ბრძანება N 4519
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4519
27 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2026 წლის 26 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 26 იანვრის №100361/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №056-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გადამხდელს დაარსების დღიდან დანერგილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ORIS“, რომელშიც აღრიცხულია ყველა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, საიდანაც ახორციელებს მის ბალანსზე არსებული, შეძენილი და რეალიზებული მარაგების მართვას, კერძოდ, იმპორტირებული საქონელი აღირიცხება ზემოაღნიშნულ პროგრამაში საბაჟო ინვოისში დაფიქსირებული დასახელების იდენტურად და საქონლის რეალიზაციისას სასაქონლო ზედნადების გაწერა ხდება იმავე დასახელებით, რაც პროგრამაშია დაფიქსირებული. ამასთან, მეწარმის დოკუმენტაცია შესაძლებლობას იძლევა შემოსავლებისა და ხარჯების დადგენისთვის გამოყენებულ იქნეს პირდაპირი მეთოდი დოკუმენტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები არ ჩატარებულა, ამის სანაცვლოდ შემოწმების აქტში მითითებულია, რომ სასაქონლო ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად 2023 წლის ოქტომბრის თვეში, თუმცა სამართლებრივი საფუძველი განმარტებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22780 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----- - ის“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28837 ბრძანება და ამავე თარიღის №056-114 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 555 518 ლარი, მათ შორის გადასახადი 311 522 ლარი, ჯარიმა 155 761 ლარი და საურავი 88 233 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------ - “ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შოკოლადით და საკონდიტრო ნაწარმით. სალარო აპარატი რეგისტრირებულია მისამართზე: "---------",პირი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა იჯარით აღებული ფართიდან. საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის და იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის ოქტომბრის მერე კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა ნულის ტოლად. გადამხდელს 2022-2023 წლის ოქტომბრამდე დეკლარირებული აქვს 799 974 ლარის რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ამ პერიოდში დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებებით) რეალიზაცია 945 342 ლარს შეადგენს. დოკუმენტური რეალიზაციის (თვეების ჭრილში) გადამეტებამ დეკლარირებულ 799 974 ლარის რეალიზაციაზე 279 652 ლარი შეადგინა. 2023 წლის ოქტომბრიდან საანგარიშო პერიოდის ბოლომდე გადასახადის გადამხდელი ადეკლარირებდა ნულოვან დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს. შემოწმების პროცესში პირმა წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, საქონლის ფასნამატის გაანგარიშებები). პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით და ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისად, რის გამოც შეუძლებელი იყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის მიხედვით დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფასნამატები გამოყენებულ იქნა დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად (მთლიანი საშუალო შეწონილი 41.5%). დოკუმენტური შესყიდვებით განსაზღვრული იქნა რპთ და საქონლის რეალიზაცია გადანაწილდა დღგ-ის დეკლარირებული პროპორციის შესაბამისად 2023 წლის ოქტომბრამდე სრული მარაგების რეალიზაციით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოწმების პროცესში შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს რჩება განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შემოწმების მიერ ფასნამატები გამოყენებულ იქნა დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად (მთლიანი საშუალო შეწონილი 41.5%), დოკუმენტური შესყიდვებით განსაზღვრული იქნა რპთ და საქონლის რეალიზაცია გადანაწილდა დღგ-ის დეკლარირებული პროპორციის შესაბამისად, 2023 წლის ოქტომბრამდე სრული მარაგების რეალიზაციით და პირს დაერიცხა დღგ. ამასთან, განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონელი აღირიცხება პროგრამაში საბაჟო ინვოისში დაფიქსირებული დასახელების იდენტურად და საქონლის რეალიზაციისას სასაქონლო ზედნადების გაწერა ხდება იმავე დასახელებით, რაც პროგრამაშია დაფიქსირებული. აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა 100%-ის სიზუსტით დადგენილ იქნას საქონლის მოძრაობა და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის მიერ შემოწმების პროცესში გამოყენებული ფასნამატისაგან 41,5%. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს შემოწმების პროცესში მიეწოდა ფასნამატის გაანგარიშების დეტალური ცხრილი, სადაც მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 26%-ს არ აღემატება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც გადამხდელს 2022-2023 წლის ოქტომბრამდე დეკლარირებული აქვს 799 974 ლარის რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ამ პერიოდში დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებებით) რეალიზაცია შეადგენს 945 342 ლარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტებით და მისი მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტებით და მისი მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი ითხოვს მისი მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.
2.სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა.კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა ნულის ტოლად.დოკუმენტური შესყიდვებით განსაზღვრული იქნა რპთ და საქონლის რეალიზაცია გადანაწილდა დღგ-ის დეკლარირებული პროპორციის შესაბამისად 2023 წლის ოქტომბრამდე სრული მარაგების რეალიზაციით. სსკ-ის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების პროცესში შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს რჩება განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტებით და მისი მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,164,275.