ბრძანება N 31093
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31093
12 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №84573/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-257 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დღგ-ის ოდენობას. განმარტავს, რომ ის თანხები, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოწმებამ ვერ მოახერხა ჩათვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. გადამხდელის პოზიციით, ნახსენები თანხები წარმოადგენდა მის პირად შემოსავალს და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს.
2. კეთილსინდისიერებასა და არცოდნაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16999 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ „----------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბრის №24463 ბრძანება და №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 67 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 581 ლარი, ჯარიმა 12 384 ლარი, საურავი 10 881 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
ი/მ „----------“ ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის კარფანჯრების წარმოება და რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე 2021 წლის 14 აპრილს მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, ი/მ „----------“ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, დაერიცხა გადასახადი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია, რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ი/მ „----------“ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ელექტრონული ცხრილი და ახსნა-განმარტება, სადაც განმარტა, რომ გაწეულ მომსახურებაზე თანხის ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით, ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადების მიხედვით ჩასარიცხი თანხა გადახდილია სხვა ფიზიკური პირის მიერ, ცხრილში კი ნაწილი ჩარიცხვა გაშიფრულია როგორც - „სხვის მაგივრად გადახდილი“, ნაწილი კი - „პირადი ჩარიცხვა“. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირად ჩარიცხვებთან დაკავშირებით (იდენტიფიცირებულ პირებთან მოხდა დაკავშირება და ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს პირადი ჩარიცხვების ნამდვილობა, ხოლო ერთმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა, რომ მიიღო მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის მომსახურება, აღნიშნული ოპერაცია შემოწმებამ დაბეგრა დღგ-ით), ხოლო „სხვის მაგივრად გადახდილ“ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოეთხოვა იდენტიფიცირება პიროვნებების მიხედვით, გადამხდელმა კი შემოწმებას განუმარტა, რომ შეუძლებელია ჩარიცხული თანხები მიაკუთვნოს გამოწერილ ზედნადებს, რადგან ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმების მიერ ასევე მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი იდენტიფიცირებაც განხორციელდა საბანკო ამონაწერით. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც თავად გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დღგ-ის ოდენობას, განმარტავს, რომ ის თანხები, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოწმებამ ვერ მოახერხა ჩათვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. გადამხდელის პოზიციით, ნახსენები თანხები წარმოადგენდა მის პირად შემოსავალს და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს.
2. კეთილსინდისიერებასა და არცოდნაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია, რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ელექტრონული ცხრილი და ახსნა-განმარტება, სადაც განმარტა, რომ გაწეულ მომსახურებაზე თანხის ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით, ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადების მიხედვით ჩასარიცხი თანხა გადახდილია სხვა ფიზიკური პირის მიერ, ცხრილში კი ნაწილი ჩარიცხვა გაშიფრულია როგორც - „სხვის მაგივრად გადახდილი“, ნაწილი კი - „პირადი ჩარიცხვა“. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირად ჩარიცხვებთან დაკავშირებით (იდენტიფიცირებულ პირებთან მოხდა დაკავშირება და ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს პირადი ჩარიცხვების ნამდვილობა, ხოლო ერთმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა, რომ მიიღო მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის მომსახურება, აღნიშნული ოპერაცია შემოწმებამ დაბეგრა დღგ-ით), ხოლო „სხვის მაგივრად გადახდილ“ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოეთხოვა იდენტიფიცირება პიროვნებების მიხედვით, გადამხდელმა კი შემოწმებას განუმარტა, რომ შეუძლებელია ჩარიცხული თანხები მიაკუთვნოს გამოწერილ ზედნადებს, რადგან ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმების მიერ ასევე მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი იდენტიფიცირებაც განხორციელდა საბანკო ამონაწერით. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც თავად გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ასევე, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„“); 163(1,2); 164(1); 165(1,2); 282(1).