გადაწყვეტილება №19834/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19834/2/2023
28 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19834/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადადგენილი ფასნამატი;
2. საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულება და შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32167 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 91 344 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 880
დღგ - 21 424
საშემოსავლო გადასახადი - 25 456
ჯარიმა - 31 822
საურავი - 12 642
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მინის დამუშავება და რეალიზაცია. გადამხდელი ადგილობრივად ახდენს სხვადასხვა ზომისა და სისქის მინების შესყიდვას მათ დაჭრას და მინა-პაკეტების, მინის თაროების და სხვადასხვა მინის კონსტრუქციების დამზადებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32167 ბრძანება და ამავე თარიღის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 21 და 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 520 132 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი შეადგენს 41 960 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხების ჯამი 15 411.21 ლარს.
შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილია შემოწმების დასრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამა, კალკულაციები, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 8%-ს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები, რის გამოც გამოყენებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%).
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არსებული მასალების, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილია შემოწმებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად არ მომხდარა. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები. ამასთან, დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 8%-ს. აუდიტორის მითითების შედეგად გადამხდელმა მოახდინა აღნიშნული ფასნამატის ცვლილება, თუმცა მხოლოდ 4%-ით. გადამხდელი აღნიშნავდა, რომ მისი ფასნამატი იყო 12%, თუმცა მის მიერ ვერ მოხერხდა საქონლის გაშიფვრა და ერთმანეთისგან გამიჯვნა. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 26%. შემოწმებით აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.
გადამხდელის არგუმენტთან, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების აქტზე (დღგ-ის გაანგარიშების დანართი) დაყრდნობით განმარტავს, რომ 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა არ უფიქსირდება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ გამოყენებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%). უცნობია რა პერიოდის ფასნამატია აღებული, ვინაიდან შემოწმების პერიოდის ძირითადი ნაწილი არის პანდემიური პერიოდის და ამ პერიოდში მოთხოვნა შემცირდა, ფასნამატი საეჭვოა, რომ 26% ყოფილიყო, რადგან აღნიშნული პერიოდში კომპანიები საკმაოდ დიდ ზარალზე მუშაობდნენ და მთავარი მიზანი იყო კომპანიას როგორმე თავი გადაერჩინა.
ამასთან, ვინაიდან 2022 წლის ივნისის თვეში 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შემმოწმებლის მიერ დაანგარიშებულია 96 058 ლარით მეტი, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში ჯარიმის დარიცხვა უნდა მომხდარიყო საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით, რადგან პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილია შემოწმებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად არ მომხდარა. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები. ამასთან, დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 8%-ს. აუდიტორის მითითების შედეგად გადამხდელმა მოახდინა აღნიშნული ფასნამატის ცვლილება, თუმცა მხოლოდ 4%-ით. გადამხდელი აღნიშნავდა, რომ ფასნამატი იყო 12%, თუმცა მის მიერ ვერ მოხერხდა საქონლის გაშიფვრა და ერთმანეთისგან გამიჯვნა. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 26%. შემოწმებით აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებული პერიოდი მოიცავს პანდემიურ პერიოდს, შესაბამისად ამ პერიოდში მოთხოვნა შემცირდა და ფასნამატი 26% ვერ იქნებოდა, რადგან კომპანიის მთავარი მიზანი იყო თავის გადარჩენა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულება და შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლისას გათვალისწინებულია 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმოში შემავალი და გამავალი ფულადი სახსრები. ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია როგორც საოპერაციო (გაყიდვებთან დაკავშირებული შემოსავალები/ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები), ასევე საფინანსო საქმიანობასთან (სესხები აღება/დაფარვა, საპროცენტო შემოსავალი და ა.შ.) დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოსავლები და გასავლები.
ზემოხსენებული გაანგარიშების მიხედვით პირს უნდა ჰქონოდა ფულადი სახსრების ნაშთი, თუმცა გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა.
შემოწმებამ პირის ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი შემოსავალი არსებითად აღემატებოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნაგანმარტება, ასევე არ არსებობს რაიმე სხვა ინფორმაცია სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე. გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
ბ) გადამხდელის მიერ წარდგენილი არასრული საბუღალტრო მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 142 925 ლარი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა, ანგარიშგების პორტალზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (სრული პერიოდის საბანკო ამონაწერები და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები) ანალიზის საფუძველზე აღნიშნული საწყისი კაპიტალის წარმომავლობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად 142 925 ლარის ნაცვლად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელს არ უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი და შემოწმებით ვერ დადგინდა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის რეალობა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 142 925.34 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 346 997.94 ლარით და შემცირებულია 188 860,71 ლარით ანუ ნეტი ნაზარდი იყო 158 137.23 ლარი. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი ფულადი ნაკადით უნდა შემცირებულიყო კომპანიის 100%-იანი მფლობელისა და დირექტორის ვალდებულება.
შემოწმებისას კაპიტალის მოძრაობა არ იქნა დეტალურად გამოკვლეული, ვინაიდან როგორც აღნიშნა 2019 წლის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 142 925.34 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 346 997.94 ლარით და შემცირებულია 188 860.71 ლარით, ანუ ნეტი ზრდა იყო 158 137.23 ლარით. ბუღალტრის მიერ გახარჯული მასალის ჩამოწერა ხდებოდა 7200 ანგარიშზე, მაგრამ რამდენიმე ჩამოწერის დროს მექანიკური შეცდომით მარაგები ჩამოწერილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საერთო თანხით 234 659.07 ლარი. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით საწესდებო კაპიტალის დებეტური ბრუნვა მცირდება და შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის ნეტი ზრდა გამოდის 158 137,23 ლარი. სრულიად გაურკვეველია რა სახის ანალიზი ჩაატარა შემმოწმებელმა საწესდებო კაპიტალის დასადგენად.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საჩივარი განიხილა გადამხდელის დაუსწრებლად და არც კი იმსჯელა საჩივარში გაჟღერებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და საჩივარი არ დააკმაყოფილა. დანართის სახით წარმოდგენილია კაპიტალის მოძრაობის უწყისი №1, სადაც ნათლად ჩანს საჩივარში არსებული მსჯელობა. იგივეს ადასტურებს შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ გაგზავნილი სალაროს და ბანკის ამონაწერები. შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით და აგრეთვე მისი ბაზების ანალიზიდანაც მარტივი დასათვლელია, რომ შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატი არ და ვერ ყოფნის იჯარის გადახდილ ხარჯებს 78 361 ლარს, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, გადახდილ საპროცენტო ხარჯებს თანხით 27 920,50 ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერებით დასტურდება, აგრეთვე გადახდილ სახელფასო ხარჯებს, რომელიც საგადასახადოს განაცემთა ბაზით შეადგენს 149 411,88 ლარს. წარმოდგენილი არგუმენტები დასტურდება ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის ანალიზით.
აღნიშნული საწესდებო კაპიტალი ფიქსირდება რეპორტალზე გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაშიც. სრულიად გაურკვეველია რა ანალიზი ჩატარდა და რის საფუძველზე იქნა მტკიცებულებები მოპოვებული, მიაჩნია, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკვლევების გარეშე მოახდინა შემოწმება 2019 წლის საწყისი კაპიტალის განულება.
ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაევალოს მოახდინოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმებისას კაპიტალის მოძრაობა არ იქნა დეტალურად გამოკვლეული. კაპიტალის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან 2019 წლის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 142 925.34 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 346 997.94 ლარით და შემცირებულია 188 860.71 ლარით, ანუ ნეტი ზრდა იყო 158 137.23 ლარით. ბუღალტრის მიერ გახარჯული მასალის ჩამოწერა ხდებოდა 7200 ანგარიშზე, მაგრამ რამდენიმე ჩამოწერის დროს მექანიკური შეცდომით მარაგები ჩამოწერილია საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საერთო თანხით 234 659.07 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით საწესდებო კაპიტალის დებეტური ბრუნვა მცირდება და შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის ნეტი ზრდა გამოდის 158 137,23 ლარი. დანართის სახით წარმოდგენილია კაპიტალის მოძრაობის უწყისი №1, რაც ადასტურებს აღნიშნულ მსჯელობას. იგივეს ადასტურებს შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ გაგზავნილი სალაროს და ბანკის ამონაწერები. შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატი არ და ვერ ყოფნის იჯარის გადახდილ ხარჯებს 78 361 ლარს, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, გადახდილ საპროცენტო ხარჯებს თანხით 27 920,50 ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერებით დასტურდება, აგრეთვე გადახდილ სახელფასო ხარჯებს, რომელიც საგადასახადო ორგანოს განაცემთა ბაზით შეადგენს 149 411,88 ლარს.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
3. 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტი არ მოიცავს ინფორმაციას მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, დივიდენდის გაცემის დაუდასტურებლობის საფუძვლით 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ საკითხზე დარიცხვა არ განხორციელებულა და გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით ირკვევა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დეკლარირებული დივიდენდის თანხა, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შემცირება, საბოლოო ჯამში არ გამოიწვევს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებას, ვინაიდან მისი შემცირების შემთხვევაში აღნიშნული თანხით გაიზრდება ფულადი სახსრების ნაშთი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხის გაზრდას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის ივნისის თვეში მოგების გადასახადის დეკლარაციით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა 5 724,94 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში 4 502,15 ლარი არის შესამცირებელი, რადგან აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტურად არ დასტურდება დივიდენდის გაცემა, კერძოდ (არ არის პარტნიორთა კრების ოქმი, არ არის სალაროს დოკუმენტებში და არ არის ბანკის ამონაწერებში) და შემმოწმებელს უნდა მოეხდინა მისი შემცირება. მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ თუნდაც კაპიტალის საწყისი ნაშთი ნული ყოფილიყო გადასახადის გადამხდელს მაინც არ მოუწევდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 და 43-ე ნაწილების მიხედვით:
12. დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
43. წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის ივნისის თვეში დოკუმენტურად არ დასტურდება დივიდენდის გაცემა, კერძოდ არ არის პარტნიორთა კრების ოქმი, არ არის სალაროს დოკუმენტებში და არ არის ბანკის ამონაწერებში,შესაბამისად შემმოწმებელს უნდა შეემცირებინა მოგების გადასახადის დეკლარაციით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა 5 724,94 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში ასახული 4 502,15 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დეკლარირებული დივიდენდის თანხა, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შემცირება, საბოლოო ჯამში არ გამოიწვევს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებას, ვინაიდან მისი შემცირების შემთხვევაში აღნიშნული თანხით გაიზრდება ფულადი სახსრების ნაშთი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხის გაზრდას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ საკითხზე დარიცხვა არ განხორციელებულა და გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები დარჩა უცვლელი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატი;
2. საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულება და შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით.შემოწმებამ პირის ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი შემოსავალი არსებითად აღემატებოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა, ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ანალიზის საფუძველზე აღნიშნული საწყისი კაპიტალის წარმომავლობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);61(3);73(5ა);160(ა);161(1ა,2);159(1ა);163(1,2);164(1);100(3);101(1);154(3);8(12,43);96;97;309(92);