გადაწყვეტილება №23677/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23677/2/2024
24 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 8.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23677/2/2024).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №EL255957 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17956 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
29.02.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი -----ის კონტროლის ზონაში ------ის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ თან ჰქონდა 400 ღერი (20 კოლოფი) სიგარეტი, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ფიზიკური და ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად დეკლარირებული საქონლის გარდა, დამატებით აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „-----“ – 400 ღერი (20 კოლოფი) და თუთუნი „-------“ – 150 გრ, რომლებიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.
გამოვლენილ სამართალდარრვევის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №--------).
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.08.2024 წლის №17956 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის 70 წლის, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტი, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ვერ შეძლებს თანხის გადახდას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს პატიებას, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას ან/და სანახევროდ შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 21.08.2024 წლის №-----21-10 წერილი, საიდანაც იკვევა, რომ მომჩივანი სისტემატიურად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“ და „დ.გ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით, კერძოდ უფიქსირდება:
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 12 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე;
ასევე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის შემოტანის 18 ფაქტი, სადაც „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 5 682 ღერი (285 კოლოფი) სიგარეტი.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები
29.02.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტიის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ თან ჰქონდა 400 ღერი (20 კოლოფი) სიგარეტი, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ფიზიკური და ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად დეკლარირებული საქონლის გარდა, დამატებით აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი 400 ღერი (20 კოლოფი) და თუთუნი 150 გრ, რომლებიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.
გამოვლენილ სამართალდარრვევის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმით).
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17956 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27(1); 73(1 „ა“) ; 168(3.31);
ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199( „დ.გ“);