გადაწყვეტილება №22401/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22401/2/2024
19 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 27.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22401/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის დანაკლისის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანება. დარიცხული თანხა: 349 432,57 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 226 109
ჯარიმა - 115 257
საურავი - 8 066,57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2.02.2023 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდი. მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქ.----ში იჯარით აღებულ ფართში, მედიკამენტების, მათ შორის პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია.
საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა. ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და საქონლის საბოლოო ნაშთი. არ ხორციელდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა.
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, დათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი 53%, ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 943 017 ლარი (მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები 893 473 ლარი). აღნიშნული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით.
ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორ ----ზე (პ/ნ ---) ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე და 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული არგუმენტები. გადამხდელს 2023 წლის 18 დეკემბერს გაეგზავნა №21-04/100394 წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივრები, მაგრამ გადასახადის გადამხდელს ხარვეზის დადგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ახალი ან/და დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემული წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება უმნიშვნელოვანესი პროცედურული ვალდებულება - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2014 წლის №ბს-205-203(კ-14) გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე. აქ კი საგადასახადო ორგანომ დაარღვია სამართლის ფუნდამენტური პრინციპი „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ (nullum crimen sine lege), „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (Nulla poena sine lege) და „არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე“ (nulla poena sine culpa), ვინაიდან კომპანიას საგადასახადო ვალდებულება დააკისრა ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია და სრულად ეფუძნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ რევიზიის აქტს. თავის მხრივ რევიზიის აქტის შედეგი, რომ კომპანიამ მიიღო შემოსავალი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან ჯამში 893 473 ლარის ოდენობით, გაანგარიშებულია 4 მოწმის ჩვენების საფუძველზე, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს 10-ზე მეტი მოწმის ჩვენება, სადაც ისინი აღნიშნული მოწმისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან. მოწმეების ძირითადი ნაწილი (კომპანიის თანამშრომლები, ფარმაცევტები) ჩვენებაში უთითებს, რომ კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, თუმცა საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფი დაეყრდნო მხოლოდ 4 თანამშრომლის (----) ჩვენებას, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთ ოპერაციებს ჰქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება, როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე 29.09.2023 წლის აქტსა და 13.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს ერთიანობაში, თვალშისაცემია გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: - მოწმე --- 11.08.2023 წლის ჩვენებაში განმარტავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 4 000 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეალიზება ხდებოდა, ამასთან, 8.08.2023 წელს 10 000 ლარსაც კი გადააჭარბა. ამავე დღეს ჩატარებული ჩხრეკის თანახმად, სალაროში აღმოჩნდა ნაღდი ფული 873 ლარის ოდენობით. 29.09.2023 წლის რევიზიის აქტში მითითებულია, რომ --- კომპანიაში დასაქმებულია 1.03.2023 წლიდან, ----ში მდებარე აფთიაქში. აღნიშნულ პერიოდზე გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი - 162*4000+1*10000+873=658 873 ლარი. ---- მოქმედი ფილიალი გაიხსნა 23.03.2023 წელს, რასაც ამტკიცებს ამ მისამართზე სალარო საკონტროლო აპარატის რეგისტრაციის თარიღი (დოკუმენტი წარმოდგენილია დანართის სახით).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფის დათვლის მეთოდით მიღებული შემოსავალი უნდა ყოფილიყო - 140*4000+10000*1+873=570 873 ლარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო სამსახურის მიდგომა სწორია, 88 000 ლარით (658 873 – 570 873) არის გაზრდილი კომპანიის დასაბეგრი შემოსავალი. გარდა უზუსტობებისა გაანგარიშებებში, რევიზიის ჯგუფსა და აუდიტის დეპარტამენტს უგულვებელყოფილი აქვთ მოწმე ----ს 21.09.2023 წლის ჩვენება. --- დასაქმებული იყო --- მდებარე ფილიალში და ----თან ერთად მუშაობდა შემოწმების პერიოდში. მისი ჩვენების მიხედვით ფილიალის ნავაჭრი დღიურად საშუალოდ 350 ლარს შეადგენდა. ---ს ჩვენებასთან და ზოგადად ყველა ჩვენებასთან წინააღმდეგობაშია ----ს ჩვენება, თუმცა საგადასახადო დარიცხვის ძირითადი ტვირთი სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვაზე მოდის;
- მოწმე ----ის 10.05.2023 წლის ჩვენებაში განმარტავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 1 400 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეალიზება ხდებოდა. 29.09.2023 წლის რევიზიის აქტში მითითებულია, რომ --- კომპანიაში დასაქმებულია 2.02.2023 წლიდან, ----ში მდენარე აფთიაქში. აღნიშნულ პერიოდზე გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი - 97*1400=135 800 ლარი. ---ში მოქმედი ფილიალი გაიხსნა 7.03.2023 წელს, რასაც ამტკიცებს ამ მისამართზე სალარო საკონტროლო აპარატის რეგისტრაციის თარიღი (დოკუმენტი წარმოდგენილია დანართის სახით).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფის დათვლის მეთოდით მიღებული შემოსავალი უნდა ყოფილიყო - 64*1400=89 600 ლარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო სამსახურის მიდგომა სწორია, 46 200 ლარით ( 135 800 – 89 600) არის გაზრდილი კომპანიის დასაბეგრი შემოსავალი.
ზემოთ აღწერილი მეთოდის არის დაანგარიშებული -----ში მდებარე აფთიაქების მეშვეობით მიღებული შემოსავლები, მოწმეები ----ის ჩვენებების მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ არის გაზიარებული სხვა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა ფილიალებში და რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში გაანგარიშებულია მხოლოდ „მიღებული შემოსავლები“ და საერთოდ არ არის საუბარი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯთან, თითქოს ის არ უნდა წარმოადგენდეს კვლევის საგანს. თუ საგადასახადო მიზნებისათვის მოწმის ჩვენებაში აღნიშნული დღიური მაჩვენებლით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, მაშინ ბუნებრივია უნდა მომხდარიყო შემოსავლის მიღებისათვის გაწეული ხარჯის გაანგარიშებაც. ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, საგადასახადო ორგანო იყენებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ სიტუაციურ სახელმძღვანელო №0256-ს.
აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით საგადასახადო ორგანომ გადასახადები უნდა გაიანგარიშოს სულ მცირე 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მიღებული შემოსავლის 75% უნდა გაითვალისწინოს ხარჯში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის დანაკლისის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, დათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი 53%, ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს.
ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 102; 101; 154.