ბრძანება N 22213

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.10.2024
№ დოკუმენტი 22213
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22213

11 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ს“ (ს/ნ ------)

(მის.:-------)

2024 წლის 5 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 და 26 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №98 და №104) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ -----) №91813/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №006-429 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

1. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა შეძენილი საქონლის ღირებულების გაანგარიშება, რომელიც შემოსავლის მიღების განსაზღვრის მსგავსად, არაპირდაპირი მეთოდით უნდა ჩათვლილიყო გადახდილად. ასევე, მიწოდებულ იქნა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის გაანგარიშება, რომელიც აღებულია პირველი შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტის საანგარიშო პერიოდში და მის მიზნობრიობას წარმოადგენდა წინა საანგარიშო პერიოდში აღებული სესხის გადაფარვა. ამასთან, დამატებით მიუთითებს, რომ პირველ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დამფუძნებლის მიერ სესხის გაცემა საწარმოზე, ასევე, პირველ შუალედურ საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით აღარ მიმდინარეობს დავა და გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება 1 040 070 ლარზე და აღნიშნული თანხები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სალაროს ნაშთის ფორმირებისას.

2. დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი მასალები გათვალისწინებულია კაპიტალიზაციაში და ბარტერის ნაწილში დარიცხულია დღგ გაზრდილ კაპიტალიზაციაზე.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6311 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-738 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 5 თებერვლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ის“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6311 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 23 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 სექტემბრის №006-429 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმება დაუკავშირდა გადამხდელს/წარმომადგენელს და ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა დამატებითი ვადა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, მისი შემდგომი შესწავლის მიზნით, თუმცა შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ვეღარ მოხერხდა დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ, რის საფუძველზეც დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6311 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა, თუმცა მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა სალაროში არსებული ფულადი სახსრების გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია და ასევე, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები და ბანკის სესხის ხელშეკრულება მიზნობრიობის მითითებით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან შემოწმების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საკითხი გავლილია შემოწმებასთან და დამატებითი არგუმენტები/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებისათვის და ასევე დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია.

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

1. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით;

2. დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელისძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ს ნაწილში საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაცია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა, თუმცა მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა სალაროში არსებული ფულადი სახსრების გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია და ასევე, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები და ბანკის სესხის ხელშეკრულება მიზნობრიობის მითითებით.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან შემოწმების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9)101(1);154(ა);304(21);