გადაწყვეტილება №27410/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 27410/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27410/2/2026

19 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 25.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27410/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №007-65 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9759 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 286 091,45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 174 894,07

დღგ - 22 775,76

საშემოსავლო გადასახადი - 152 118,31

ჯარიმა - 103 329,40

საურავი - 7 867,98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია --- ბაზრობის ტერიტორიაზე. კერძოდ ახდენს --დან ტანსაცმლის იმპორტს. კომპანია დაფუძნებულია 20.05.2025 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ასევე დარეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზეც ვერ მოიძებნა. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4265 ბრძანების საფუძველზე დანიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების პროცედურა ვერ განხორციელდა და სმფ-ების არსებობა ვერ დადგინდა. მომჩივანი გაეცნო გაგზავნილ შეტყობინებას დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 365 120 ლარის თვითღირებულების ტანსაცმელი. იმპორტირებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. წარდგენილი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 337 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 961 778 ლარის ოდენობით. სხვაობა (959 441 ლარი) გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე გათვალისწინებულია იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის 149 924 ლარის ჩათვლა.

ასევე გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი 1 134 897 ლარი (დღგ-ის გარეშე 961 778) ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 608 473 ლარი. ვინაიდან ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება და ჩაითვალა რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია და იგი ნულის ტოლია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 760 592 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1611 , 163-ე, 164-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №007-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ფასნამატი არ გავრცელებულა აფასებულ ღირებულებაზე. შემოწმების პროცესში განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით და შემდგომ განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელს საერთოდ არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო რაც შეეხება გადამხდელის პოზიციას სხვა კომპანიასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „-----“ იმპორტს ახორციელებს ---დან და ირანიდან. შპს „----“ და შპს „---“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „---“ ვაჭრობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლით, ხოლო შპს „------“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). შპს „-----“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად და გავრცელდა საბითუმო ფასნამატი, ხოლო შპს „----“-ზე (ს/ნ -----) არ დადგენილა საბითუმო ვაჭრობა და ჩაითვალა საცალო მოვაჭრედ, რის შესაბამისადაც განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო) და განსხვავებული საქონლით ვაჭრობას. შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა ინდივიდუალური მიდგომა სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისთვის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, იმპორტირებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილვა. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოწმებით განსაზღვრული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა.

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები.

უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 2. თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მათთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი. ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი?არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9759 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2026 წლის №--21-14 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღწერილია სადავო დარიცხვის საფუძვლები, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ფასნამატი გავრცელდა აფასებულ ღირებულებებზე, აღნიშნული პოზიცია არასწორია, ვინაიდან ფასნამატი არ გავრცელებულა აფასებულ ღირებულებაზე. შემოწმების პროცესში განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით და შემდგომ განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. ასევე გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ რატომ არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. უცნობია, რომელ დოკუმენტურ ფასნამატზე მიუთითებს გადამხდელი, როდესაც მას საერთოდ არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას სხვა კომპანიასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით განმარტავს, რომ „შპს „----“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „----“ (ს/ნ -----) და შპს „----“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „----“ (ს/ნ ----) ვაჭრობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლით, ხოლო შპს „-----“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). შპს „----“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად და გავრცელდა საბითუმო ფასნამატი, ხოლო შპს „----“-ზე (ს/ნ ----) არ დადგენილა საბითუმო ვაჭრობა და ჩაითვალა საცალო მოვაჭრედ, რის შესაბამისადაც განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო) და განსხვავებული საქონლით ვაჭრობას. შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური შესაბამისი მიდგომა სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში არ არის ისეთი გარემოებები მითითებული და არც დამატებით არ არის წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №3663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ასევე დარეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზეც ვერ მოიძებნა. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №4265 ბრძანების საფუძველზე დანიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების პროცედურა ვერ განხორციელდა და სმფ-ების არსებობა ვერ დადგინდა. მომჩივანი გაეცნო გაგზავნილ შეტყობინებას დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა.აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 365 120 ლარის თვითღირებულების ტანსაცმელი. იმპორტირებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. წარდგენილი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 337 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 961 778 ლარის ოდენობით. სხვაობა (959 441 ლარი) გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე გათვალისწინებულია იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის 149 924 ლარის ჩათვლა.

ასევე გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი 1 134 897 ლარი (დღგ-ის გარეშე 961 778) ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 608 473 ლარი. ვინაიდან ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება და ჩაითვალა რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია და იგი ნულის ტოლია.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 760 592 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1611 , 163-ე, 164-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №9759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(პირველი და მე-2); 164(1);