გადაწყვეტილება №26596/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26596/2/2026
25 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---- (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 06.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26596/2/2026).
დავის საგანი:
2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით 2022 წლის იანვარში ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №007-335 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1828 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 387 843,65 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 219 014,57
დღგ - 18 855,27
საშემოსავლო გადასახადი - 197 246,3
ქონების გადასახადი - 2 913
ჯარიმა - 97 405,8
საურავი - 71 426,28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 31.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და ჩათვლილია სულ 20 077 ლარის შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ. შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემები შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილ ანგარიშ-ფაქტურებს. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურები, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №007-335 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1828 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (გასაჩივრებული საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა), რაც არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა დღგ-ის თანხის ჩათვლა განხორციელდეს არაუგვიანეს დღგ-ის ჩათვლის უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ წინა წელს განხორციელებული ოპერაციის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მომდევნო წელს მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი აქვს 2022 წლის 13 იანვარს, ხოლო შპს ----ის (ს/ნ ----) მიერ საიჯარო მომსახურებებზე დეკემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2022 წლის 14 იანვარს, ანუ დღგ-ის დეკლარაციის ჩაბარების შემდგომ. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ასახული იქნა 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში (რადგან დეკლარაციის წარდგენისას აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ იყო), რაც აუდიტორის მხრიდან მიჩნეულ იქნა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმის დარღვევად და გაუქმებული იქნა 2022 წლის იანვრის თვეში 2021 წლის დეკემბრის დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლები.
სერია ნომერი პერიოდი დღგ
ეა-74 --- 12.2021 1 645.75
ეა-74 --- 12.2021 1 645.75
ეა-74 --- 12.2021 1 231.35
ეა-74 --- 12.2021 947.19
ავ-72 --- 12.2021 1 525.42
ეა-74 ---- 12.2021 1 645.75
ჯამი 8 641.21
შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ იქნა გაზიარებული სამართლებრივი დასაბუთება ჩათვლის გაუქმების არამართლზომიერების შესახებ და №1828 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ აუდიტორის ქმედება მართლზომიერი იყო და შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. კანონით გათვალისწინებული 3-წლიანი შეზღუდვის მიზანია საგადასახადო ორგანოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის შენარჩუნება ოპერაციის განმახორციელებელი დასაბეგრი პირის მიმართ, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საგადასახადო ორგანომ ხელიდან არ გაუშვას გადასახადის დარიცხვის ბერკეტი. ამ პოზიციას ამყარებს ამავე ნორმის ჩანაწერი - თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ აქვს, რადგან დღგ-ის ჩათვლები განხორციელდა 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით, ანუ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომდევნო საანგარიშო პერიოდში და არა 3 წლის შემდეგ. კანონის აღნიშნული შემზღუდველი ნორმის მიხედვით ჩათვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იზღუდება, როდესაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 წელია გასული, განსახილველ შემთხვევაში ჩათვლების გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მომდევნო თვეს, რადგან აღნიშნული ნორმის ჩანაწერი - ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით) - წარმოადგენს პროცედურულ ნაწილს და აღნიშნულის დარღვევა არ არის საკმარისი საფუძველი ჩათვლების გასაუქმებლად. აღნიშნული საფუძვლით დღგ-ის ჩათვლების გაუქმება ასევე ეწინააღმდეგება ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ საყოველთაოდ აღიარებულ დღგ-ის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ: პრინციპი №1 – ღონისძიებების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, განსაკუთრებით ბიუჯეტისთვის ზიანის არარსებობის შემთხვევაში. პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ღონისძიება: - იყოს ლეგიტიმური მიზნისკენ მიმართული, - იყოს აუცილებელი (არ არსებობდეს ნაკლებად მკაცრი საშუალება), - იყოს შესაფერისი და დაბალანსებული - არ იწვევდეს გადამეტებულ ზიანს გადასახადის გადამხდელისთვის. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს მიზანი დღგ-ის სფეროში არის გადასახადის სწორად ამოღება, თაღლითობის თავიდან აცილება, ბიუჯეტის დაცვა, ამ შემთხვევაში: - ოპერაცია რეალურია - დღგ დარიცხულია და გადახდილია - ყალბი/ფიქტიური ოპერაცია არ არსებობს - ბიუჯეტს ზიანი არ მიყენებია ჩათვლის გაუქმება არაპროპორციული ღონისძიებაა, რადგან თუ საგადასახადო ორგანო 2025 წელს აუქმებს 2022 წელს განხორციელებულ დღგ-ის ჩათვლას მხოლოდ იმის გამო, რომ 2021 წლის დეკემბრის ანგარიშ-ფაქტურა იანვარშია ჩათვლილი, ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება აღარ არის აუცილებელი რადგან: - თაღლითობა არ იკვეთება - ბიუჯეტი არ დაზარალებულა - კონტროლის მიზანი მიღწეულია შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი ალტერნატივით შემოფარგვლა: - ფორმალური შენიშვნა - პროცედურული დარღვევის ფიქსაცია - მაქსიმუმ –საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც დასაბეგრი ოპერაცია რეალურია, დღგ დარიცხულია და ბიუჯეტს ზიანი არ მიადგა, მხოლოდ დეკლარირების პერიოდის ტექნიკური აცდენის გამო, უკვე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, წარმოადგენს არაპროპორციულ ღონისძიებას, რომელიც სცდება კონტროლის მიზნებისთვის აუცილებელ ფარგლებს.
პრინციპი №2 – ეკვივალენტობისა და ეფექტიანობის პრინციპები: დღგ-ის დაბრუნება გარკვეული ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად არ უნდა გახდეს შეუძლებელი. საკანონმდებლო ნორმების ისეთი ინტერპრეტაცია, რომლის შედეგადაც დღგ-ის ჩათვლის უფლება, მიუხედავად მისი 3 წლის ვადაში განხორციელებისა, შემდგომში უკუქცევითად უქმდება მხოლოდ პროცედურული გარემოების გამო, ხდის ამ უფლებას პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელს და არღვევს ეკვივალენტობისა და ეფექტიანობის პრინციპებს. პრინციპი №3 – ნეიტრალობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც დღგ-ის ჩათვლის უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს. დღგ-ის ნეიტრალობის პრინციპის მიხედვით: - დღგ არის მოხმარების გადასახადი, - ბიზნესი მხოლოდ შუამავალია სახელმწიფოსა და საბოლოო მომხმარებელს შორის, - შესაბამისად, ბიზნესისთვის დღგ არ უნდა დარჩეს საბოლოო ტვირთად. ამიტომ დღგ-ის ჩათვლის უფლება არის დღგ-ის სისტემის ძირითადი ელემენტი და მისი შეზღუდვა გამონაკლისია, რომელიც მკაცრად უნდა აიხსნას. ამ შემთხვევაში ნეიტრალობა სახეზეა, კერძოდ: - საქონელი/მომსახურება რეალურად იქნა შეძენილი;
- გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში; - ბიუჯეტმა მიიღო შესაბამისი თანხა; - მეწარმე არ წარმოადგენს საბოლოო მომხმარებელს. ამ პირობებში, ჩათვლის გაუქმების შედეგად დღგ რჩება ხარჯად, ხოლო საბოლოო მომხმარებელი იბეგრება ორმაგად - სისტემა ირღვევა. ეს არის ნეიტრალობის პრინციპის პირდაპირი დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხვა აღნიშნულ ნაწილში ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
4. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება.
ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურები. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის №12132-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტს. 2021 წლის დეკემბერში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----) 1 525 ლარზე შპს ---გან (ს/ნ ----), რომელიც შესაბამის პერიოდში ჩათვლილი აქვს, 2022 წლის იანვარში კი მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----) იმავე თანხაზე.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვა. შედეგად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა, რომელმაც შეადგინა სულ 9 953 ლარი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნაა, რომ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით), რაც სადავო შემთხვევაში მომჩივნის მიერ დაცული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება განხორციელდა არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21, 22 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი,21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიუთითებს სადავო შემთხვევაში არსებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდის შედეგად, სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული (აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №007-335 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული) ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდეს, საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით მიღებული დღგის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული (აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №007-335 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული) ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით 2022 წლის იანვარში ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 31.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და ჩათვლილია სულ 20 077 ლარის შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ. შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე.
შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემები შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილ ანგარიშ-ფაქტურებს. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურები, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა . საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (გასაჩივრებული საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა), რაც არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს სადავო შემთხვევაში არსებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდის შედეგად, სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174 (1,2); 175 (1); 176 (1); 178 (დ); 269 (1).