გადაწყვეტილება №26824/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.04.2026
№ დოკუმენტი 26824/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26824/2/2026

21 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 5.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26824/2/2026).

 

დავის საგანი:

1. შეძენილი პროდუქციის მიწოდებად, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ბინების მიწოდების საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ნაწილში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №006-530 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3216 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 57 843.34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 259

დღგ - 19 028

საშემოსავლო გადასახადი - 14 231

ჯარიმა - 16 629.50

საურავი - 7 954.84

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.06.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 12.12.2025 წლის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №27712 ბრძანება და №006-530 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3216 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შეძენილი პროდუქციის მიწოდებად, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში, მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას შესყიდული ჰქონდა თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ უფიქსირდებოდა ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოიყენებდა (წინა საგადასახადო შემოწმების მასალებიდან გამომდინარე). შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებად განხილვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ამასთან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიას შესყიდული ჰქონდა თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ უფიქსირდებოდა ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოყენება ვერ დაადასტურა, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს ხარჯის დოკუმენტაციის გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის ბუღალტერთან ყველა საკითხი თანხობრივად იქნა გავლილი.

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №3216 ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს ხარჯის დოკუმენტაციის გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის ბუღალტერთან ყველა საკითხი თანხობრივად იქნა გავლილი. კომპანია 2025 წლის 15 იანვრის საჩივარში მიუთითებდა, რომ ის არ ეთანხმებოდა არსებულ ციფრობრივ გაანგარიშებას და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგენდა ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა კომპანიაზე დამატებით დარიცხული გადასახადის თანხები, საჩივარში ასევე აღინიშნა, რომ კამერალური შემოწმების მიმდინარეობის დროს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე კომპანიის საჩივრით მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა არ იქნა დაკმაყოფილებული, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა აუდიტის დეპარტამენტს შეემცირებინა საგადახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს საჩივარში მითითებული დოკუმენტაცია და მიეცეს შესაძლებლობა აუდიტორებთან საგადასახადო აქტში ასახული საკითხების დამატებით გავლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 დეკემბრის შემოწმების აქტის და 2025 წლის 17 დეკემბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას და დაევალოს შესაბამის სამსახურს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების, კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად, სრულად შესწავლა, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სადავო საკითხის დაზუსტების მიზნით, საჩივარზე დამატებით წარმოდგენილ (16.03.2026) წერილში მომჩივანი აღნიშნავს შემდეგს:

თემა 2

მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას შესყიდული აქვს თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ აქვს ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოიყენებდა (წინა შემოწმების მასალებიდან გამომდინარე). შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებად განხილვა.

აღნიშნულ თემაზე ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებთან ციფრობრივი გაანგარიშების გავლას და დარჩენილ ნაწილში ჯარიმისგან გათავისუფლებას.

თემა 3

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ამასთან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2025 წლის აგვისტოს თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

აღნიშნულ თემაზე ითხოვს მიეცეს უფლება აუდიტორებს დამატებით წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესყიდული ჰქონდა თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ უფიქსირდებოდა ნაშთად და არც თევზის და ღორის საკვებად (წინა საგადასახადო შემოწმების მასალებიდან გამომდინარე) გამოყენება დასტურდებოდა. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტი 19.03.2026 წლის №23083-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესყიდული აქვს თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ აქვს ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოიყენებდა (წინა შემოწმების მასალებიდან გამომდინარე). გადასახადის გადამხდელის განმარტებით კი თევზის და ღორის საკვებად გამოიყენა. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებად განხილვა. გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ ღორები აღარ ჰყავდა, თუმცა თევზის ნახვა შეგვეძლო ----ის რაიონში და ამაზე შესყიდვის აქტებიც არსებობდა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა და გადასახადის გადამხდელი ვერ მიაწვდიდა შემოწმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ სრულად გადაიხედა წინა შემოწმების აქტი და მასალები, ასევე მოხდა უშუალოდ გამომძიებელთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა შესყიდვის აქტი იყო ყალბი და გამოძიება დასრულებული არ იყო. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე, შესყიდვის აქტები არც წინა შემოწმებისას იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, არც მიმდინარე შემოწმებისას მოხდა მათი გათვალისწინება. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ამასთან ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2025 წლის აგვისტოს თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ყველა საკითხი თანხობრივად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის ბუღალტერთან, რომელიც ყველა საკითხში დაეთანხმა შემმოწმებელს.

მომჩივანი წარმოადგენს სადავო საკითხებს, მაგრამ ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ამასთან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ვინაიდან კომპანიას შესყიდული ჰქონდა თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდებოდა ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოყენება ვერ დადასტურდა მის მიერ, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქონლის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა ასევე მართლზომიერია.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ბინების მიწოდების საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ნაწილში

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა, ----ის №-ის მოპირდაპირედ, ააშენა კორპუსი (ს/კ -------). თანხის ნაწილი გადასახადის გადამხდელის მიერ არის დაბეგრილი, ნაწილი წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში, 2022 წლის პირველ ივნისამდე და ნაწილი მისაღები 2022 წლის ივნისიდან. ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან და წინა საგადასახადო შემოწმების ინფორმაციიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც საგადასახადო ვალდებულებები სრულად არ იყო შესრულებული. შედეგად, შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 86 819 ლარით და შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სადავო საკითხის დაზუსტების მიზნით, საჩივარზე დამატებით წარმოდგენილ (16.03.2026) წერილში მომჩივანი აღნიშნავს შემდეგს:

კომპანიამ, ------ის №--ის მოპირდაპირედ, ააშენა კორპუსი (სკ ------). თანხის ნაწილი გადასახადის გადამხდელის მიერ არის დაბეგრილი, ნაწილი წინა შემოწმების პერიოდში 1.06.2022 წლამდე და ნაწილი მისაღები 06.2022 წლიდან. ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან და წინა შემოწმების ინფორმაციიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც საგადასახადო ვალდებულებები სრულად არ აქვს შესრულებული. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 86 819 ლარით და აღნიშნულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

აღნიშნულ თემაზე ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შეძენილი პროდუქციის მიწოდებად, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ბინების მიწოდების საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.06.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში, მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას შესყიდული ჰქონდა თევზის საკვები, ქერი და ხორბალი, რომელიც პერიოდის ბოლოს არ უფიქსირდებოდა ნაშთად და ვერც თევზის და ღორის საკვებად გამოიყენებდა . შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებად განხილვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს თვეში და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27712 ბრძანება და №006-530 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №3216 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(9„ბ“); 101(1); 105(2); 106(„ა“); 154(1„ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 269(7);