ბრძანება N 15102
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15102
27 ივნისი 2024
ბრძანება
შპს „ ------ -ს “ (ს/ნ "-------" )
(მის.: „------ “ )
2024 წლის 20 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „------ ს “ (ს/ნ „------ “) 2024 წლის 20 ივნისის №90289/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №022-10 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3540 ბრძანების საფუძველზე შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------" ) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 17 თებერვლიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №11721 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 283 057 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 138 179 ლარი, ჯარიმა 116 973 ლარი და საურავი 27 905 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
2022 წლის ნოემბრის თვეში შპს „------ -ს “ (ს/ნ "---------") მიერ გამოწერილია №"---------" სასაქონლო ზედნადები, ღირებულებით 2 064 ლარი (დღგ-ის გარეშე), რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხით, გაიზარდა 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
2022 წლის დეკემბერის თვეში შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------" ) მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-76 №„------“, რომელიც დაკორექტირებულია 2023 წლის თებერვლის თვეში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეკ №„------“ და შემცირებულია დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდის ცვლილებით (კორექტირების საანგარიშო პერიოდში) არის ასახული აღნიშნული თანხა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მოხდა აღნიშნული თანხების გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლისთვის.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3360 და 2024 წლის 19 თებერვლის №3403 ბრძანებების საფუძველზე, შპს „------ -ს “ (ს/ნ „------ “) კუთვნილ ობიექტებზე, კერძოდ: ქ. „------ “, ქუჩა №31-ში და „------ “ რაიონი, „------ “-ში ჩატარდა ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც სმფ-ის ინევნტარიზაციის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ, 2024 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, შეადგინა 188 482 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ სმფ-ის ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ სმფ-ის ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ - 238 906 ლარის ღირებულების დანაკლისი. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ასევე შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. შედეგად, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.
2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის თებერვლის თვეებში შპს „--------“ (ს/ნ „------ “) სს „------ ბანკის“ საბანკო ანგარიშიდან გაცემულია ხელფასი კომპანიის დირექტორზე 5 000- 5 000 ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების მიერ, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ხელფასის თანხები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
საწარმოს შესაბამის პერიოდებში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და შესაბამისი ინფორმაციები საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ. დარღვეულია ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ან დეკლარაციის არასრულად წარდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით.
შპს „------- -ს “ (ს/ნ „------ “) მიერ შეძენილია საქონელი, რომლის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის (საქონელი რეალურად მიღებულია და თანხაც გადახდილია). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით, აღნიშნული ხარჯის ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით აისახა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების პროცესში, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2023 წლის ნოემბერში, კომპანიის დირექტორს გატანილი აქვს თანხა სალაროდან (230 000 ლარი), რომლის გახარჯვა არ ფიქსირდება, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნული თანხა ასახულია - მოთხოვნები ანგარიშვალდებული პირის მიმართ ბარათზე (1430). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნულ სესხზე პროცენტის დარიცხვა და გადახდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №2641 სიტუაციური სახელმძღვანელოს დებულებიდან გამომდინარე, ხელფასის სახით მიღებული სარგებელი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გაცემულ სესხზე პროცენტის გაანგარიშებისას საპროცენტო განაკვეთად აღებულია ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული განაკვეთი - 20%, ხოლო შესაბამისი სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელი დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------") მიერ 2021 წლის 18 თებერვალს უკრაინული კომპანია „------ -სთვის “ გაცემულია 183 135 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილია ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, კომპანია „------- -ს “ 360 დღის ვადაში, სრული თანხის 75%-ის მიღების შემთხვევაში, უნდა გადაეცა 2 ცალი „დიზელის ძრავი“ შპს „------- -თვის “ (ს/ნ „------ “) კომპანია „------ - თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედგენის თარიღი და შპს „------- -ს “ (ს/ნ „------ “) მიერ საქონლის ღირებულების 75% გადაცემის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს - 18.02.2021 წელი, თუმცა როგორც შპს „------ -ს “ დირექტორი აღნიშნავს ზეპირი განმარტებით, გარკვეული პრობლემების გამო, აღნიშნული საქონელი დღემდე არ აქვს მიღებული. ბუღალტრულ პროგრამაში კომპანია „------ სთვის“ გადახდილი თანხა ასახულია წინასწარ გაწეული ხარჯების ბარათზე (1790). ასევე, შპს „------ -ს “ მიერ რუსულ კომპანია „------ -ზე “ ზედმეტად გადახდილი თანხა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შეადგენს 335 157 ლარს. აღნიშნული კომპანიიდან შპს „------- -ს“ იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით შემოაქვს სარკინიგზო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები, თუმცა 2023 წლის მარტის თვის შემდეგ საქონლის მიღება არ ფიქსირდება, ხოლო თანხა გადარიცხულია 335 157 ლარის მეტობით. ბუღალტრულ პროგრამაში კომპანია „------ -ზე “ გადახდილი თანხებიც ასახულია წინასწარ გაწეული ხარჯების ბარათზე (1790). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ საწარმოებზე სესხის სახით გაცემულ თანხებად: კომპანია „------- -ის “ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის ვადაში, ხოლო კომპანია „------ -ის “ შემთხვევაში - 2023 წლის მარტში. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 17 თებერვლიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №11721 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 283 057 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269,286.