გადაწყვეტილება №21827/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21827/2/2024
22 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ს “ 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21827/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №001-211 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 დეკემბრის №30153 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 181 238 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 103 315
დღგ - 78 456
საშემოსავლო გადასახადი - 24 859
ჯარიმა - 51 505
საურავი - 26 418
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18269 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24341 ბრძანება და №001-211 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 181 238 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 6 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 დეკემბრის №30153 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, 2023 წლის 22 აგვისტოს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაითვალა ფაქტობრივი ნაშთი, ასევე თოთოეულ აღწერილ საქონელზე მოხდა თვითღირებულების და საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელმაც პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის გარეშე შეადგინა 46 526.98 ლარი. გარდა ამისა, ინვენტარიზაციით დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 13%. შესაბამისად, საწყისი (0 ლარი) და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მთლიანი შემოსავალი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხული გადასახადების ოდენობა არის სრულიად არამართლზომიერი და მიუღებელი, ვინაიდან საწარმო ვაჭრობს სურსათით, საიდანაც ფასნამატის შედეგად მიღებული მოგება შეადგენს მაქსიმუმ 10-13%-ს. მთლიანად რეალიზებული თანხიდან (მათ შორის, დასადეკლარირებელი) მოგება უნდა მიეღოთ დაახლოებით 70-80 ათასი ლარი. ამ თანხიდან გაწეული ხარჯები (კომუნალური, იჯარა და სხვა გადასახადები) შეადგენს დაახლოებით 65 000 ლარს, ანუ სუფთა მოგების სახით კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უნდა მიეღო დაახლოებით 15 000 ლარი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პერიოდი მთლიანად მოიცავს პანდემიის პერიოდს, ხოლო რადგან კომპანია მდებარეობს კერძო დასახლებაში, სადაც მოსახლეობის, ანუ საწარმოს მომხმარებლის უდიდესი ნაწილი ძირითადად წარმოადგენს რეგიონებიდან ჩამოსულ არამუდმივ მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში დარჩნენ სამუშაოსა და შემოსავლების გარეშე, ხოლო კომპანია არის ამ დასახლებაში ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი, რომლებიც უდიდესი რისკის ფასად, მაშინ როდესაც ყველა სტრუქტურა გადასული იყო ონლაინ სამუშაო რეჟიმში, საწარმო ახდენდა ამ ოჯახების ნისიად გამოკვებას, რამაც გამოიწვია იმ პერიოდში კომპანიის პრაქტიკულად ზარალზე გადასვლა და მხოლოდ ბოლო პერიოდში მოხერხდა მაღაზიის ნომინალურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა, ხოლო ნისიად გაცემული თანხა არ იქნა გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებაში.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება დამატებით სხვა თანამშრომლის აყვანის, დირექტორს უწევს დღემდე ყოველგვარი სამუშაოს შესრულება, მაშინ როდესაც თვითონ იყო რამდენჯერმე ვირუსით დაავადებული და ოჯახში ჰყავდა მძიმე სენით დაავადებული წევრი, რომლის სამკურნალო თანხის გადახდა, რადგან ოჯახის სხვა წევრები პანდემიის გამო დარჩნენ შემოსავლების გარეშე, უწევდა საკმაოდ სოლიდური ხარჯების გაღება. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ ამავე პერიოდში მოხდა მაღაზიის ძარცვა და ხანძარიც, რომლის კვალიც არსებობს და მოწმეებიც. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხეს ინვენტარიზაციის ჩატარება და ზუსტი ზარალის დადგენა და დეკლარირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები არის სრულიად არაგონივრული და მიუღებელი. ასევე, გაურკვეველია საურავი რა ვადიდან არის ათვლილი. დარიცხული თანხები არის დასადეკლარირებელი თანხის თითქმის 100%, მაშინ როდესაც საწარმოს ფასნამატი მოგების სახით შეადგენს მხოლოდ 10-12%-ს ხარჯების ჩათვლით.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტორს გაანგარიშების გადასახადის გადამხდელთან ერთად გავლა, რაც არ მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების დროს, ვინაიდან მომჩივნისთვის უცნობია გაანგარიშების პრინციპი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2024 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2023 წლის 22 აგვისტოს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაითვალა ფაქტობრივი ნაშთი, ასევე თითოეულ აღწერილ საქონელზე მოხდა თვითღირებულების და საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელმაც პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის გარეშე შეადგინა 46 526 ლარი. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატია 13%. შესაბამისად, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მთლიანი შემოსავალი. შესაბამისად, გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოხდა მაღაზიის ძარცვა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის არ წარუდგენია.
ამასთან, მომჩივანს არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაშთად არსებული ფულადი სახსრების საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე დივიდენდი გაცემული არ არის. შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტორს გაანგარიშების გადამხდელთან ერთად გავლა.
2.მოთხოვნამითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაითვალა ფაქტობრივი ნაშთი, ასევე თოთოეულ აღწერილ საქონელზე მოხდა თვითღირებულების და საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელმაც პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის გარეშე შეადგინა 46 526.98 ლარი. გარდა ამისა, ინვენტარიზაციით დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 13%. შესაბამისად, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მთლიანი შემოსავალი.შემოწმების მიერ გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანი დაჯარიმდა.
2.შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,158,159,163,164.