ბრძანება N 395
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 395
21 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2024 წლის 28 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბერს და 2025 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები №130 და №2) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №93068/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №081-351 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას. განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას დასაბეგრი თანხები გაანგარიშებულია რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე, შემმოწმებელს არ გააჩნდა სრულყოფილი ინფორმაცია საცხოვრებელი ბინების შემძენების მიერ ქონების შეძენისა (წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით თუ ნასყიდობის ხელშეკრულებებით) და თანხების გადახდის შესახებ.
აღნიშნავს, რომ შპს „-------“ მიერ 2016 წლამდე ფაქტობრივად დასრულებული იყო სამშენებლო სამონტაჟო და კეთილმოწყობის სამუშაოები, საწარმოს საბანკო ამონაწერებით 2016 წლიდან შემდგომ პერიოდში რაიმე სახის შემოსავლები ან/და საბანკო ანგარიშებიდან სალაროში თანხების გატანა არ უფიქსირდებოდა. ფიქსირდება რამოდენიმე ოპერაცია, დამფუძნებლის მიერ თანხების შეტანასთან დაკავშირებით, რომლითაც დაფარულია მიმდინარე ვალდებულებები. განმარტავს, რომ კომპანიისათვის არ იყო ცნობილი თუ რომელი ბინების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებები ჰქონდა მხედველობაში შემმოწმებელს, მის მიერ აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა იმ ბინების სია, რომელთა მიხედვითაც იქნა განსაზღვრული შპს ,,-------“ ნაღდი ფულის შემოსავლები. აცხადებს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, შემმოწმებლის მიერ შპს ,,-------“ ნაღდი ფულის შემოსავლებში აღიარებული იქნა ისეთი ბინები, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, რომელთა ხელშეკრულებების რგისტრაციის შვიდი შეთხვევიდან ექვსზე გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2020 წლამდე და თანხებიც ანაზღაურებული იქნა 2020 წლამდე პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან რამდენიმე საცხოვრებელი ბინის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2020 წლის პირველ იანვრამდე და შესაბამის პერიოდში მოხდა ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურება, აღნიშნული თანხა არ უნდა აისახოს 2020 წლის შემდგომი პერიოდის შემოსავლად და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შესამოწმებელი პერიოდის განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში.
საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. კომპანიის პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირი - დირექტორ-დამფუძნებელი ------- (პ/ნ -------) გარდაიცვალა 2023 წლის 31 ივლისს. სამკვიდრო მოწმობა კი გაიცა 2024 წლის 22 მაისს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდის მოაცემებით ირკვევა, რომ მემკვიდრის მიერ საჯარო რეესტრში 2024 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი განცხადების (რეგ. №-------) საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) დამფუძნებელი/პარტნიორისა და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის ცვლილება და ახალ დირექტორად დაინიშნენ ------- და -------, რაც დასტურდება 2024 წლის 16 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 16 თებერვალს განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №081-351 საგადასახადო მოთხოვნისა და ამავე თარიღის № 33045 ბრძანების საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 7 მარტს. გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის №081-351 საგადასახადო მოთხოვნას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2024 წლის 29 ოქტომბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის/საჯაროდ გამოქვეყნების პერიოდში საწარმოს უფლებამოსილი პირი/დირექტორი იყო გარდაცვლილი, ხოლო ახალი დირექტორი დაინიშნა 2024 წლის 16 აგვისტოდან და ავტორიზებული ვებგვერდის საშუალებით სადავო საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო 2024 წლის 29 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და წარმოდგენილი საჩივარი უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24613 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №33045 ბრძანება და №081-351 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 162 631 ლარი, მათ შორის, გადასახადი 102 328 ლარი, ჯარიმა 51 164 ლარი და საურავი 9 139 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2010 წლის 1 ივლისს. საანალიზო პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს -------, -------ში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებითა და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციების მიხედვით, გადამხდელს მშენებლობა დაწყებული აქვს 2011- 2012 წლებში, ამავე წლებიდან დაწყებული აქვს ბინების რეალიზაცია, რომლებზეც საჯარო რეესტრში გაფორმებულია უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებები. შპს „-------“ შემოწმებული იქნა 01.01.2012 - 01.01.2016 წლებში. აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხდა დაკავშირება, მათი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაციადოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით შესწავლილი იქნა მთლიანი პერიოდის უძრავი ქონების რეალიზაციები, შესაბამისად, შესამოწმებულ პერიოდში გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ:
● საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე 2023 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა შპს „-------“ (ს/ნ -------) მმართველი პარტნიორი 100%-იანი წილის მფლობელი ------, რის გამოც ვერ მოხერხდა თანამშრომლობა და საგადასახადო შემოწმებისათვის დამატებითი მასალების მიწოდება, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდგომ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე.
● კომპანიისათვის არ იყო ცნობილი თუ რომელი ბინების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებები ჰქონდა მხედველობაში შემმოწმებელს. აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა იმ ბინების სია, რომელთა მიხედვითაც იქნა განსაზღვრული კომპანიის ნაღდი ფულის შემოსავლები. გამოიკვეთა, რომ შემმოწმებლის მიერ ნაღდი ფულის შემოსავლები აღიარებული იქნა კონკრეტული ბინები ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, თუმცა აღნიშნული შვიდი შეთხვევიდან ექვსზე გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2020 წლამდე და თანხებიც ანაზღაურებული იქნა შესაბამისად 2020 წლამდე პერიოდში (წარმოდგენილ საჩივარში მითითებულია უძრავი ქონების საკადასტრო კოდები და არგუმენტები).
● შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ მშენებარე სახლში საცხოვრებელი ბინების განკარგვა დაიწყო 2011 წლიდან. რამდენადაც მშენებელი გეგმავდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას საცხოვრებელი ფართები რეგისტრირდებოდა მომავალი მესაკუთრეების უფლებით, თუმცა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა ხდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ან/და ეტაპობრივად ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. საწარმოს მიერ საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემდგომ (2015 წელი) ------- მერიისადმი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პრობლემები შეიქმნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით რეალიზებული ბინების მესაკუთრეებზე საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა გადახდილი ჰქონდა თუ არა მესაკუთრეს ნასყიდობის საგნის ღირებულებები მთლიანად. განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული რიგი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებითად შეცვლიდა განკარგვად ნაშთს და გამომდინარე გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებითა და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციების მიხედვით, გადამხდელს მშენებლობა დაწყებული აქვს 2011- 2012 წლებში, ამავე წლებიდან დაწყებული აქვს ბინების რეალიზაცია, რომლებზეც საჯარო რეესტრში გაფორმებულია უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხდა დაკავშირება, მათი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაციადოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით შესწავლილი იქნა მთლიანი პერიოდის უძრავი ქონების რეალიზაციები, შესაბამისად, შესამოწმებულ პერიოდში გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154