელზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილი კატეგორიის საქონელზე - შარფებზე შეძენის დოკუმენტებით ფიქსირდება 132 განსხვავებული ფასი (თვითღირებულება), მაშინ როცა დოკუმენტურ რეალიზაციაშია ამავე კატეგორიაზე (შარფზე) ფიქსირდება 21 განსხვავებული სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, აღიშნულ კატეგორიაში რომელ რეალიზაციას რომელი თვითღირებულება უნდა მიესადაგოს ფაქტობრივად ამის დადგენა შეუძლებელია. ასევეა ყველა სხვა კატეგორიის საქონელზეც. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მაგალითად აქვს მოყვანილი შპს „-------“, სადაც აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ფასნამატი განსაზღვრულია ფასების შეპირისპირების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ შემოწმების აქტით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით, სულ 12 ჯგუფი. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელებულ იქნა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. ამასთან, დასკვნითაც აქტით დარიცხული თანხები არ არის შემცირებული. შესაბამისად, ფანსმატის გაანგარიშების მეთოდი არც დასკვნის ეტაპზე არ არის შეცვლილი. გაუგებარია გადასახადის გადამხდელს რატომ აქვს წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნული ობიექტი მაგალითად მოყვანილი, როდესაც მსგავსება არ იკვეთება ამ ორი პირის საკითხებს შორის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6240 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და არც რეალიზაციის დოკუმენტში არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება, რომლის მიხედვითაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესადარის კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შემოტანილი აქვს ძირითადად თეთრეული, შესაბამისად, თეთრეულზე გავრცელებული ფასნამატი ვერ იქნება თანხვედრაში ტანსაცმელებზე გავრცელებულ ფასნამატთან, ვინაიდან მომჩივანი საქმიანობას მხოლოდ ტანსაცმელების რეალიზაცია წარმოადგენს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 100; 102; 159;