გადაწყვეტილება №20639/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20639/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"------" (პას/ნ "------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 22.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20639/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე შემოტანა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18700 ბრძანება.
დაკისრებული სანქცია:
231 689,74 ლარის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
5.07.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში "------" -ის მხრიდან №-------მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა "------"-ის მოქალაქე "------" (პასპორტის №"------"). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირის გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ნაღდი ფული.
მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების და ხელბარგის დათვალიერების შედეგადაც ავტომობილის სათავსოში, საბარგულის სათადარიგო ნაწილების ჩანთაში, მაცივრის სპეციალურად მოწყობილ სამალავში და ხელბარგში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 5 680 000 რუსული რუბლი, 20 000 აშშ დოლარი და 2 407 000 სომხური დრამი.
არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულებამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 231 689,74 ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის სამართალდარღვევის ფაქტზე, მომჩივანს 5.07.2023 წლის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის (5 680 000 რუსული რუბლი; 20 000 აშშ დოლარი; 2 407 000 სომხური დრამი) ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში რომლის, 31.07.2023 წლის №18700 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მე-2 ნაწილზე და მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე,169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, პირისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "------" პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც "------"-მა დასმულ კითხვაზე გარკვევით უპასუხა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, მათ შორის არც ნაღდი ფული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
5.07.2023 წელს სომეხი ეროვნების "------"-ის მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომანქანით ს.გ.პ „------ -ის “ კონტროლის ზონაში გადმოკვეთა "------"-საქართველოს საზღვარი. იგი საქართველოს გავლით მიემართებოდა სამშობლოში.
მას ადრეც გადაუკვეთავს საქართველოს საზღვარი, თუმცა ამჯერად, "-----"-ში საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მისი დანაზოგი "----"-ში მიჰქონდა ნაღდი ფულის სახით. აღნიშნული დანაზოგი მას ჰქონდა, როგორც რუსულ რუბლში, ასევე სომხურ დრამასა და აშშ დოლარში, რაც ჯამში, აღნიშნულ ვალუტებთან ქართული ლარის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 231 689, 74 ლარს. მას თან არ ჰქონია ქართული ლარი.
მომჩივანს თარჯიმნის გარეშე ესაუბრა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც საკმაოდ ცუდად ფლობდა რუსულ ენას, მისი საკმაოდ გაუგებარი საუბრიდან მომჩივანმა გაიგო, რომ მას ეკითხებოდა ჰქონდა თუ არა ქართული ლარი მან უპასუხა, რომ ლარი საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან საქართველოს გავლით მიემართებოდა "----"-ში და საქართველოში არ აპირებდა გაჩერებას, თუმცა ჯერ საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ სხვა ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა. მომჩივანი იმასაც კი ვერ მიხვდა, რაც ეძებდნენ მის მანქანაში. ჩხრეკისასა ავტომანქანისა და ბარგის სხვადასხვა ნაწილებიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი თანხები, რომელიც სხვადასხვა ადგილებში მას მოთავსებული ჰქონდა იმის გამო, რომ "------"-ის ტერიტორიაზე, რომელიც ნამდვილად არ წარმოდგენს უსაფრთხოდ გასავლელ მანძილს მას გამოვლილი ჰქონდა ასობით კილომეტრიანი გაზა.
მომჩივანმა საბაჟოს თანამშრომელს განუმარტა, რომ ეს იყო მისი დანაზოგი, რომელიც მიჰქონდა "------"-ში , ხოლო აღნიშნულის შესახებ მან არ განაცხადა ვინაიდან განმარტებისას მას უთხრეს, რომ უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება, თუ ეს თანხა აჭარბებდა 30 000 ლარს, ხოლო ლარი მას საერთოდ არ ჰქონდა.
აღნიშნული მიუხედავად, მას ფაქტობრივად შეეზღუდა გადაადგილების უფლება რამდენიმე საათის განმავლობაში, რა დროსაც მხოლოდ განუმარტეს, რომ მისთვის უნდა გამოეწერათ ჯარიმა. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ ჰქონია წყლის დალევის საშუალებაც კი. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მას კვლავ თარჯიმნის გარეშე წარუდგინეს ქართულ ენაზე შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შინაარსიც მომჩივანმა ვერ გაიგო და მოითხოვა განმარტება, რაზეც ზეპირსიტყვიერად კვლავ „გატეხილი“ რუსულით უთხრეს, რომ მის კუთვნილ დანაზოგს არ დაუბრუნებდნენ და წასულიყო. სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სამართალდარღვევის ოქმზე გააკეთა შენიშვნა, რომ იგი მას არ ეთანხმებოდა და აპირებდა შენიშვნის გაგრძელებას რათა აეხსნა, რომ მისთვის არავის უთქვამს უცხოური ვალუტის დეკლარირების აუცილებლობაზე და მხოლოდ ჰკითხეს ქონდა თუ რა ლარი, თუმცა საბაჟოს თანამშრომლებმა აღნიშნული შენიშვნის ბოლომდე დაფიქსირების საშუალებაც კი არ მისცეს და ააცალეს ოქმი. მომჩივნის მიერ რუსულად გაკეთებულ წარწერაზეც კი ნათლად ჩანს, რომ იგი ბოლომდე არ არის დასრულებული.
საბოლოო ჯამში გამოიწერა 5.07.2023 წლის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოხდა ადამიანისთვის მისი მთელი დანაზოგის „ჩამორთმევა“, რაც არის სრულიად უკანონო. საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის გამოსაყენებელ პასუხისმგებლობის ზომებს ალეტრნატიულად ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქმის სპეციფიკისა და ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებისა და სიმძიმის გათვალიწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, სამართალდამრღვევის მიმართ შეარჩიოს შესაფერისი და ადექვატური ღონისძიება.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლებზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვტილების მიღება სანქციის შემფარდებელ ორგანოს ავალდებულებს, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადექვატურობას.
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, დამრღვევის პიროვნება, სამართალდარღვევის პირველად ჩადენის ფაქტი, ჩადენის გარემოებები, თავად საბაჟო დეპარტამენტის მიერ გატარებული ქმედებებისა და გაკეთებული განმარტებების მართებულობის შეფასება, ბრალის ხარისხი და ფაქტორები.
მოცემულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს საერთოდ ადგილი ჰქონდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტს, ხოლო რომც ჩაითვალოს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა სანქციის სახით არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით დაჯარიმება. სრულიად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თანხა, რომელიც მას გადაჰქონდა, წარმოდგენდა მისი ოჯახის მრავალწლიან დანაზოგს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანს არაერთხელ აქვს გადმოკვეთილი საქართველოს საზღვარი და არასდროს ჩაუდენია რაიმე სახის სამართალდარღვევა.
მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18700 ბრძანება სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას/გაუქმებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18700 ბრძანება და დაკმაყოფილდეს მომჩივანის მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე/გაუქმებაზე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარმოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების და ხელბარგის დათვალიერების შედეგადაც ავტომობილის სათავსოში, საბარგულის სათადარიგო ნაწილების ჩანთაში, მაცივრის სპეციალურად მოწყობილ სამალავში და ხელბარგში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 5 680 000 რუსული რუბლი, 20 000 აშშ დოლარი და 2 407 000 სომხური დრამი. არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულებამ ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 231 689,74 ლარი.
მომჩივანი განმარტავს, რომ თარჯიმნის გარეშე ესაუბრა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც საკმაოდ ცუდად ფლობდა რუსულ ენას, მისი საკმაოდ გაუგებარი საუბრიდან მომჩივანმა გაიგო, რომ მას ეკითხებოდა ჰქონდა თუ არა ქართული ლარი მან უპასუხა, რომ ლარი საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან საქართველოს გავლით მიემართებოდა "------"-ში და საქართველოში არ აპირებდა გაჩერებას, თუმცა ჯერ საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ სხვა ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა.
მომჩივანი იმასაც კი ვერ მიხვდა, რაც ეძებდნენ მის მანქანაში. ჩხრეკისასა ავტომანქანისა და ბარგის სხვადასხვა ნაწილებიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი თანხები, რომელიც სხვადასხვა ადგილებში მას მოთავსებული ჰქონდა იმის გამო, რომ "------"-ის ტერიტორიაზე, რომელიც ნამდვილად არ წარმოდგენს უსაფრთხოდ გასავლელ მანძილს მას გამოვლილი ჰქონდა ასობით კილომეტრიანი გაზა.
მოცემულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს საერთოდ ჰქონდა ადგილი თუ არა სამართალდარღვევის ფაქტს, ხოლო რომც ჩაითვალოს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა სანქციის სახით არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით დაჯარიმება სრულიად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
საქმის გარემოებებზე მითითებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე (სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებას, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმნის გარეშე ესაუბრა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც საკმაოდ ცუდად ფლობდა რუსულ ენას, საბჭო მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებაზე და განმარტავს, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ (რუსულ) ენაზე, რა დროსაც "------"-მა დასმულ კითხვაზე გარკვევით უპასუხა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, მათ შორის არც ნაღდი ფული.
საბჭო მიუთითებს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაშია მიღებული კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია. საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიყენება კონკრეტული საბაჟო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას.
საბჭო მიიჩნევს, რომ გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო/საბაჟო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18700 ბრძანება და დაკმაყოფილდეს მომჩივანის მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე/გაუქმებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირის გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ნაღდი ფული.მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების და ხელბარგის დათვალიერების შედეგადაც ავტომობილის სათავსოში, საბარგულის სათადარიგო ნაწილების ჩანთაში, მაცივრის სპეციალურად მოწყობილ სამალავში და ხელბარგში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი.აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის სამართალდარღვევის ფაქტზე, მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
13,70,73,169(3).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქცია.