გადაწყვეტილება № 27452/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27452/2/2026
21 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 29.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27452/2/2026).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №006-571 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის №10267 ბრძანება.
სადავო თანხა: 641 104.31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 389 845.04
დღგ - 157 557.04
საშემოსავლო გადასახადი - 218 817
ქონების გადასახადი - 13 471
ჯარიმა - 188 187.10
საურავი - 63 072.17
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით, კოსმეტიკით და სალონის ინვენტარით, რომელთა შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით სომხეთიდან, ხოლო რეალიზაციას - მის კუთვნილ ობიექტში: ქ. -----. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2017 წლის 26 აპრილს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №14682 და 7 აგვისტოს №17785 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №28404 ბრძანება და №006-571 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 641 104.31 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 4 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 მაისის №10267 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, არ აქვს გადაგზავნილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არ აფიქსირებს შესამოწმებელი პერიოდის საწყის და საბოლოო სმფ-ების ნაშთებს. შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანი 2-ჯერ არის დაჯარიმებული ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის კუთვნილ ობიექტში 2023 წლის 26 ოქტომბრის №26390 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით საწყისი ნაშთი განსაზღვრა 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით. ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანდასწრებით 2023 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად დათვლილი იქნა 710 050 ლარის თვითღირებულების პროდუქცია. ინვენტარიზაციის დროს პროდუქცია დათვლილია საცალო ღირებულებით, რომელიც აღებული არის დახლზე დაფიქსირებული ფასებით. გასათვალისწინებელია ის, რომ გამოცხადებულ ფასად პროდუქცია არასდროს არ გაყიდულა, ეს მაღაზია იყო საწყობი და არა სავაჭრო ობიექტი. აღნიშნულის დადასტურება შეუძლია ყოველთვიური კომუნალური გადასახადებით. ყოველთვიური კომუნალური გადასახადი 30-50 ლარამდე მერყეობდა (როგორ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მაღაზია იყოს ღია და ყოველთვიურად 30-50 ლარამდე იყოს კომუნალური გადასახადი, არარეალურია). ასევე, არ არსებობს და არც არსებობდა არანაირი აბრა, რაც მიანიშნებდა რომ იქ არის სავაჭრო ობიექტი (მაღაზია). მაღაზიიდან არასდროს განხორციელებულა საცალო რეალიზაცია, პროდუქციის მიწოდება სალონებში ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ. ხშირ შემთხვევაში არა მარტო არ ითხოვენ, არამედ უარს ამბობენ ზედნადების გამოწერაზე, ვინაიდან მყიდველები არიან სალონის სტილისტები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები. არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სასაქონლო ზედდებული და ექსპორტის დეკლარაციები. მაგალითად, ერთ-ერთი ბრენდის საღებავის ნომერი ფერიდან გამომდინარე ზედნადებით გაყიდულია პირობითად 6 ლარად, დანარჩენი ნომრებიც იყიდება 6 ლარად, ხოლო საცალო გამოცხადებული ფასი არის 10 ლარი. ანალოგიურად შამპუნებზე, შამპუნი შეღებილი თმისთვის და შამპუნი ცხიმიანი თმისთვის ერთი და იგივე ფასად იყიდება. ეს გარემოება არის თითქმის ყველა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თითოეულ პროდუქციას აქვს თავისი ვადები, ვადის გასვლამდე პროდუქციის დარჩენილი რაოდენობიდან გამომდინარე, იწყებს საკმაოდ დაბალი მარჟით გაყიდვას სრულად გაყიდვის მიზნით. საწყობში როგორც ინვენტარიზაციის დროს, ასევე ეხლაც სახეზეა უამრავი ვადაგასული პროდუქცია. ამ გარემოებებს თითოეული პროდუქციის მიხედვით გადიოდა ინვენტარიზაციის ჯგუფთან ერთად, თუმცა ვერ მოხერხდა ბოლომდე გავლა, რადგან დასრულებამდე მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების დანიშვნა და სრული მასალა გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს. რეალურად საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 25-40%-ს. ვინაიდან არასწორად არის შესწავლილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ, არასწორად მოხდა შედეგების გამოყვანა როგორს დღგ-ს, ასევე საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისად ჯარიმის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ აქვს წარდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი მასალებით და ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიის კუთვნილ ობიექტში 2023 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ საწყის ნაშთად განსაზღვრა 2023 წლის 26 ოქტომბერის მონაცემები და ნაშთებს შორის სხვაობა ჩათვალა რეალიზებულად. გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი - 65% (მოხდა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების დაკავშირება და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი).
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია 2019 წელს. საწარმოს აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე აფასება არ მოუხდენია. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ განისაზღვრა შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები: ქ. თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. №32-ში ფართი პირველ სართულზე - 113,88 კვ.მ (ს/კ -----) და ნახევარსარდაფი - 104,59 კვ.მ (ს/კ -----). შემოწმებით დაკორექტირდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და
აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი კომპანიის კრედიტი, ყოველწლიურად ხდებოდა თიბისი ბანკის მიერ ქონების შეფასება. 2024 წელს შეფასდა 445 000 აშშ დოლარად და შესაბამისად მოხდა დეკლარირებაც. რაც შეეხება აფასებას, მისი ფასი არ შეცვლილა, ფართის ნახევარი არის სარდაფი და სარდაფის ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე პირველი სართულის და ეს ფართი არის საცხოვრებელი ბინა და არა რეგისტრირებული კომერციული ფართი. შესაბამისად, ქონების გადასახადი არასწორად არის დარიცხული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განისაზღვრა შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები: ქ. თბილისი, ----- ქ. №------ში ფართი პირველ სართულზე 113,88 კვ.მ (ს/კ ------) და ნახევარსარდაფი 104,59კვ.მ (ს/კ-----). შემოწმებით დაკორექტირდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. მომჩივანს შემოწმების მიმდინარეობისას უნდა წარედგინა ქონების ფასის განსაზღვრის დოკუმენტი, თუმცა არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარმოადგინა შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რის გამოც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელი იყო და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიის კუთვნილ ობიექტზე 2023 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული ინვენტარიზაციით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. აღნიშნული თარიღი განისაზღვრა საწყის ნაშთად, ხოლო ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად, რაზეც დაერიცხა დღგ. გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 65%, რომელიც განისაზღვრა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების დაკავშირების საფუძველზე. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დადგინდა, რომ საგადასახადო ორგანომ განსაზღვრა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რის საფუძველზეც დაკორექტირდა შესაბამისი წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას უნდა წარედგინა ქონების ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია, თუმცა ასეთი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);201';202;205