ბრძანება N 25151
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25151
11 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) №82999/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №006-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებას მიაწოდა 2021 წლის 2 მარტს შპს „------თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 562 000 ლარზე, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ინფორმაციასთან მიმართებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აგვისტოში დირექტორზე გაცემულ ხელფასად დეკლარირებული ჰქონდა 875 000 ლარი, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოხდა მექანიკური შეცდომა და აღნიშნულის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 675 000 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №9948 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 20 ივლისის №17693 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-376 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 227 633 ლარი, მათ შორის გადასახადი 128 782 ლარი, ჯარიმა 84 748 ლარი და საურავი 14 103 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორის და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები (შინაარსი-სესხი და საქვეანგარიშო), შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად 1 724 909 ლარის ოდენობით, ხოლო, უკან დაბრუნებული იყო 492 000 ლარი. შემოწმებით გატანილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანად, ხოლო საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული თანხები სალაროდან თანხის დაბრუნებად. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები, როგორც ბანკით ასევე სალაროთი, გაწეული ხარჯები, როგორც ბანკით, ასევე სალაროდან (მათ შორის გათვალისწინებულ იქნა თავისივე დეკლარირებული ხელფასები). აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უნდა ყოფილიყო ნაღდი ფულის ნაშთი 366 456 ლარის ოდენობით. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელმა სალაროში ნაღდი ფულის არ არსებობის მტკიცებულებად წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „-----თან“ (ს/ნ -----) დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „------“-ის ყოფილი დირექტორი ------, რომელიც შემოწმების პერიოდისათვის გარდაცვლილი იყო. შემოწმების მიმდინარეობისათვის, შპს „-----“ არ საქმიანობდა და არ ჰყავდა უფლებამონაცვლე პირი, შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმაციის მოწოდება სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და მომავალში გამოყენების შესახებ. ასევე, შპს „-----“-ის დამფუძნებლის -----ის მიერ ვერ მოხდა სესხის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი მტკიცებულებების შემოწმებისათვის მიწოდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ვერ დადგინდა შპს „------ს“ მიერ სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და რაიმე სხვა აქტივობა. შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორისა და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის არ არსებობის მტკიცებულებად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „-----თან“ დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „-----“-ის ყოფილი დირექტორი ------, რომელიც შემოწმების პერიოდისათვის გარდაცვლილი იყო. აგრეთვე, სესხის ხელშეკრულებას ორივე მხრიდან ხელს აწერდა მხოლოდ ------. შემოწმების მიმდინარეობისათვის შპს „------“ აღარ საქმიანობდა და არ ჰყავდა უფლებამონაცვლე პირი, შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმაციის მოწოდება სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ. ასევე, შპს „-----“-ის დამფუძნებლის ------ის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ------მ სესხად გატანილი თანხა გამოიყენა პირადი მოხმარებისათვის. ამდენად, შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორის და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები (შინაარსი-სესხი და საქვეანგარიშო), შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად 1 724 909 ლარის ოდენობით, ხოლო, უკან დაბრუნებული იყო 492 000 ლარი. შემოწმებით გატანილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანად, ხოლო საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული თანხები სალაროდან თანხის დაბრუნებად. შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 43(4).