ბრძანება N 15371

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.07.2026
№ დოკუმენტი 15371
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15371

08 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ -------------)

(მის.: -------------------------------)

2026 წლის 11 და 18 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის და 25 ივნისის სხდომებზე (ოქმები №53 და №56) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 11 ივნისის №102816/1/2026 და 18 ივნისის №27608/2/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №006-165 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დღგ-ს. აცხადებს, რომ კვებითი მომსახურება წარმოადგენს განათლების მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებულ დამხმარე მომსახურებას, რომელიც გათვისუფლებულია დღგ-ისგან. აღნიშნავს, რომ შპს „-------სა“ და გადამხდელს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმად, ოპერატორი მოქმედებს სკოლის სახელითა და ინტერესებში, კვებითი მომსახურება წარმოადგენს სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს, ოპერატორი წარმოადგენს ტექნიკურ შემსრულებელს, მომსახურება ხორციელდება სკოლის ინფრასტრუქტურაში, ოპერატორის საქმიანობა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ კომერციულ საქმიანობას სკოლის მოსწავლეთა მიმართ. გადამხდელი აგრეთვე აცხადებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე მოქმედებს დახურული რეჟიმი და კვებითი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. მომსახურების მომხმარებლები არიან მხოლოდ მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ არ შეაფასა ოპერაციების სამართლებრივი ბუნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №133 საჯარო გადაწყვეტილების ფარგლებში და მთლიანად მიიჩნია ბრუნვა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საჯარო გადაწყვეტილების შინაარსი სრულად ვრცელდება განსახილველ შემთხვევაზე. ოპერაციის შეფასება, როგორც ჩვეულებრივი საცალო ვაჭრობის ან კომერციული კვების ობიექტის საქმიანობის, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. მემორანდუმში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ ოპერატორი წარმოადგენს ტექნიკურ შემსრულებელს. მისი ფუნქციაა კვებითი პროცესის ორგანიზება. მომსახურება წარმოადგენს სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს. ანაზღაურების ტექნიკური მიღება არ ცვლის ოპერაციის ეკონომიკურ ბუნებას. შესაბამისად, გადახდების ტექნიკური მიღება ოპერატორის მიერ ვერ გახდება ოპერაციის დამოუკიდებელ კომერციულ საქმიანობად გადაკვალიფიცირების საფუძველი. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ეწინააღმდეგება №133 საჯარო გადაწყვეტილების მიზანს. გადამხდელი ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. მიიჩნევს, რომ მომსახურება უნდა შეფასდეს როგორც საგანმანათლებლო საქმიანობის დამხმარე ელემენტი და არა დამოუკიდებელი კომერციული საქმიანობა. აღნიშნავს, რომ 2024 წლის 9 ივლისიდან 2024 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, როდესაც შპს „------ში“ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა საზაფხულო არდადეგების რეჟიმში და სკოლის ტერიტორიაზე კვებითი მომსახურება შეჩერებული იყო, გადამხდელმა სცადა საქმიანობის დივერსიფიკაცია და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყო კვებითი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული საქმიანობა ატარებდა დამოუკიდებელ, დროებით და საცდელ ხასიათს და არ იყო დაკავშირებული შპს „-------თან“ არსებული თანამშრომლობის მოდელთან. მითითებულ პერიოდში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 20 272 ლარი. საქმიანობის განხორციელების პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული მოდელი ეკონომიკურად არამომგებიანი და კომერციულად არაეფექტიანი იყო, რის გამოც საქმიანობა შეწყვიტა და აღარ გაუგრძელებია აღნიშნულ ობიექტზე კვებითი მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, აღნიშნული მოკლევადიანი საქმიანობა წარმოადგენს დამოუკიდებელ და ეპიზოდურ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ ცვლის გადამხდელის ძირითად საქმიანობას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4542 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №10984 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-165 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 47 103 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 28 038 ლარი, ჯარიმა 12 125 ლარი და საურავი 6 940 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის საქმიანობის სფეროა კვებითი მომსახურება, ძირითადად „------ი“ სკოლის კაფეტერიაში, აგრეთვე, აღნიშნული მომსახურება შპს-ს გაწეული აქვს სს „-----თვის“. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნულ შპს-ს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2023 წლის 7 დეკემბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. აგრეთვე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175 მუხლების თანახმად გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა კვებითი მომსახურება. გადამხდელს აღნიშნული მომსახურება ძირითადად გაწეული აქვს „--------ი“ სკოლის კაფეტერიაში. საგადასახადო შემოწების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 7 დეკემბერს. გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის არსებობისთვის, აუცილებელია სახეზე იყოს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. თავის მხრივ, მომსახურების გაწევის შემთხვევაში, იგი ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულად ჩაითვლება, თუ ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და არსებობს პირდაპირი კავშირი მომსახურების გაწევასა და ამ მომსახურებისთვის გადახდილ ანაზღაურებას შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე ხასიათის მომსახურებას წარმოადგენს ისეთი მომსახურება რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება არის მომსახურება, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დაიშვება, თუ სახეზეა ორივე შემდეგი პირობა:

1) მომსახურების გამწევს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულება;

2) ხორციელდება განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.

განსახილველი საგადასახადო შეღავათის შინაარსიდან გამომდინარე, მომსახურება განათლების მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებულ ან დამხმარე მომსახურებად განიხილება, თუ იგი გაიწევა დამატებითი მომსახურების სახით განათლების მომსახურებასთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ, უნდა წარმოადგენდეს ძირითად მომსახურებას. ამდენად, სახეზე უნდა იყოს მომსახურება, რომელიც გამიზნულია მომხმარებლისთვის განათლების მომსახურების გაწევის პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად ან რომლის გაწევა ხორციელდება განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ განათლების მომსახურების გასაწევად.

შესაბამისად, აღნიშნულ დამატებით მომსახურებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამი პირობა:

1) ისევე როგორც განათლების მომსახურება, დამატებითი მომსახურებაც უნდა გაიწეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რამდენადაც განსახილველი შეღავათი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ოპერაციებზე;

2) დამატებით მომსახურებას არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს განათლების მომსახურების გაწევისთვის. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული ნებისმიერი დამატებითი მომსახურება მიზნად უნდა ისახავდეს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანი იყოს იმ ძირითადი განათლების მომსახურებისთვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი;

3) დამატებითი მომსახურების გაწევის ძირითად მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს დამატებითი შემოსავლის მიღება ისეთი ოპერაციების განხორციელების გზით, რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევს სხვა სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს თავის საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტზე, კერძოდ, „-------ი“ სკოლის კაფეტერიაში განთავსებული ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატი/პოსტერმინალი, სადაც ხდებოდა ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

აღნიშნულ პირობებში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ კვების მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ვერ იქნება განხილული განათლების მომსახურების დამხმარე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებად. შესაბამისად, მოცემულ მომსახურებაზე/საქონლის მიწოდებაზე ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დღგ-ს.ითხოვს სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4542 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10984 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-165 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 47 103 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 28 038 ლარი, ჯარიმა 12 125 ლარი და საურავი 6 940 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მომჩივანის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნულ კომპანიას სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2023 წლის 7 დეკემბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. აგრეთვე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175 მუხლების თანახმად გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157(„მ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1); 170(1 „ე“); 269(7);