ბრძანება N 27967

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 27967
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27967

22 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 24 ნოემბრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 24 ნოემბრის №98994/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №024-102 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმებამ არასწორად განსაზღვრა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს 2023-2024 წლის გარიგების აქტებს, სადაც ფიქსირდება ავტომობილების სარეალიზაციო ღირებულება. ამასთან მიუთითებს, რომ საბაჟო სამსახურს ავტომობილზე ვინკოდით: ----, შეცდომით ჰქონდა მითითებული საბაჟო ღირებულება 480 732 ლარი, ნაცვლად 48 073 ლარისა. შემოწმების პროცესში საბაჟო ორგანომ აღნიშნული დეკლარაცია გაასწორა, თუმცა შემოწმებით მოგების მარჟა პირველი თანხიდან იქნა გაანგარიშებული. გადასახადის გადამხდელს უცხოური საიტიდან გამოწერილი აქვს 3093 ლარის ღირებულების ავტონაწილები, რომლითაც ხდებოდა ჩამოყვანილი ავტომობილების აღდგენა, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს ინვოისებს. ასევე, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით, დეკლარირებული და გადახდილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადი 2 426 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს 4 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ითხოვს დარიცხული გადასახადების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 სექტემბრის №19317 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ----ს (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 22 აგვისტოდან 2025 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №24391 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 955 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 367 ლარი, ჯარიმა 7 504 ლარი და საურავი 3 084 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლაანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია და შემდგომ რეალიზებულია ავტომანქანები რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა სხვადასხვა წლოვანების ავტომობილებთან მიმართებაში, მაგალითად 0-3 წლამდე ავტომობილებზე მოგების მარჟამ შეადგინა 2 682 დოლარი, 4-6 წლამდე 2 076 დოლარი, 7-10 წლამდე 2 371 დოლარი, 10-15 წლამდე 1 962 დოლარი, ხოლო 15 წელს ზემოთ ავტომობილებზე 1 263 დოლარი.

ამასთან, იყო შემთხვევები როდესაც ავტომობილის ღირებულება აჭარბებდა 200 000-400 000 ლარს, ამ შემთხვევაში მოგების მარჟა განისაზღვრა 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული ნამეტი შემოსავალი თითოეული ავტომობილის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს ავტომობილზე ვინკოდით: ---, შეცდომით ჰქონდა მითითებული საბაჟო ღირებულება 480 732 ლარი, ნაცვლად 48 073 ლარისა. შემოწმების პროცესში საბაჟო ორგანომ აღნიშნული დეკლარაცია გაასწორა, თუმცა შემოწმებით მოგების მარჟა პირველი თანხიდან იქნა გაანგარიშებული.

ამასთან, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით, დეკლარირებული და გადახდილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადი 2 426 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს 4 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევის შედეგად, თუ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გარდა სხვა სახის შემოსავალი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დეკლარირებული მონაცემები, ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საბაჟო დეკლარაციის (ავტომობილზე ვინკოდით: ---) მიხედვით მოგების მარჟის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „---ს" (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევის შედეგად, თუ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გარდა სხვა სახის შემოსავალი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დეკლარირებული მონაცემები და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საბაჟო დეკლარაციის (ავტომობილზე ვინკოდით: ----) მიხედვით მოგების მარჟის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმებამ არასწორად განსაზღვრა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლაანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევის შედეგად, თუ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გარდა სხვა სახის შემოსავალი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დეკლარირებული მონაცემები, ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საბაჟო დეკლარაციის (ავტომობილზე ვინკოდით: ---) მიხედვით მოგების მარჟის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 79 (ა,ბ); 100 (1,2); 102 (1); 81 (3).