ბრძანება N 19691

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2026
№ დოკუმენტი 19691
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19691

04 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 4 და 5 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 4 აგვისტოს N 103868/1/2026 და 5 აგვისტოს N 103893/1/2026 საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 27 ივლისის N EL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა იყო პირველი შემთხვევა. საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა განპირობებული იყო არაგანზრახი ქმედებით და კომპანიის მიერ ნორმის არასწორი შეფასებით, რასაც კომპანია გულწრფელად ინანიებს და გამოხატავს მზადყოფნას უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და სანებართვო ვალდებულების ზედმიწევნით შესრულება. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიამ 2026 წლის 9 თებერვალს მიიღო საბაჟო საწყობის ნებართვა. პირველი ტვირთი საბაჟო საწყობის სტატუსით მიიღო 2026 წლის 23 თებერვალს. კომპანიისთვის საბაჟო საწყობის მომსახურების კუთხით პოზიციონირება ახალ გამოცდილებას წარმოადგენს. აღნიშნავს, რომ საბაჟო საწყობში ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება ათასობით საფოსტო გზავნილი, რომელთა მოცულობა ათობით ტონას აღემატება. შესაბამისად, საბაჟო საწყობში არსებული ამანათების რაოდენობა მუდმივად იცვლება და ეს პროცესი არის შეუქცევადი. საქმიანობის ზემოაღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე, გადამხდელისთვის ბუნდოვანი იყო თუ რა ფორმით და რომელი ნუსხის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ნაშთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და ჰქონდა დაშვება, რომ მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ პუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა არ გავრცელდებოდა საერთაშორისო საფოსტო გადამზიდველზე. ამდენად, ანგარიშგების წარუდგენლობა განპირობებულია არა განზრახი ქმედებით, არამედ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად.

გადამხდელი ითხოვს მკაფიო და ზუსტ განმარტებას თუ რა ფორმით და რომელი ნუსხის შესაბამისად უნდა იქნას მიწოდებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ, ვინაიდან, ტვირთბრუნვის ყოველდღიური ხასიათიდან გამომდინარე, გადამხდელისთვის ნაშთების აღრიცხვის პრინციპი ბუნდოვანია.

გადამხდელი, ასევე ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და სიტყვიერი შენიშვნით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“ მიერ 2026 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით საბაჟო საწყობში ----- არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოში არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, შპს „-----“ მხრიდან არ იქნა შესრულებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 27 ივლისს შედგენილ იქნა N EL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ შპს „-----“ მიერ N ----- (07.08.2026) წერილით წარდგენილ იქნა ინფორმაცია 2026 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი მიუითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის N 5 დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით:

ფ.ა) ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა;

ფ.ბ) ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა;.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად ადგილი აქვს მის მიერ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი, ითხოვს ჯარიმის სიტყვიერი შენიშვნით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ მოხდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა. საქმე ეხება საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაციის დროულად წარუდგენლობას, რის გამოც კომპანიას დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1); 163(1); 127(3);.