ბრძანება N 18436

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 18436
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18436

27 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს “------“-ის (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს “-------“-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 26 იანვრის №78568/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №081-321 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ კომპანიამ წარადგინა საკმარისი საბუღალტრო მონაცემები იმისთვის, რომ დადგენილიყო კომპანიის ხარჯები, რეალიზაცია, ფასნამატი, ჩამოწერები და შესყიდვები. მიუთითებს, რომ არ არსებობს გადასახადი, რომლის დეკლარირების ვადა 1 თვეზე ნაკლებია. თვის ჭრილში არსებული მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია ყველა გადასახადით დასაბეგრი ბაზის დათვლის მიზნებისთვის. აცხადებს, რომ საქონლის ანალიტიკური აღრიცხვა, კალკულაციები და ყოველთვიური ინვენტარიზაციები წარმოებდა ექსელში, რის საფუძველზეც ხდებოდა ჯამური ციფრის გატარება ბუღალტრულ პროგრამა ,,ორისში’’. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც პირდაპირი მეთოდის გამოყენების საშუალებას ბუღალტრული აღრიცხვა ან დოკუმენტაცია ვერ იძლევა. მიუთითებს, რომ კომპანია არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების დროს. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს (345%). მიუთითებს, რომ მათი რესტორანი წარმოადგენს საბანკეტო/სადღესასწაულო რესტორანს, რომელიც მუშაობს საღამოს საათებში და მისი მომხმარებლები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო ზაფხულში დაბალ ბიუჯეტიანი ტურისტები, შესაბამისად მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე შეუძლებელია მაღალი ფასნამატით მუშაობა. მიუთითებს, რომ მათ მიერ წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფასნამატი შეადგენდა 195 %-ს, რაც ადეკვატურია ასეთი ტიპის რესტორნისთვის. ასევე, განმარტავს, რომ აღნიშნული რესტორანი გადამხდელმა შეიძინა 2017 წლის ოქტომბერში, ხოლო ოპერირება დაიწყეს 2018 წელს. კლიენტების მოზიდვისა და რეპუტაციის ამაღლების მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობა იძულებული იყო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ადეკვატური ფასები და მაღალი ხარისხი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ განხორციელებულ განაცემებზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ფიზიკური პირებისთვის, თუმცა პირველადი დოკუმენტაციის მოძიება ვერ მოხერხდა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და უმოკლეს ვადებში აუდიტორისთვის წარდგენილ იქნება შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს გონივრულ ვადას დოკუმენტაციის წარდგენისთვის

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის №35802, 26 ნოემბრის №41160, 24 დეკემბრის №45725, 2020 წლის 3 თებერვლის №2390 და 2021 წლის 16 მარტის №7435 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 27 დეკემბრის №33051 ბრძანება და ამავე თარიღის №081-321 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 659 654 ლარი, მათ შორის გადასახადი 313 841 ლარი, ჯარიმა 152 890 ლარი, საურავი 192 923 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. 2019 და 2020 წლის განმავლობაში შპს ,,------“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების და ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მეშვეობით. ანაზღაურება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშწორებით. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საბუღალტრო პროგრამა ორისში გადამხდელი 7211 ანგარიშზე ახდენს ყოველთვიურად გამოყენებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. აღნიშნულ საანგარიშო წელს გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა სათანადო წესით ნაწარმოები, კერძოდ არ ხდება სმფ-ების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელს არ გააჩნია მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვთების შესახებ მონაცემები, რითაც სრულად იქნებოდა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. არსებული აღრიცხვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, შემომოწმებით მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საბუღალტრო მონაცემების გამოყენება, კერძოდ 2020 წელს გადამხდელმა დანერგა ახალი საბუღალტრო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულყოფილად შესწავლა და რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. შესაბამისად, მოხდა გადამხდელის დეკლარირებული და ბუღალტრული მონაცემების შესწავლა და ბუღალტრული ფასნამატების გამოყვანა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ 2019 წელს ჩამოწერილ საქონელზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამომდინარე აქედან დადგინდა, რომ სხვადასხვა პერიოდებში გადამხდელს რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ არის გატარებული ბუღალტრულ პროგრამებში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2019-2020 წლების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები. წარმოდგენილი დეკლარაციების, საბანკო ანგარიშების და საბუღალალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. სხვაობები ასევე გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელი რიგ ფიზიკურ პირებს ასარგებლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათით, შემოწმებისათვის აღნიშნულ ფიზიკურ პირთა შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა წარმოდგენილი არ არის. საწარმოს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ არ ხდება სმფ-ების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელს არ გააჩნია მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვთების შესახებ მონაცემები, რითაც სრულად იქნებოდა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. არსებული აღრიცხვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების და ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მეშვეობით. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საბუღალტრო პროგრამა ორისში გადამხდელი 7211 ანგარიშზე ახდენს ყოველთვიურად გამოყენებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. შემომოწმებით განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საბუღალტრო მონაცემების გამოყენება, კერძოდ 2020 წელს გადამხდელმა დანერგა ახალი საბუღალტრო პროგრამა,რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულყოფილად შესწავლა, შესაბამისად მოხდა გადამხდელის დეკლარირებული და ბუღალტრული მონაცემების შესწავლა და ბუღალტრული ფასნამატების გამოყვანა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ 2019 წელს ჩამოწერილ საქონელზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამომდინარე აქედან დადგინდა, რომ სხვადასხვა პერიოდებში გადამხდელს რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო გატარებული ბუღალტრულ პროგრამაში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაცია პირს არ ჰქონდა დაბეგრილი, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:

ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

ა.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების;

ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

ა.გ) მარტოხელა მშობლის;

ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;

ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;

ბ1) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;

გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დეკლარაციების, საბანკო ანგარიშების და საბუღალალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. სხვაობები ასევე გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელი რიგ ფიზიკურ პირებს ასარგებლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათით. იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დაქირავებული ფიზიკური პირების მიერ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს “------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ განხორციელებულ განაცემებზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

გადამხდელი ითხოვს გონივრულ ვადას დოკუმენტაციის წარდგენისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს სხვადასხვა პერიოდებში რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე,გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ არის გატარებული ბუღალტრულ პროგრამებში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი,აღნიშნული დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. წარმოდგენილი დეკლარაციების, საბანკო ანგარიშების და საბუღალალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში.გადასახადის გადამხდელი რიგ ფიზიკურ პირებს ასარგებლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათით, შემოწმებისათვის აღნიშნულ ფიზიკურ პირთა შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა წარმოდგენილი არ არის.

საწარმოს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

160,161,171,81,82,101,136,154

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლი.