ბრძანება N 23964

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2024
№ დოკუმენტი 23964
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23964

12 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------")

(მის.:"-------")

2024 წლის 24 სექტემბრის და 10 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 24 სექტემბრის №158893/21-14 და 10 ოქტომბრის №92311/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №024-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით კოდექსით დადგენილი დებულებები მათ შემთხვევას არ შეესაბამება. აღნიშნავს, რომ საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები, რომელშიც დაფიქსირებულია ფასი. ასევე, აღნიშნავს, რომ 2022 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის ივნისამდე არ უფიქსირდებათ სამართალდარღვევა. ამასთან, უარყოფით ფასნამატთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ მათი პროდუქცია დაკავშირებულია მოდასთან, შეიძლება ერთი სახის ხალათი, კაბა თუ სხვა ნაწარმი დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულება, ხვალ კი აღნიშნული საქონელი მოდიდან გამოვიდეს და სხვა მოდურმა საქონელმა ჩაანაცვლოს, შესაბამისად მისი ფასი დავარდება. მიუთითებს, რომ სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა საწარმომ ფუნქციონირება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმომ არათუ სარგებელი მიიღო, არამედ დამფუძნებლის კუთვნილი თანხაა შეტანილი კომპანიაში, რაც მისი განმარტებით, დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

2. არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას არარეზიდენტ მომწოდებელზე გადარიცხული თანხების მიხედვით. გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის განხილვაზე აღნიშნა, რომ ეს თანხები არარეზიდენტის მიერ დაბრუნებულია ეტაპობრივად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15657 და 16 აგვისტოს №18978 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 აგვისტოს №19191 ბრძანება და ამავე თარიღის №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 750 595 ლარი, მათ შორის, გადასახადი 439 490 ლარი, ჯარიმა 219 745 ლარი და საურავი 91 360 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „--------“ (ს/ნ "-------") გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 თებერვლიდან და ამავე თარიღიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტით შემოტანილი ტანსაცმლისა და თეთრეულის რეალიზაცია "-----" ტერიტორიაზე. საწარმოს დეკლარირებულმა მთლიანმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 120 292 ლარი. გადამხდელს 2023 წლის მაისის შემდგომ ოპერაციები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, 2023 წლის აპრილიდან აღარ ფიქსირდება საქონლის შეძენა, ხოლო მაისის თვიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება აღარ ხდება. შემოწმების პროცესში არასრულად იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ მოწოდებული იქნა მხოლოდ საბანკო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის N17005 ბრძანებით დანიშნული იქნა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, თუმცა რეგისტრირებულ მისამართზე ობიექტი ვერ მოიძებნა. აღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0-ის ტოლად.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შეძენილი პროდუქცია დაიყო 14 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა "-------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე და 159- ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

● შემოწმების მიერ საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროს, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მიჩნეული იქნა 0-ის ტოლად. შემოწმების მიერ არაპირდაპირ გაანგარიშებული შემოსვლებიდან დოკუმენტური შეძენების, ხელფასების, არარეზიდენტებზე სესხად კვალიფიცირებული თანხების, საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საბაჟო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა შემდეგი: საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის უფიქსირდება საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 917 140 ლარით მეტი თანხის გადარიცხვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისის შემდგომ საწარმოს აქტივობა აღარ უფიქსირდება. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული მომწოდებლების მხრიდან თანხის უკან დაბრუნების ფაქტები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ზემოთაღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიებზე გაცემულ სესხად და ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწამოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ მიწოდებული იქნა მხოლოდ საბანკო ინფორმაცია. ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 18 ივლისის N17005 ბრძანებით დანიშნული საქონლის საკონტოლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან რეგისტრირებულ მისამართზე ობიექტი ვერ მოიძებნა. აღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0-ის ტოლად. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შეძენილი პროდუქცია დაიყო 14 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა "-------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

ამასთან, შემოწმების მიერ საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროს, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მიჩნეული იქნა 0-ის ტოლად. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსვლებიდან დოკუმენტური შეძენების, ხელფასების, არარეზიდენტებზე სესხად კვალიფიცირებული თანხების, საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის უფიქსირდება საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 917 140 ლარით მეტი თანხის გადარიცხვა. ხოლო გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მაისის შემდგომ აქტივობა აღარ უფიქსირდება. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული მომწოდებლების მხრიდან თანხის უკან დაბრუნების ფაქტები. აღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიებზე გაცემულ სესხად და კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას არარეზიდენტ მომწოდებელზე გადარიცხული თანხების მიხედვით. გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის განხილვაზე აღნიშნა, რომ ეს თანხები არარეზიდენტის მიერ დაბრუნებულია ეტაპობრივად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს დეკლარირებულმა მთლიანმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 120 292 ლარი. გადამხდელს 2023 წლის მაისის შემდგომ ოპერაციები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, 2023 წლის აპრილიდან აღარ ფიქსირდება საქონლის შეძენა, ხოლო მაისის თვიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება აღარ ხდება. შემოწმების პროცესში არასრულად იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ მოწოდებული იქნა მხოლოდ საბანკო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის N17005 ბრძანებით დანიშნული იქნა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, თუმცა რეგისტრირებულ მისამართზე ობიექტი ვერ მოიძებნა. აღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0-ის ტოლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შეძენილი პროდუქცია დაიყო 14 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი.გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

დადგენილი ფულის ნაშთი კი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის უფიქსირდება საქონლის საინვოისო ღირებულებაზე თანხის გადარიცხვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისის შემდგომ საწარმოს აქტივობა აღარ უფიქსირდება. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული მომწოდებლების მხრიდან თანხის უკან დაბრუნების ფაქტები. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ზემოთაღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიებზე გაცემულ სესხად და სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწამოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154