გადაწყვეტილება №22026/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22026/2/2024
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 18.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22026/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №053-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33862 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 116 957.01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 842
დღგ - 48 310
საშემოსავლო გადასახადი - 25 532
ჯარიმა - 36 921
საურავი - 6 194.01
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის №18368 და 17.11.2023 წლის №28316 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 25.10.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 7.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
- გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით. 7.08.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 87 139 ლარი (დღგ-ის გარეშე). ასევე, 1.11.2023 წელს ჩატარდა ფასების ფიქსაცია და საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგადაც ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 19-20%. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის, კერძოდ, ფასების ფიქსაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების ანალიზით, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობების ჯგუფების მიხედვით, რომელზეც მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად გავრცელდა კატეგორიების საშუალო შეწონილი ფასნამატები. ასევე, დაკორექტირდა ჩათვლა და შემცირდა 131 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული სხვაობებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის მეშვეობით განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული და ბიუჯეტში გადახდილი ხარჯები. 2023 წლის ივნისის თვეში ნაშთად დარჩენილი თანხა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების შესაბამისად დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №29143 ბრძანება და 28.11.2023 წლის №053-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 15.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ფასების ფიქსაციისა და საკონტროლო შესყიდვის მიხედვით მართლზომიერად დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობების ჯგუფების მიხედვით და მართლზომიერად გავრცელდა კატეგორიების საშუალო შეწონილი ფასნამატები მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ავტო ნაწილებით ვაჭრობა. აღნიშნული არის საკმაოდ სპეციფიკური სფერო და ფასნამატის დათვლა არის საკმაოდ რთული. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს. ფასების ფიქსაციასთან დაკავშირებით, გადამხდელს შეუძლია მიუთითოს ზუსტი დოკუმენტები რის საფუძველზეც მოხდა იმ საქონლის შესყიდვა, რაზეც დაფიქსირებულია ფასები.
ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ცხრილის სახით წარადგინოს ფასნამატის გაანგარიშება, ჩატარებული ფასების ფიქსაციის მიხედვით, სადაც დამუშავებული იქნება ფასების ფიქსაციისას განხორციელებული შესყიდული სმფ-ების შეძენის ზუსტი თვითღირებულებები სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. დარწმუნებულია, რომ აღნიშნულის შედეგად დაკორექტირდება ფასნამატი, რაც ასევე გამოიწვევს გადასახადების და ჯარიმების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობა არის სპეციფიკური სფერო და ფასნამატის დათვლა არის საკმაოდ რთული. ფასების ფიქსაციასთან დაკავშირებით, გადამხდელს შეუძლია მიუთითოს ზუსტი დოკუმენტები, რის საფუძველზეც მოხდა იმ საქონლის შესყიდვა, რაზეც დაფიქსირდა ფასები. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ცხრილის სახით წარადგინოს ფასნამატის გაანგარიშება, ჩატარებული ფასების ფიქსაციის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობდა საგადასახადო შემოწმების პროცესში. ამასთან, საჩივარს არ ახლავს მომჩივნის არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულებები/ცხრილები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ცხრილის სახით წარადგინოს ფასნამატის გაანგარიშება.დარწმუნებულია, რომ აღნიშნულის შედეგად დაკორექტირდება ფასნამატი, რაც ასევე გამოიწვევს გადასახადების და ჯარიმების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა ფასების ფიქსაცია და საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგადაც ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 19-20%.ფასების ფიქსაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების ანალიზით, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობების ჯგუფების მიხედვით, რომელზეც მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად გავრცელდა კატეგორიების საშუალო შეწონილი ფასნამატები. ასევე, დაკორექტირდა ჩათვლა და შემცირდა.აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული სხვაობებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ასევე,განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული და ბიუჯეტში გადახდილი ხარჯები.2023 წლის ივნისის თვეში ნაშთად დარჩენილი თანხა დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას.ხელფასის სახით განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,163,164.