ბრძანება N 29514
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29514
29 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------’’ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 19 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №20582/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------’’ (ს/ნ ----------) 2023 წლის 19 იანვრის №78212/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №127-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე შპს „----------’’ ქირაობდა ტექნიკას, აქტივებს და ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიდა ქირის თანხას. აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 585 000 ლარი. გადამხდელისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე არ გაითვალისწინა აღნიშნული ხარჯი შემოწმებამ. ითხოვს აღნიშნული ხარჯის გათვალისწინებას, საჩივარზე თანდართული აქვს იჯარის ხელშეკრულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13126 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31895 ბრძანება და ამავე თარიღის №127-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 813 799 ლარი, მათ შორის: გადასახადი 999 402 ლარი, ჯარიმა 499 217 ლარი, საურავი 315 180 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 2 აგვისტოს №18899 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18899 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20582/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18899 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში საწარმოს მიერ გაწეულია მომსახურება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გადამხდელის წარმომადგენელთან არაერთხელ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს არ გააჩნია ოფისი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შემმოწმებლების მიერ გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება. კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონული ცხრილების მეშვეობით (ექსელში), რისი წარმოდგენაც არ მომხდარა შემოწმებისთვის. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორული დავალიანებისა და სალაროს მოძრაობის შესახებ, არც სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ცნობები. გადამხდელმა ნაწილობრივ ითანამშრომლა შემოწმებასთან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 აპრილს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში (მის: ----------) გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის ოდენობით, რაზედაც შდგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, შემოწმებისთვის ხელთარსებული ინფორმაციით, კერძოდ, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო წლების ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 3 857 742 ლარის ოდენობით. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია, შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი წლის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2023 წლის 9 ნოემბერს 11:15 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება არ წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე შპს „----------’’ ქირაობდა ტექნიკას, აქტივებს და ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიდა ქირის თანხას. აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 585 000 ლარი. საჩივარზე თანდართული აქვს იჯარის ხელშეკრულება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ:
,,აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შპს „----------’’ 2014 წლიდან მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება, ხოლო 2021 წლიდან დღემდე მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „----------’’ მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა არ მომხდარა. 2021 წლის ივლისიდან რეაბილიტაციის მმართველად დანიშნულია შპს „----------“. აღნიშნული კომპანიის დირექტორთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რომელმაც არ დაადასტურა შპს „----------’’ მიერ შემოსავლების მიღება მისი მმართველობის პერიოდში. 2021 წლის ივლისამდე გაკოტრების მმართველი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს 2018 წლის 3 იანვარს შედგენილი ხელშეკრულება №03/01. აღნიშნული ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით: „ხელშეკრულების საგნის მთლიანი ღირებულება განისაზვრება თვეში 70 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად მინიმუმ თვეში ერთხელ ნაღდი ანგარიშსწორების სახით“
2020 წლის 3 იანვარს ცვლილება შევიდა შპს „----------“ და შპს „----------“ შორის 2018 წლის 3 იანვარს დადებულ №03/01 ხელშეკრულებაში და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულების საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრება თვეში 100 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად მინიმუმ თვეში ერთხელ ნაღდი ანგარიშსწორების სახით (ქირავნობის თანხას მიიღებს ----------).”
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოითხოვოს შპს "----------" კომპეტენტური პირებისგან (მესამე მხარეებისგან) შპს "----------" და შპს "----------" შორის 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოითხოვოს შპს "----------" კომპეტენტური პირებისგან (მესამე მხარეებისგან) შპს "----------" და შპს "----------" შორის 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში საწარმოს მიერ გაწეულია მომსახურება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის.კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს არ გააჩნია ოფისი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შემმოწმებლების მიერ გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება. კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონული ცხრილების მეშვეობით (ექსელში), რისი წარმოდგენაც არ მომხდარა შემოწმებისთვის. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორული დავალიანებისა და სალაროს მოძრაობის შესახებ, არც სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ცნობები. გადამხდელმა ნაწილობრივ ითანამშრომლა შემოწმებასთან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 აპრილს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის ოდენობით, რაზედაც შდგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, შემოწმებისთვის ხელთარსებული ინფორმაციით, კერძოდ, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო წლების ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 3 857 742 ლარის ოდენობით. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია, შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი წლის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოითხოვოს (მესამე მხარეებისგან) მომჩივანს შორის 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“).