გადაწყვეტილება №20644/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20644/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 23.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20644/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №19403 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2022 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №28773 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10096 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 847.08 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 3 216
ჯარიმა - 1 608
საურავი - 2 023.08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, დგინდება, რომ ფიზიკურ პირ ---ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რის საფუძველზე წარმოშობილი ქონების გადასახადი არ აქვს დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მოწოდებულ იქნა ფიზიკური პირის ---ს ქონების შეფასების შესახებ დასკვნა. შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს ბრძანებით განსაზღვრული კოეფიციენტის გათვალისწინებით დადგინდა ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადის თანხა. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, ფიზიკური პირს შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2021 წლის №16430 ბრძანება და ამავე თარიღის №011-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 20.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34146 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების/ფაქტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34146 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 25.02.2022 წლის №15017/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34146 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19403 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.02.2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებში დაშვებული ტექნიკური უსწორობა/უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს აღნიშნული უსწორობა/უზუსტობების გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19403 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 11.11.2022 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 8.10.2021 წელს დაიდენტიფიცირდა, რომ 25.10.2017 წელს რეგისტრირებული პირი ---- და 25.02.2021 წელს რეგისტრირებული პირი --- არის ერთი და იგივე პირი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის და საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ფ/პ ---ს (ს/ნ ---) სახელის რედაქტირება შეცდომით მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერზე ---, შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის (ს/ნ ---) გაუქმება და მოქმედ კოდად დაფიქსირდა ----.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში დასმული საკითხები შესწავლილი იქნა და გათვალისწინებულია დასკვნაში.
გადამხდელს ნაწილობრივ დაუკორექტირდა/შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები, კერძოდ სულ შემცირდა 4 848 ლარი, მათ შორის ქონების გადასახადი 3 232 ლარის და ჯარიმა 1 616 ლარის ოდენობით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №28773 ბრძანება და 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.05.2023 წლის №10096 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საკითხის შესწავლისას დადგენილია, რომ 25.10.2017 წელს რეგისტრირებული პირი --- და 25.02.2021 წელს რეგისტრირებული პირი --- არის ერთი და იგივე პირი. შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ ---ის (ს/ნ ---) სახელის რედაქტირება შეცდომით მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერზე ---. გაუქმდა შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (ს/ნ---) და მოქმედ საიდენტიფიკაციო ნომრად დაფიქსირდა - ---. ასევე, საკითხის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა/შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ვალდებულებები. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ვალდებულება ასახულია დროებითი ბინადრობის მოწმობით ფ/პ --- ის პირად ნომრად განსაზღვრულ ---- საიდენტიფიკაციო ნომერით რეგისტრირებულ პირადი აღრიცხვის ბარათზე, ხოლო გაურკვეველია ---ის (ს/ნ ---) ვალდებულების ფ/პ ---ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძვლების თაობაზე. ამასთან, ფ/პ ---ს (პირადი ნომრით ---) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი --- და აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომერით ფ/პ ---ის მიერ წარდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაცია.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი გადაანგარიშების დასკვნაში თავად მიუთითებს, რომ „25.02.2021 წლის №16325-21-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე 25.02.2021 წელს განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი ---. ვინაიდან სამსახურებრივ ბარათს თან არ ახლდა პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი - შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა სამსახურებრივ ბარათში მითითებული რეკვიზიტებით --- პ/ნ ----, რის გამოც იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა და პირს მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი ---“ ანუ აღნიშნულით ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ შეუძლებელი იყო პირის ბინადრობის მოწმობის ნომრით იდენტიფიცირება და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებიც შეიცავს რეკვიზიტებს პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრად მინიჭებული ნომრებით. ამდენად, აღნიშნული გარემოების გადაანგარიშების დასკვნაში ასახვით ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ასაბუთებს, რომ არასწორი რეკვიზიტებით გამოცემული სამართლებრივი აქტი ვერ იქნება იურიდიული ძალის მქონე, რამდენადაც ერთის მხრივ, თუ საგადასახადო მიზნით პირის აღრიცხვა ხდება საიდენტიფიკაციო კოდით და შეუძლებელი იყო ბინადრობის მოწმობის ნომრით იდენტიფიცირება, (მიუხედავად იმისა რომ პირს ბინადრობის მოწმობის საფუძველზე უკვე მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი), ადასტურებს გარემოებას, რომ ბინადრობის მოწმობის ნომერზე---თვის (ს/ნ ---) ---ის (ს/ნ ---) ვალდებულების ასახვა მოკლებულია ყველა სამართლებრივ საფუძველს.
ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნულზე მითითებით აუდიტის დეპარტამენტი ხაზს უსვამს გარემოებას, რომ მის მიერ განხორციელდა ფიზიკური პირის ---ის საგადასახადო შემოწმება და რეგისტრაცია. შესაბამისად, თუ შემოწმება განხორციელებულია ---ის (ს/ნ ---), როგორ შეიძლება აღნიშნული შემოწმების შედეგები ასახული იყოს ----ს (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 601 მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე და აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იყო ---ის სახელზე საიდენტიფიკაციო ნომრით ---, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ფ/პ ---ს (ს/ნ ---) მიმართ მის საიდენტიფიკაციო ნომერზე საგადასახადო მოთხოვნა წარდგენილ იქნა 16.11.2022 წელს და 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნით და აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 27.05.2021 წლის №16430 ბრძანებით და 27.05.2021 წლის №011-35 საგადასახადო მოთხოვნით დასტურდება, რომ ფ/პ ---ს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა 2017, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდზე. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 27.05.2021 წლის №N16430 ბრძანებით საგადასახადო ვალდებულებები ფ/პ ---ის (ს/ნ ---) მიმართ განისაზღვრა 15.11.2018 წლის, 15.11.2019 წლის და 15.11.2020 წლის სავადო თარიღებით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამდენად, ფ/პ ---ის (ს/ნ ---) მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა 2017, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდზე და თუ 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ადმინისტრაციულ აქტში შესწორების შეტანა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული არის არსებითი ხასიათის შესწორება და ითვლება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემად, ხოლო იმის გამო რომ ფ/პ ---ის მიმართ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულ იქნა 16.11.2022 წელს, მიაჩნია რომ კანონმდებლობით დაუშვებელია პირს ქონების გადასახადზე ვალდებულებები განესაზღვროს 2017 და 2018 წლების ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდებზე. ამდენად, საგადასახადო მოთხოვნაში არსებითი შეცდომის გასწორება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა 16.11.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნით, შესაბამისად, იგი ითვლება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემად, ხოლო ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულვებელყო საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და 16.11.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნით ვალდებულებები განსაზღვრა 2017 და 2018 წლის ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდზე. შესაბამისად, მიაჩნია რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პროცედურული გარემოებების დარღვევის მიუხედავად, საგადასახადო ვალდებულებები რომ განსაზღვრულიყო ფიზიკური პირი ---ის (ს/ნ ---) მიმართ, 16.11.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნით 2017 და 2018 წლებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, დარღვეულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები და ითხოვს აღნიშნულის სრულად გაუქმებას.
გარდა აღნიშნულისა, მიაჩნია რომ არსებით გარემოებას წარმოადგენს განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული პროცედურული გარემოებები. ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმება, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაუქმდა --- საიდენტიფიკაციო კოდი და შესწორება განხორციელდა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ფიზიკური პირის სახელში, არ განხორციელებულა შემოწმების ბრძანების კორექტირება/გასწორება. რის გამოც მიაჩნია, რომ ფ/პ ---ის (ს/ნ ---) მიმართ გამოცემული 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის ნორმათა უხეში დარღვევით, რამდენადაც თუ არ არსებობს ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების ბრძანება, საფუძველს მოკლებულია გამოსცე პირის მიმართ საგადასახადო მოთხოვნა. რის გამოც, მიაჩნია რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ იმსჯელა საჩივარში წარდგენილ არგუმენტებზე და გამოსცა ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უგულვებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობა და საკითხის გამოკვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად გამოსცა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ითხოვს ზემოთ მითითებული გარემოებებით დარიცხული თანხებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19403 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.02.2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებში დაშვებული ტექნიკური უსწორობა/უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს აღნიშნული უსწორობა/უზუსტობების გასწორება.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19403 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 11.11.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: ფ/პ ---ი (ს/ნ ---) რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირად 25.10.2017 წელს ID --- განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ახლავს როგორც პასპორტის (პასპ.ნ----), ასევე დროებითი ბინადრობის მოწმობის (პ/ნ---) ასლები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საიდენტიფიკაციო ნომრის --- მინიჭება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დანართი №I-01-ში მითითებული პასპორტის ნომრის მიხედვით.
25.02.2021 წლის №16325-21- 11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე 25.02.2021 წელს განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი - ---. ვინაიდან, სამსახურებრივ ბარათს თან არ ახლდა პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა სამსახურებრივ ბარათში მითითებული რეკვიზიტებით (---), რის გამოც იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა და პირს მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი ---.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 8.10.2021 წელს დაიდენტიფიცირდა, რომ 25.10.2017 წელს რეგისტრირებული პირი --- და 25.02.2021 წელს რეგისტრირებული პირი --- არის ერთი და იგივე პირი.
შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის და საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ------, შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის (ს/ნ ---) გაუქმება და მოქმედ კოდად დაფიქსირდა - ---.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში დასმული საკითხები შესწავლილი იქნა და გათვალისწინებულია დასკვნაში. გადამხდელს ნაწილობრივ დაუკორექტირდა/შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები.
მომჩივანი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე, რომ ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულვებელყო საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და 16.11.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნით ვალდებულებები განსაზღვრა 2017 და 2018 წლის ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდზე. ასევე, მიაჩნია, რომ ფ/პ ---ის (ს/ნ ---) მიმართ გამოცემული 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის ნორმათა უხეში დარღვევით, რამდენადაც თუ არ არსებობს ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების ბრძანება, საფუძველს მოკლებულია გამოსცე პირის მიმართ საგადასახადო მოთხოვნა. რის გამოც, მიაჩნია რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი 21.07.2022 წლის №19403 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, საბჭოს მიაჩნია, რომ უსაფუძლოა, რადგან ტექნიკური ხარვეზი გასწორებულია და დადგენილია, რომ 25.10.2017 წელს რეგისტრირებული პირი --- და 25.02.2021 წელს რეგისტრირებული პირი --- არის ერთი და იგივე პირი.
ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №19403 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №28773 ბრძანება და 16.11.2022 წლის №006-510 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.05.2023 წლის №10096 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).