გადაწყვეტილება №25898/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25898/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25898/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: უსფ --------ი (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ -----ის 25.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25898/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-129 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19710 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 459 168.15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 291 954.24

დღგ - 255 316.55

მოგების გადასახადი - (-2 558.67)

საშემოსავლო გადასახადი - 39 196.36

ჯარიმა - 148 742.90

საურავი - 18 471.01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის №4486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- კომპანიის ერთ-ერთი პროექტია ქ. ---ის და 19 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კონტრაქტი ხელმოწერილია 2021 წლის დეკემბერში. ამ ეტაპზე სრულად დასრულებულია. დამკვეთია სსიპ-ი. აღნიშნული კონტრაქტი ხორციელდება ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. ქვეკონტრაქტორია შპს „----ი“ (ს/ნ ---). სსიპ-ის მიერ ჩარიცხული თანხებიდან 5%-ს (მოგებას) იტოვებს სააქციო საზოგადოება და დანარჩენს რიცხავს კომპანია შპს „---ში“. კონტრაქტის ღირებულებაა 29 121 318 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია კონტრაქტის დადებისთვის არსებული დოლარის კურსით ლართან მიმართებაში (3,17). შემდგომში ცალკეული შესრულების მიხედვით ხდებოდა კორექტირება ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად. პროექტი უკვე მთლიანად შესრულებულია და ღირებულება შეადგენს 28 962 665 ლარს. 2024 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მიღებაჩაბარების აქტი აღარ არის შედგენილი და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა გამოწერილი. ქვეკონტრაქტორისთვის 2022 წელს ჩარიცხულია ავანსის თანხა - 7 618 169 ლარი და აღნიშნულ თანხაზე 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2024 წლის დეკემბრის თვეში, როცა პროექტი დასრულებულია, გასანაშთია 255 316 ლარის დღგ. სამეურნეო ოპერაციის მეორე მხარის მიერ სრულად არის განაშთული ავანსის დღგ-ის თანხა. გასანაშთი დღგ-ის თანხით - 255 316 ლარით, გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული თანხის განაშთვა რომ მოხდეს, უნდა შესრულდეს კიდევ 1 673 000 ლარის სამუშაო, რაც ბევრად აჭარბებს გარიგების დადების კურსით დათვლილი მთლიანი პროექტის ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხით გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ასევე, შემოწმების შედეგად 2024 დეკემბრის თვის დეკლარირებული დღგ-ის თანხა შემცირდა 255 316 ლარით.

- გადასახადის გადამხდელს, საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, უფიქსირდება სალაროს ოპერაციები. სალარო (1110) გამოყენებულია კრედიტორებისთვის ვალდებულებების დასაფარად და საწესდებო კაპიტალის ოპერაციებისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება. სალაროს ნაშთი 2024 წლის 1 იანვრიდან მზარდია. კომპანიას საკასო შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდება და ბუნებრივიცაა, ვინაიდან, ერთადერთი კონტრაგენტია სსიპ----ი, რომელიც მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებას ახორციელებს, სხვა ტიპის შემოსავალი, გარდა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისა საწარმოს არ აქვს. სალაროს არაგონივრული ნაშთი - 120 281 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სულ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა 150 351ლარი.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ---დან შემოტანილი აქვს მასალები. გადაზიდვის პირობად მითითებულია E-- და F-- ---ა. პირველი პირობის შემთხვევაში, ტვირთი მოდის გამყიდველის საწყობიდან ან ქარხნიდან და მეორე შემთხვევაში ქ. ---დან. ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებას სწევენ სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიები. ამ ეტაპზე არ არის წარდგენილი აღნიშნული კომპანიების რეზიდენტობის ცნობები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. სულ ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 61 326 ლარს. შემოწმების შედეგად მომსახურების თანხები (აგროსილი) გადარიცხვის თარიღების მიხედვით დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად 10%-იანი განაკვეთით. სულ საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 6 814 ლარი.

- შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2024 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს --- პარკის პროექტზე მომსახურებას უწევს ინდივიდუალური მეწარმე ---ი (პ/ნ ---), მომსახურების თანხა 2024 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით შეადგენს 53 112 ლარს. გადასახადის გადამხდელს ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად არცოდნის გამო, აღნიშნული მომსახურების თანხა დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, ვინაიდან, პირი ეგონა მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე. ი/მ --ი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.04.2014 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებული აქვს 8.11.2017 წლიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საერთოდ არ უნდა დაებეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გადახდის წყაროსთან, მითუმეტეს არ უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით. შემოწმების შედეგად, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, შემცირებას დაექვემდებარა შეცდომით დაბეგრილი მოგების ყოველთვიური გადასახადის თანხა, სულ 9 373 ლარი.

- გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელ ფართებს იღებს იჯარით, დაქირავებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სატენდერო სამუშაოების შესასრულებლად. კომპანია ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას, ბინების გამქირავებელ ფიზიკურ პირებს ბეგრავს 5%-ით, ანუ სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით, რომელიც ვრცელდება საცხოვრებელი ფართის გამქირავებელ ფიზიკურ პირზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გამქირავებელთა რეესტრში, იმისათვის რომ შეძლონ ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობა. შემოწმების შედეგად, საიჯარო თანხები დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან 20%-ანი განაკვეთით. სულ საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 9 126 ლარი.

- შემოწმების შედეგად გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ნაცვლად დეკლარირებული 59 600 ლარის, განისაზღვრა 83 468 ლარით. იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალებები გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 23 797 ლარით, ხოლო ქონების გადასახადის თანხა 238 ლარით. მომჩივანს ასევე, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა 119 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14382 ბრძანება და ამავე თარიღის №007-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.09.2025 წლის №19710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებისას უშუალოდ ჩართული იყო და პირნათლად ასრულებდა შემმოწმებლების კანონიერ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ემსახურება და ასრულებს სსიპ ------ის პროექტებს, (მიმდინარე 3 პროექტი) და თითქმის შეუძლებელია ასეთი ჯარიმის პირობებში, ვალდებულების შესასრულებლად, მუშაობის გაგრძელება, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირობების გათვალისწინებას და შეცდომით/არცოდნით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული 167 214 ლარისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №4486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14382 ბრძანება და №007-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №19710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);