ბრძანება N 27456

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 27456
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27456

07 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ს “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 14 აგვისტოს №83028/1/2023 და №138333/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №007-194 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში ზოგჯერ ასახულია „ცალი“, ხოლო ზოგჯერ „კგ“, რაც იწვევს ჩამოსაწერი საქონლის შემცირებას და ერთეულის ფასის (კოეფიციენტის) ზრდას. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის დანართად წარმოადგინა შპს N1-ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N09/09, რომლის თანახმადაც განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოიშობა 12%-15%-მდე, ხოლო რიგ შემთხვევებში 20%-30%- მდე ოდენობის ნარჩენი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ მოიძია მხოლოდ 2022 წლის შესყიდვის აქტები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ ჯართში ჩაბარებულია 21 270 კგ „ფურცლოვანა ლისტის ნაჭრები“ და აღნიშნული საქონელი ექვემდებარება შემცირებას. აგრეთვე, ადგილზე აქვს უტილიზაციას დაქვემდებარებული ნარჩენები 6-8 ტონის ფარგლებში. ამასთან, აღნიშნავს, რომ არასწორია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრა და არასწორია მისი დაბეგვრის პერიოდები. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4360 და 30 ივნისის №15575 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") 07 ნოემბერი 2023 N 27456 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივლისის №17138 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 17 ივლისის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 209 300 ლარი, მათ შორის გადასახადი 116 172 ლარი, ჯარიმა 58 086 ლარი და საურავი 35 042 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნებოდა აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული სმფ-ების შეძენის, დამუშავების, წარმოების და რეალიზაციის სამეურნეო ოპერაციები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობის და ღირებულების დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი იყო 290 ტონა ფოლადის ფურცლოვანა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებული იყო 170 ტონა დამუშავებული ფოლადის ფურცლოვანა, 2020 წლის 1 იანვრისთვის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით გადამხდელს გააჩნდა 29 ტონა ლითონის ფურცლოვანას ნაშთი, ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის 1 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით მას გააჩნდა 25 ტონა ლითონის ფურცლოვანა. გადამხდელის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების (ფოლადის ფურცლოვანას) რაოდენობა და ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასით იქნა რეალიზებული. შემოწმების მიერ, დადგენილი შემოსავლები დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

 შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. ამასთან, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი - "------") გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის N4232 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 7 მარტს განხორციელდა შპს „------ -ს “ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში (მდებარე ქ. "------"-ში ) გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა ოქმი. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა სალაროს ანგარიშებიდან ამონაწერები, რომელთა მიხედვით სალაროს ანგარიშზე 2023 წლის 7 მარტის მდგომარეობით ფიქსირდებოდა 20 561 ლარი, ხოლო სალაროს ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით 225 ლარი. გამოვლენილი სხვაობა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის N42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით) მეთოდური მითითების დანართი N9-ის თანახმად,დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ლითონის ნაკეთობა რამდენიმე ზედნადებში დაფიქსირებული იყო მოცულობით ერთეულში, რაც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და ჩართულობით გადაყვანილ იქნა კილოგრამებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს "N1"-ის საინჟინროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მილის ტიპის ლითონის ნაკეთობას აქვს 20-30% ლითონური ნარჩენები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორადი ლითონის ფურცლოვანასგან მზადდება დამკვეთის მიერ შეკვეთა, ამ შემთხვევაში წარმოიშობა ნარჩენები 12-15%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების 90%-ს შეადგენდა ფოლადის ფურცლოვანა და შემოწმების მიერ რეალიზებული საქონლის დამზადებაში მონაწილეობდა მხოლოდ ფოლადის ფურცლოვანა და სხვა დანარჩენი საქონელი მიჩნეულ იქნა დამხმარე სასაქონლო-მატერიალურ მარაგებად. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელი გამოკითხულ იქნა საწარმო პროცესში დანაკარგების შესახებ, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გონივრული დანაკარგების ნორმას საკმაოდ აღემატებოდა და შემოწმების მიერ მისი გათვალისწინება არ მომხდარა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების ანალიზი, დოკუმენტები შედგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაუცველად, არ ხდებოდა მყიდველი პირის იდენტიფიცირება, არ იყო მითითებული მყიდველი იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირი „------“. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, „შპს N2-ის “ გადამოწმების შედეგად ფ/პ "------" არ წარმოადგენდა „შპს N2-ის “ დაქირავებულ პირს. ასევე, ორ შესყიდვის აქტში არსად არ ფიქსირდებოდა შპს „------ -ს “ სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრასთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში განკარგვადი თანხა 242 992 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისი, რომელიც გამოაკლდა განკარგვად თანხას, ხოლო დანარჩენი თანხა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების და შემოწმებით დადგენილი მოგება/ზარალის გათვალისწინებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის N42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით) მეთოდური მითითების დანართი N9-ის თანახმად, დაიბეგრა საანგარიშო პერიოდების ბოლოს, კერძოდ: 2020 წელს, 2021 წელს, 2022 წელს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების რაოდენობა და ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასით იქნა რეალიზებული. შემოწმების მიერ, დადგენილი შემოსავლები დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. ამასთან, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზეგაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა სალაროს ანგარიშებიდან ამონაწერები,გამოვლენილი სხვაობამეთოდური მითითების თანახმად,დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,105,154,158,160,161,163,164.