გადაწყვეტილება №22962/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2024
№ დოკუმენტი 22962/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22962/2/2024

22 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 25.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22962/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ჯართის შეძენის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით;

2. ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

დარიცხული თანხა: 9 217 160 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 5 931 189

ჯარიმა - 2 965 695

საურავი - 320 276

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 15 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტის №5919 ბრძანება და №249-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 9 217 160 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 29 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 22 აპრილის №9319 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ჯართის შეძენის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებულია ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. მომჩივანმა ზეპირი განმარტებისას განაცხადა, რომ შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შემოწმებისთვის ვერ მოხერხდა. წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება.

საგადასახადო შემოწმება სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 30 436 623 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა, შეუძლებელია კონტროლი საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. გადასახადის გადამხდელს განხორციელებულ რეალიზაციებზე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები. შეძენების უმრავლესობა არის ფიზიკური პირებისგან. შეძენის აღრიცხვისას მომჩივანი იყენებს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალს, სადაც სრულად არ არის ასახული მის მიერ განხორციელებული შეძენები. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც შესყიდვის აქტებში და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალში არ იყო შეტანილი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე, რომლის შეძენაც არ არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული (ანუ შემმოწმებელმა დაადასტურა, რომ შავი და ფერადი ლითონის ჯართის ჟურნალები მას საერთოდ არ შეუსწავლია), შემოწმებით გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256, ხოლო ხარჯების განსაზღვრისთვის შემოწმებით გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში 3 ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილისა და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლის გათვალისწინებით მოხდა გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (3%). უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემოწმების ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არ არის დაფიქსირებული, მაშინ ელემენტალურად ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისგან? ბუნებრივია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ბუნებაში ვერ ექნება, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით.

ასევე მიაჩნია, რომ შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი ასევე არ უნადა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს, დასტურდება ასევე იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას, ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ასევე გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული შემოწმებით გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები. აღნიშნულ ნაწილში ასევე შესასწავლია თუ რამდენად სწორედ დაადგინა შემმოწმებელმა იდენტური საქონელი და რატომ არ გამოიყენა საშუალო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 აპრილის №9319 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებულია ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შემოწმებისთვის ვერ მოხერხდა. წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება.

საგადასახადო შემოწმება სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ხარჯი განისაზღვრა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.

აღნიშნული მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 30 436 623 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი. გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შემოწმებისთვის არის პირდაპირი მტკიცებულება, იმ პირობებში რომ საგადასახადო კოდექსი იმ შემთხვევაში ათავისუფლებს საგადასახადო აგენტს წყაროსთან დაბეგვრისგან, როდესაც გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, იმ შეძენებზე, რომლებიც შემოწმებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არა თუ ზედნადები არ იყო გამოწერილი, არამედ არც შესყიდვის აქტებში და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალში არ იყო შეტანილი.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით ხარჯების განსაზღვრას მინიმალური ფასის გამოყენების მეთოდით და საჩივარში მიუთითებს სხვა ალტერნატიულ გზაზე, როგორიც არის საშუალო ფასის გამოყენება. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმებით შესაძლებელი იყო საწარმოს შეძენებით მინიმალური ფასების დადგენა, ამიტომ საგადასახადო ორგანო დაეყრდნო სრულად არაპირდაპირი მეთოდით ხარჯების ანგარიშის შედგენისას №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2024 წლის 11 აპრილს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ასევე, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დავის განხილვის პროცესში და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის შეძენა ძირითადად ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, რაზეც ბუნებრივია არ იწერება ელ. დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების შედეგად, ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები - 25 074 982 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ ფიქსირდება, შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გაუგებარია თუ რა მონაცემის საფუძველზე დაადგინა შემმოწმებელმა (აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი) 25 074 982 ლარის თანხა, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა საწარმოს არ უფიქსირდება, იმ პირობებში, როცა რეალიზებული (შემოსავლის) საქონლის ნაწილში, შემოწმებით დადგინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებით ფაქტობრივად არ დაუდგენია. შემოწმებით დადგენილი არალოგიკური თანხა - 25 074 982 ლარი არის შემდეგი გარემოებების შედეგი:

1) შემოწმებით საერთოდ არ აქვს შესწავლილი/აღრიცხული შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები; 2) არასწორია დოკუმენტალური შეძენებიდან ყველაზე მინიმალური ფასის აღება და მასზე სიტუაციური სახელმძღვანელოს (0256) მიყენება;

3) არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება შემოსავლის აღრიცხვა და ხარჯის დამალვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებელს საერთოდ არ აქვს შესწავლილი (როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯის ნაწილში, მათი მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემმოწმებელი ასეთ აბსურდულ ციფრს ვერ მიიღებდა.

შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელის ელექტრონული ბაზების, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი შეძენების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დავის განხილვის პროცესში და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრო სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ჯართის შეძენის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით;

2. ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება.

საგადასახადო შემოწმება სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 30 436 623 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4,5,9); 101; 154; 1333.