გადაწყვეტილება № 25566/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.04.2026
№ დოკუმენტი 25566/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25566/2/2025

27 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 1.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25566/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის №006-132 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15505 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 571 274.43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 233 890

დღგ - 142 839

საშემოსავლო გადასახადი - 91 051

ჯარიმა - 116 945

საურავი - 220 439.43

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.09.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა უძრავი ქონება ------ არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (1 500კვ.მ.) მშენებარე შენობა-ნაგებობები - საერთო ფართობით 8 899.1 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 5 569.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 966.9 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 780.4 კვ.მ., დამხმარე ფართობი 59.4 კვ.მ.,ავტოსადგომის ფართობი 1 523.2 კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ის ნაწილში საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაცია. შესაბამისად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საწარმოს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა ------ კომპანიას გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.12.2021 წლის №40795 ბრძანება და №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.12.2022 წლის №17687/2/2022 გადაწყვეტილებით:

1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანება;

2. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17428 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17428 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6311 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6311 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №006-429 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 147 833 ლარით, მათ შორის: გადასახადი 98 555 ლარით, ჯარიმა 49 278 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის №006-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15505 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22213 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97–ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბრძანებით დანიშნული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. შემოწმების პროცესი დაიყო 3 შუალედურ აქტად, პირველი შუალედური აქტის შედეგები აღიარებულია, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება 1 040 070 ლარზე, რომელმაც ასახვა არ ჰპოვა არც მეორე და არც მესამე შუალედური აქტის სალაროს ნაშთის შედეგებში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნეს საწარმოს სალაროს გაანგარიშებისას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მესამე შუალედური აქტის საჩივარი დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროში, რომლის საფუძველზეც სალაროს ნაშთის ხელახალი შესწავლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სრულ საანგარიშო პერიოდზე, რომელიც მოიცავს სამივე შუალედურ აქტს. ამასთანავე, გადაანგარიშების ამ ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო შემოწმების ეტაპზე აღებული პრინციპიდან გამომდინარე სალაროში წარმოქმნილი ვირტუალური ნაშთის ფორმულირება და ფორმირება არ ასახავს რეალურ სურათს კომპანიაში არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ. აქვე აღნიშნავს, რომ სალაროში არსებული დარიცხვა გადაანგარიშების დაახლოებით 60%-ით შემცირდა.

ამასთან, მომჩივანი მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 15.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, მათ შორის, კომპანიის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა კომპანიის სასესხო ვალდებულებები და ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გადახდილი თანხები და კრედიტორებზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 147 833 ლარით, მათ შორის: გადასახადი 98 555 ლარით, ჯარიმა 49 278 ლარით.

მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. შემოწმების პროცესი დაიყო 3 შუალედურ აქტად, პირველი შუალედური აქტის შედეგები აღიარებულია, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება 1 040 070 ლარზე, რომელმაც ასახვა არ ჰპოვა არც მეორე და არც მესამე შუალედური აქტის სალაროს ნაშთის შედეგებში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნეს საწარმოს სალაროს გაანგარიშებისას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მესამე შუალედური აქტზე დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის ხელახალი შესწავლა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რომელიც მოიცავს სამივე შუალედურ აქტს.

საბჭო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმებას, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავების განხილვის საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის მიერ, როგორც საჩივარში, ისე ზეპირი განხილვისას დასახელებულ შემდეგ არგუმენტებზე:

1. კომპლექსურად უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების, როგორც შუალედური აქტით, ისე სრული განსახილველი აქტის მიხედვით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის და შესაბამისად, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშების საკითხის შესწავლა, ვინაიდან, ხელფასად ჩათვლილია იმაზე მეტი ვიდრე საწარმოს ჰქონდა სულ ამონაგები;

2. ხელფასად განხილული თანხის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნას 2022 წლის 2 თებერვალს საგადასახადო შეთანხმებით გადახდილი თანხა 1 040 070 ლარი, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან - 2021 წლის მარტიდან 2022 წლის 2 თებერვლამდე შპს „----- არ უფიქსირდება არანაირი ეკონომიკური საქმიანობა;

3. შპს ------“ (ს/ნ -----) დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (მხარეებს შორის თანხის მიღებაზე გაფორმებული ხელწერილები და სალაროს შემოსავლის ორდერები) გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ხელფასად ჩათვლილი თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული არგუმენტების და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ზემოთდასახელებული არგუმენტაციის და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებისას გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული თანხების და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო საკითხი ეხება ნაღდი ფულის ნაშთის და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშებას, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემული დავალება ამ ეტაპზე შესრულებული არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული სალაროს ნაშთის და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15505 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22213 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ს ნაწილში საცხოვრებელი კორპუსის ბინების მიწოდების ოპერაცია.

შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, მათ შორის, კომპანიის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა კომპანიის სასესხო ვალდებულებები და ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გადახდილი თანხები და კრედიტორებზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 101(1);154(1);