გადაწყვეტილება №23819/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23819/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 23819/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23819/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 684 609 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 413 885

ჯარიმა - 206 943

საურავი - 63 781

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის იმპორტი და სხვა საქმიანობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6525 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა (ინფო ბუღალტერია), საბანკო ამონაწერები, ინვოისები და სხვა ელექტრონული დოკუმენტაცია). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ერაყიდან იმპორტით შემოტანილი 7 023 340 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელისგან დადგინდა, რომ კომპანიის კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 404 172 ლარს. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, თანხები გაიწერება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ, რომელიც ახორციელებს შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 6 622 168 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზისა და მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის - 6 622 168 ლარის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა - 1 655 542 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24914 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 663 237 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.12.2023 წლის №30751 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2024 წლის დასკვნა, 6.02.2024 წლის №2170 ბრძანება და №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 29 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 2.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.07.2024 წლის №22757/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის 9 თვის მანძილზე უფიქსირდება ბიტუმის შემოტანა ერაყიდან. შემოწმების მიერ მოხდა მოცემულ პერიოდებში ერაყიდან შემოტანილი ბიტუმის საბაზრო ღირებულების დადგენა. აღებულ იქნა აუდირებული პირების მიერ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ერთეულის შეძენის ღირებულება, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიას ძირითადად საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ღირებულებით აქვს შემოტანილი ბიტუმი. ცხრილის სახით წარდგენილია აუდირებული კომპანიებისა და შპს „------------“ მიერ შემოტანილი ბიტუმის ღირებულებები პერიოდების მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა საწარმოს მიერ შესყიდული საქონლის ფასი შეედარებინათ კონკურენტი კომპანიების მიერ შესყიდულ ფასებთან. შეუძლებელია რაიმე სახის წვდომა ჰქონოდათ აუდირებულ მონაცემებთან. შესაბამისად, არის თუ არა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული საქონლის ფასსა და სხვა კონკურენტი კომპანიების მიერ იგივე საქონლის შესყიდვის ფასებს შორის, ამით ვერ განისაზღვრება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება.

თუკი ადგილი არ ჰქონია გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, მაშინ დამატებით რა გადასახადების განსაზღვრასა და სანქცია/საურავის დარიცხვაზეა საუბარი გაუგებარია. თუკი აუდიტის დეპარტამენტი დაადგენს, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის ფასი არ შეესაბამება აუდირებულ მონაცემებს, რა ბერკეტი აქვთ გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია? შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი მოგებაზე მყოფი კომპანიაა. საქონლის შესყიდვას ახორციელებენ ქ. -------- მიწოდებისა და შემდგომი გადახდის პირობით. შესაბამისად, საწარმოს რისკი მინიმალიზებულია, ხოლო ბიზნესის ლოგიკა სავსებით გამართლებული.

საშემოსავლო და მოგების გადასახადი შესაძლებელია გადახდილი იქნას შემოსავლიდან და მოგებიდან. როგორ შეიძლება გადასახადის ოდენობა აჭარბებდეს ამ შემთხვევაში მომჩივნის მიერ მიღებულ მოგებას? საიდან მოიტანონ დარიცხული თანხა ბიუჯეტში გადასახდელად, სესხი აიღონ? შეიძლება ეს რაიმე ლოგიკას ექვემდებარებოდეს?

შესყიდული საქონლის ფასს განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რის გათვალისწინებაც აუდიტის დეპარტამენტს გაუჭირდება ფასთა შედარებისას. კერძოდ:

საწარმოს მიერ შესყიდული საქონლის ოდენობა მაღალი ალბათობით მცირეა კონკურენტი კომპანიების მიერ შესყიდული საქონლის ოდენობასთან შედარებით. შესაბამისად, დიდი მოცულობის შესყიდვის ფასთან შესაძლოა ბუნებრივად არსებობდეს გარკვეული სხვაობა;

საქონლის ტრანსპორტირება ხდება ნახიჩევანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოვლით, რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო დროის ნაკლებად შეყოვნებას საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მაგრამ ზრდის საქონლის ღირებულებას;

საქონლის ტრანსპორტირებისას ირანის საზღვარზე ხდება ბიტუმის გაცხელება და ტემპერატურა ნარჩუნდება მომჩივნის დამკვეთისთვის მიწოდებამდე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღარ უწევს გაცხელებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევა. ეს გარემოება მოქმედებს საქონლის ღირებულებაზე;

როგორც აღინიშნა, მომწოდებელი საქონელს აწვდის შემდგომი გადახდის პირობით მომჩივნის მიერ მითითებულ მისამართზე (---------). შესაბამისად, საწარმოს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ცხადია მომწოდებლისთვის და ესეც გავლენას ახდენს საქონლის ფასზე. საწარმოსთვის მისაღებია ნებისმიერი მომგებიანი ოპერაციის განხორციელება.

საწარმოს საქმიანობის სფეროა ბიტუმის იმპორტი ერაყიდან და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესის ძირითადი იდეა პროდუქტის სწრაფად მიღება და რეალიზაციაა. აღნიშნული განაპირობებს როგორც შესყიდვის, ასევე რეალიზაციის ფასს. საქონლის შესყიდვისას მიწოდების პირობა (CIP) ითვალისწინებს ტვირთის ქ. --------- ტრანსპორტირებას. შესაბამისად, გადახდილი თანხა მოიცავს ტრასპორტირების ღირებულებასაც. მომწოდებლის პირობით თანხის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. თანხას გადასცემენ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (რომელიც ემსახურება მომწოდებელს და სარგებლობს მათი ნდობით), როგორც წესი, თითო ჯერზე 10 000 აშშ დოლარს, რაც არ აღემატება მის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთის ღირებულებას. დროის გარკვეულ პერიოდში, მომწოდებელთან ფორმდება შედარების აქტი, რომლითაც მომწოდებლის ბეჭდითა და ხელმოწერით დასტურდება კომპანიებს შორის არსებული ვალდებულებები.

შესამოწმებელ პერიოდში წარადგინეს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვისა და დეკლარირების შესახებ და მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები. სულ კომპანიას შესყიდული აქვს 7 023 340 ლარის ღირებულების საქონელი, გადახდილი აქვს

6 622 168 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება შეადგენს 404 172 ლარს. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ფულის გატანა, ხოლო შედარების აქტები არ არის დამოწმებული სათანადოდ. ამიტომ, შემოწმებით ანაზღაურებულად ჩაითვალა გადახდილი თანხის მხოლოდ 75%, ხოლო 25% - 1 655 542 ლარი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ №8 დანართის „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ კონკრეტულად აღწერილია აბსოლუტურად იდენტური გარემოება (I ვარიანტი) და მითითებულია გადაწყვეტილება: „იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი დავალიანების სრულად გადახდის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხა, შედარების აქტის მონაცემის მიხედვით, ჩაითვლება ანაზღაურებულად.

მომწოდებელთან გაფორმებულია შედარების აქტები, რომლებიც მიაწოდეს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებისა და გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც. დოკუმენტები ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. გაუგებარია რას გულისხმობს შემმოწმებელი არასათანადოდ დამოწმებაში.

რაც შეეხება საბაჟო დეკლარაციის გარეშე თანხის გატანას, თანხა ქვეყნიდან არ გაჰქონდა საწარმოს წარმომადგენელს, შესაბამისად, ვერ გამოჩნდებოდა საბაჟო დეკლარაციაში თანხის კომპანიის მიერ დეკლარირების ფაქტი. მომწოდებელი კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გადაეცემოდა 10 000 აშშ დოლარი ყოველ ჯერზე (თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ თავსდება უფრო მეტი ღირებულების ბიტუმი), რაც ნაკლებია 30 000 ლარზე. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ თანხის დეკლარირების ვალდებულება. ასეც რომ ყოფილიყო, ამაზე მომჩივანი ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა. თანხის გადაცემის მსგავსი პრაქტიკის შესახებ ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის და მეთოდური მითითებაც ითვალისწინებს სწორედ მსგავს შემთხვევებს. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინეს დოკუმენტაცია, სადაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ხელმოწერით ადასტურებენ თანხის მიღების ფაქტს. დოკუმენტს თან ახლავს მათი პასპორტის ასლები. მსგავსი დოკუმენტაციის წარმოებას არ ავალდებულებს კანონი, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებაც. მომჩივნისთვის მთავარი მტკიცებულება მომწოდებლის მიერ დამოწმებული შედარების აქტია. ამიტომ, მსგავსი დოკუმენტაციის წარმოებას ან შენახვას არ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თანხის მძღოლებზე გადაცემის დამადასტურებელი ის დოკუმენტაცია, რაც ხელთ გააჩნდათ. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზანია, ახსნან პროცესი, თუ როგორ ხდება ანგარიშსწორება მომწოდებელთან და თუ რატომ არ არის მომჩივნის მიერ საბაჟოზე დეკლარირებული მომწოდებლისთვის გადახდილი ფულადი სახსრები.

საკითხი იმდენად მარტივია და გასაგები, ასევე იმდენად მარტივია აღსაქმელად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ვერ იჯერებენ, რომ ნამდვილად განხორციელდა ამხელა თანხის დარიცხვა გაუგებარი ეჭვის საფუძველზე. მომჩივნის ყველა არგუმენტი მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში, სადაც მკაფიოდ არის მითითებული თუ რა ტიპის დოკუმენტია მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლისას. მეთოდური მითითების უგულებელყოფა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ ამ ეტაპზე საკუთარი მეთოდური მითითება თავად შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო და ღირსად არ ჩათვალა თუნდაც ზეპირსიტყვიერად განემარტა მიზეზი.

თუკი აღმოჩნდება, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის ფასი მცირედით აღემატება რომელიმე კონკურენტი კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის აუდირებულ ფასს, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დასჯა და დამატებით გადასახადების დარიცხვა სრულიად უკანონოა და ყოველგვარ აზრს მოკლებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მიწოდებული. ვინაიდან მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №22757/2/2024 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის მონაწილეობით განიხილა დაბრუნებული საჩივარი, შეაფასა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მიწოდებული. ვინაიდან მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ , საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №22757/2/2024 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის მონაწილეობით განიხილა დაბრუნებული საჩივარი, შეაფასა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1გ)