გადაწყვეტილება №20619/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20619/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20619/2/2023).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება;
2. ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №005-54 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18586 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 179 453 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 895
მოგების გადასახადი - 1 100
საშემოსავლო გადასახადი - 87 795
ჯარიმა - 44 448
საურავი - 46 110
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა-მიწოდება.
აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.02.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №005-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18586 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია რეგისტრირებულია 12.02.2020 წელს. გადასახადის გადამხდელს ძირითადად მომსახურებები გაწეული აქვს შპს „----------“ და შპს „----------“ 2020 წლის პირველ ნახევარში, ხოლო შემდეგი პერიოდიდან კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით შპს „----------“ დებიტორულ დავალიანებად აქვს აღრიცხული 294 078 ლარი, ხოლო შპს „----------“ დებიტორულ დავალიანებად - 53 900 ლარი. შემოწმების მასალებით და კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით ზემოაღნიშნული თანხები შპს „----------“ და შპს „----------“ გადახდილი აქვთ და ეს თანხები საწარმომ დირექტორზე გასცა ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემული ხელფასის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად დაფიქსირებული თანხა საწარმოს ფაქტობრივად მიღებული აქვს და აღნიშნული თანხა ხელფასის სახით არის გაცემული საწარმოს დირექტორზე. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის პოზიციით დაბეგვრის ობიექტი შეადგენს - 434 973 ლარს, საშემოსავლო გადასახადი - 86 995 ლარს, გაანგარიშება განხორციელებულია ე.წ. ,,აგროსვის“ მეთოდით, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან გაანგარიშება უნდა შესრულდეს, როგორც ეს არის ყოველთვიურ დეკლარაციაში შესავსები გრაფების მიხედვით და დასაბეგრი ობიექტი ამ შემთხვევაში იქნება - 347 978 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 69 595,6 ლარი. შესაბამისად, გადაანგარიშებას ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად დაფიქსირებული თანხა საწარმოს ფაქტობრივად მიღებული აქვს და აღნიშნული თანხა ხელფასის სახით არის გაცემული საწარმოს დირექტორზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა დირექტორზე გაცემული ხელფასი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
2. ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე), ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო გაცემულ უპროცენტო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით - 20%). შედეგად, გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა (სარგებელი) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს პირველი დავის საგნის ნაწილში მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე, შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს
მომჩივნის არგუმენტაცია
საბუღალტრო ანგარიშზე (1430) გაცემული თანხებით საწარმოს მიერ დაფარულია მასალების მომწოდებელი საწარმოს კრედიტორული დავალიანებები, ხოლო ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოტოვებულია შესაბამისი გატარება, რომ ანგარიში დახურულიყო, აქედან გამომდინარე გაუქმებას ექვემდებარება ამ მიზეზით დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებით დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე) გადასახადის გადამხდელს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე. ამასთან, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დოკუმენტი არ წარუდგენია. შედეგად შემოწმების მიერ მითითებული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით) დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება;
2. ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მასალებით და საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად დაფიქსირებული თანხა საწარმოს ფაქტობრივად მიღებული აქვს და აღნიშნული თანხა ხელფასის სახით არის გაცემული საწარმოს დირექტორზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
2. ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით (1430 ანგარიშზე) გადასახადის გადამხდელს ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირებზე 2020 წლიდან უფიქსირდება გაცემული თანხები და მოჰყვება უძრავ ნაშთად 3 წლის მანძილზე. ამასთან, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დოკუმენტი არ წარუდგენია. შედეგად შემოწმების მიერ მითითებული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დაანგარიშებული სარგებელი (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით) დაიბეგრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა დირექტორზე გაცემული ხელფასი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1,2); 154(1„ა“); 275;