გადაწყვეტილება № 27741/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27741/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27741/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------7.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27741/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18282 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2026 წლის №047-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13855 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 344 270,06 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 190 548,73

დღგ - 55 037,81

საშემოსავლო გადასახადი - 135 793,85

ჯარიმა - 95 402,3

საურავი - 58 319,03

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტვირთის გადაზიდვის მომსახურება. საკუთრებაში ჰყავს სატვირთო ავტომობილები, რომლითაც ახორციელებს ტვირთის გადაზიდვებს. უფიქსირდება როგორც ადგილობრივი, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო გადაზიდვა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის (ორისი) ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანია მოხმარებულ საწვავს ჩამოწერს თვის ბოლოს ჯამურად, შესაბამისად ვერ დგინდება, თუ რომელ გადაზიდვაზე რა რაოდენობის საწვავი იქნა ჩამოწერილი. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გახარჯული ქონდა 257 663 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომობილების საშუალო (შერეულ) წვად დადგინდა 35 ლიტრი საწვავი (კომპანიის ახსნა-განმარტება). შესაბამისად, ხსენებული წვის ნორმის მიხედვით, განისაზღვრა კომპანიას კუთვნილი ავტომობილებით, გავლილი მანძილის ოდენობა (სრულ შეძენილ საწვავს დაკლებულ იქნა საერთაშორისო გადაზიდვებზე გახარჯული ბენზინის ოდენობა). ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინვოისების მიხედვით, გაანგარიშდა 1 კილომეტრზე მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის შემდგომ, გავლილი კილომეტრაჟი გამრავლდა საშუალო შემოსავალზე და დადგინდა ჯამური შემოსავალი. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2441 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----“ (ს/ნ -----) სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 17 თებერვალს ჩაუტარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროს ნაშთი დაფიქსირდა 0 (ნული) ლარი. საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანებით შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, წარუდგინოს სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, სადაც ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეესტრის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია განხორციელებული რეისების შესახებ;

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 აპრილის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის

გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 აპრილის №047-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13855 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივრებში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორმა გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი არ დაუკავშირა საგადასახადო შემოწმების აქტის ცხრილებს (დანართებს), რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული იყო გადაანგარიშება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში არასწორი მონაცემები იქნა ასახული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული 305 766 ლარის „ფარული შემოსავლის" გამოთვლა შეიცავდა ფაქტობრივი მონაცემების მნიშვნელოვან ხარვეზს/ფორმულის გაანგარიშების მეთოდოლოგიურ ცდომილებებს. ხარვეზების გამოსწორების შემდეგ დარჩენილი მცირე საწვავის ხარჯვის გადახრა ექცევა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანებით დადგენილ 25%-იანი დასაშვები გადახრის ფარგლებში. უზუსტობების შედეგად სულ გადაანგარიშებით დაბეგვრაში რჩება 20 942 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო სულ მთლიან შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია კომპანიის მიერ

259 389 ლიტრი დიზელი, რაც შეადგენს 8%-ს (20 942/259 389). გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობას ემსახურება 3 კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამივე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა. ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვებიდან გასულია 5 წელზე მეტი, კომპანიას უფლება აქვს ისარგებლოს ნორმის 25%-იანი დასაშვები ცდომილების ფარგლებით. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურმა იმსჯელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ გამოყენებაზე დარიცხულ გადასახადებთან მიმართებით და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანება კავშირშია დარიცხულ გადასახადებთან, დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს ინსტრუქციის პირობების გათვალისწინებით დარიცხული გადასახადების (მ.შ. სანქციის) კორექტირება/გაუქმება. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ავტომანქანების წვის შესახებ ჩაატარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

1 კმ-ზე საშუალო შემოსავლის გაანგარიშების ფორმულა შეიცავს ხარვეზს, რომლის გასწორების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება შემოსავალი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შესწორებული გაანგარიშების ცხრილი. რეისების მანძილი (კმ) და რეისების რაოდენობა 43 საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არ შეესაბამება გადაზიდული ტონაჟის მონაცემებს. მაგ.: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------, გადაზიდულია 203,64 ტონა ტვირთი, ხოლო აუდიტის ცხრილში მითითებულია 1 რეისი და 176 კმ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ------- ავტომანქანის სატვირთო ტევადობა 25–26 ტონის ფარგლებშია. ანუ უნდა შესრულებულიყო მინიმუმ 8 რეისი. ანალოგიური შინაარსობრივი შეუსაბამობებია სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებშიც. გარდა ამისა, რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედეგების გათვალისწინება არ მოხდა აუდიტის მიერ. ასევე, რამდენიმე მარშრუტისთვის არასწორად მითითებულია 1 რეისის კმ-ის მაჩვენებელი. აცხადებს, რომ საჩივრებს თანდართული აქვს შესწორებული გაანგარიშების ცხრილები.

აუდიტის გაანგარიშებაში მოხვდა ერთი საერთაშორისო რეისი, რომელიც არასწორად ჩაითვალა ადგილობრივი დღგ-ის გაანგარიშების საფუძვლად (2022 წლის თებერვალი, კონტრაგენტი: შპს „------“, მარშუტი: ------, 448 კმ, თანხა - 1 500 ლარი). აუდიტის დეპარტამენტმა ასევე არ გაითვალისწინა სერვისზე წასვლა-დაბრუნებისას განვლილი მანძილი. ბუღალტრულ ცხრილში დაფიქსირებულია 593 სასაქონლო ზედნადები, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების სერვისთან. 1 სერვისზე წასვლა-დაბრუნების საშუალო კილომეტრაჟი შეადგენს 20 კმ-ს. შესაბამისად, ჯამურად სერვისზე წასვლის კილომეტრაჟი აუდიტის პერიოდისთვის არის 593 რეისი × 20 კმ = 11 860 კმ. 11 860 კმ წარმოადგენს ფაქტობრივად გავლილ მანძილს, როდესაც ხდებოდა საწვავის ხარჯვა და შემოსავლის გენერირებას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არ იქნა გათვალისწინებული გაჩერებულ მდგომარეობაში საცობის დროს გახარჯული საწვავი, აგრეთვე, აღმართზე ხანგრძლივი ლოდინისას, ხოლო ზამთრის პერიოდში კაბინის გათბობისთვის. გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები-----ავტობანზე, რაც ქმნიდა ხანგრძლივ საცობს, რომელიც ხშირად რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ასევე აღნიშნავს, რომ გაჩერებულ მდგომარეობაში წვის ფარგლების წინასწარი ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან დამოკიდებულია ცვალებად ფაქტორებზე (ამინდი, საცობების ხანგრძლივობა, საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დრო). აღნიშნული გარემოება ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მოხმარებული საწვავის ნაწილი (249 742,5 ლიტრიდან) წარმოადგენდა გაჩერებულ მდგომარეობაში წვას და არა გადაადგილებას.

აუდიტორმა ხარჯებში ასევე უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვის საფუძველზე სამომავლოდ პოტენციურად გადასახდელი თანხები.

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, წარუდგინოს სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, სადაც ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო გადასახადის გადამხდელს მიეცა რეესტრის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია განხორციელებული რეისების შესახებ. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს, დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ 24.04.2026 წლის დასკვნაში მითითებული შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელმა შემოწმების მიერ გადაგზავნილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, სრულად ვერ გაშიფრა ყველა გადაზიდვა, მათ შორის ზოგიერთზე თქვა რომ სასაქონლო ზედნადების ნომრები, სადაც კომპანიის ავტომობილი ასრულებს რეისს, მათ არ შეუსრულებიათ, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცხრილი იყო არასრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადამოწმების შედეგად, მომსახურების თანხა, შესრულებული რეისების დღეები და რაოდენობები იყო არარეალური (მაგ.: ერთ დღეში 6-8 რეისის შესრულება), აგრეთვე, გაზრდილი იყო მანძილი (კილომეტრაჟი რეისების პუნქტებს შორის). რაც შეეხება წვის ნორმას, ნაცვლად ცარიელი წვის ნორმისა, დაუტვირთავ მიმართულებებზე გადამხდელს იგი გაანგარიშებული ჰქონდა ყველა მიმართულებაზე დატვირთული წვის ნორმის გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე (საშუალო წვის ნორმა დატვირთულზე 40 ლიტრი - 100 კილომეტრზე, ხოლო ცარიელზე 30 ლიტრი - 100 კილომეტრზე) წვის ნორმა დაანგარიშებულ იქნა საშუალოდ, კერძოდ - გახარჯული საწვავი ჩამოიწერა დატვირთული და დაუტვირთავი წვის ნორმის საშუალო მაჩვენებელით (30+40)/2 =35 ლიტრით 100 კილომეტრზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიწოდებული ცხრილების შესწავლის შედეგად, ვერ გამოვლინდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.

აღნიშნული გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რამაც გამოიწვია არარეალური საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ დარჩენილი მცირე საწვავის ხარჯვის გადახრა ექცევა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანებით დადგენილ 25%-იანი დასაშვები გადახრის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ 1 კმ-ზე საშუალო შემოსავლის გაანგარიშების ფორმულა შეიცავს ხარვეზს, რომლის გასწორების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება შემოსავალი. მომჩივანს წარმოდგენილი აქვს შესწორებული გაანგარიშების ცხრილი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13855 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18282 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის მომსახურება, რომელსაც ახორციელებს საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი მოხმარებულ საწვავს ჩამოწერდა თვის ჯამურად, კონკრეტულ გადაზიდვასთან მიბმის გარეშე, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილების შესწავლისას დადგინდა, რომ ზოგიერთი სასაქონლო ზედნადებით მითითებული გადაზიდვა, გადამხდელის განმარტებით, საერთოდ არ შესრულებულა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მონაცემები არასრულყოფილად და არარეალურად იყო ასახული (მაგალითად, დღეში არარეალურად მაღალი რაოდენობის რეისები, გაზრდილი მანძილები). დაუტვირთავ მიმართულებებზეც წვის ნორმა დატვირთული რეისების პრინციპით იყო გაანგარიშებული. შემოწმებამ, გადამხდელის განმარტების საფუძველზე, საწვავის ხარჯი დათვალა დატვირთული და დაუტვირთავი ნორმების საშუალო მაჩვენებლით და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი არ გამოვლენილა.

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა , დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი შესწავლა და, საფუძვლის არსებობისას, ვალდებულების კორექტირება. დავისას მომჩივანმა მიუთითა ტექნიკურ ხარვეზებზე, დასაშვები 25%-იანი გადახრის ფარგლებზე და გაანგარიშების ფორმულის ხარვეზზე, წარმოადგინა შესწორებული ცხრილი.

ვინაიდან საქმისთვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ არის გამოკვლეული, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);