გადაწყვეტილება №21517/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21517/2/2023
18 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21517/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №22131 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №063-19 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28474 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 472 638.96 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 7 604 820
ჯარიმა - 3 802 410
საურავი - 2 065 408.96
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსხვილფეხა/წვრილფეხა ცოცხალი ცხოველების (-------- , ---------) ექსპორტი ძირითადად --------- რესპუბლიკაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №8734 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 6.09.2023 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ფასნამატი წლების მიხედვით მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის დროს მერყეობს 0.4%-დან 4.1%-მდე (2020 წელს 0.4%, 2021 წელს 0.7%, 2022 წელს 1,4%, 2023 წლის იანვარ-მარტი 4,1%), ხოლო წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში 1.1%-დან-2.5%- მდე (2020 წელს 2,1%, 2021 წელს 2,5%, 2022 წელს 1,1%, 2023 წლის იანვარ-მარტი 1,3%). რეალიზებული სმფ-ების ფასნამატის შესასწავლად, ---------- რესპუბლიკის საგადასახადო/საბაჟო სტრუქტურიდან გამოთხოვილი იქნა კომპანიის მიერ 29.03.2019 წლიდან (რეგისტრაციის თარიღი) 31.12.2021 წლის ჩათვლით ---------- რესპუბლიკაში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის შესწავლით აღმოჩნდა, რომ სარეალიზაციო თანხა და საქონლის წონა (კგ) ემთხვევა საწარმოს წარდგენილ და საბაჟო მონაცემებს.
საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის (შესყიდვის აქტები, ბუღალტრული პროგრამა) მიხედვით --------- რესპუბლიკაში რეალიზებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, ძირითადად ორი სახისაა: საკლავი და სანაშენო. შესყიდვის აქტების მიხედვით სანაშენოდ განკუთვნილი პირუტყვის ფასი გაცილებით მაღალია. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თოთოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ ფიფო მეთოდით და სმფ-ის მარაგები ასევე შეფასებული იქნა ფიფო მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები, შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე.
აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №22131 ბრძანება და ამავე თარიღის №063-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28474 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებით შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა/წვრილფეხა ცოცხალი ცხოველების (---------, --------) ექსპორტი ძირითადად, ---------რესპუბლიკაში და ერაყში.
ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 (გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან) (რომელიც კომპანიაზე არ ვრცელდება) შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია 25%-ით, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია რეალურ სიტუაციასთან მიმართებით.
საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები, კერძოდ არასწორად არის გამოთვლილი თვითღირებულება (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები;); არასწორად არის გამოთვლილი თვითღირებულების 25%-იანი რენტაბელობის პროცენტი; საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ფასნამატი წლების მიხედვით მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის დროს მერყეობს 0,4%- 4,1%-მდე, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში 1,1%-დან-2,5%-მდე. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების დაუდასტურებლობაზე განმარტავს, რომ რიგ შემთხვევაში მითითებულ ფიზიკურ პირების იდენტიფიცირება მოხდება, რომლებმაც მოახდინეს საქონლის რეალიზაცია.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სხვაობა უნდა განსაზღვრულიყო შემოსავალს გამოკლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და არა 75% ხარჯად გათვალისწინებული. შემოწმების შედეგები ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9.საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით, გამოთქვამენ მზადყოფნას და შეუძლიათ დაადასტურონ შესყიდვის აქტებში მითითებული საქონლის რაოდენობის და ღირებულების შეძენის რეალურობა. გააჩნიათ ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები. საგამოძიებო სამსახურში ამ ფიზიკური პირების გამოკითხვებს ე.წ გასაუბრებებს, რასაც ეყრდნობა საგადასახადო ორგანო, არ აქვს მტკიცებულების ძალა. აღნიშნული პირები სიმართლეს ამბობენ სასამართლოზე, რისი მაგალითიცაა სხვა ანალოგიური შემთხვევები. ფასნამატთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მერყეობდა 0.4%-დან 4%-მდე და შემოწმების შედეგად 10%-ის დადგენა არ შეესაბამება რეალობას.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა/ხშირ შემთხვევაში გაზრდილია შეძენილი საქონლის ღირებულება (შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული), ასევე ბუღალტრულ პროგრამაში ასახული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება არასწორია. ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებით თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს საქონლის შეძენის რაოდენობას თუმცა ღირებულებას აფიქსირებენ განსხვავებულს ან რამდენიმე პირი საერთოდ არ ადასტურებს მიწოდებას. ამდენად, საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია შეძენილი საქონლის რაოდენობა, სადავოს წარმოადგენს ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულია 25%-იანი რენტაბელობით. რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობა, რომლის არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა საწარმოს მიერ არ დასტურდება ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული სხვაობის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა/ხშირ შემთხვევაში გაზრდილია შეძენილი საქონლის ღირებულება (შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული), ასევე ბუღალტრულ პროგრამაში ასახული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება არასწორია. ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებით თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს საქონლის შეძენის რაოდენობას თუმცა ღირებულებას აფიქსირებენ განსხვავებულს ან რამდენიმე პირი საერთოდ არ ადასტურებს მიწოდებას. ამდენად, საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია შეძენილი საქონლის რაოდენობა, სადავოს წარმოადგენს ღირებულება. რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობა, რომლის არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა საწარმოს მიერ არ დასტურდება ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);101(1);154(1);