ბრძანება N 17221
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17221
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ივლისის №22263/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 27 დეკემბრის №86340/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №007-338 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და განმარტავს, რომ კომპანია პროდუქციის იმპორტს ახორციელებდა ირანიდან, რომელიც ამჟამად მოქცეულია სანქციების ქვეშ და თანხის გადარიცხვა აკრძალულია, შესაბამისად, კომპანიამ ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაიხადა პროდუქციის საფასური, ჯამში 52 900 ლარი, სამ ტრანშად. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის განაღდება მოხდა საქართველოში მოქმედი ბანკის მეშვეობით, რომლის დანიშნულებაში მითითებულია „საქონლის შეძენა“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული ოპერაციის მიზნობრიობას, ხოლო შემმოწმებლის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით არ არის სწორი და აღნიშნულ მუხლთან ერთად არ უნდა განიხილებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლები. აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხა დანიშნულებით გაიცა შუამავალ არარეზიდენტ პირზე და არასწორია მისი აღნიშნული კვალიფიკაციით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24376 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29472 ბრძანება და ამავე თარიღის №007-338 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 549 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 075 ლარი, ჯარიმა 6 881 ლარი, საურავი 3 593 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 26 იანვრის №1267 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი ივლისის №22263/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1267 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ივლისის №22263/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ საქონლის შესაძენად ფიზიკურ პირზე თანხის გადახდა (გაცემა) მოხდა ავანსად, 3 ეტაპად, შეიცვალა კანონი, შემდგომ სხვა საქონლის მოწოდებაზე შედგა შეთანხმება, საქონელი დამზადებულია და ელოდება, მის მიერ მოხდა საქონლის ღირებულების მხოლოდ 30 პროცენტის გადახდა, ხოლო საქონლის მომწოდებელი ითხოვს თანხის სრულად გადახდას. შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის და გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები. ამიტომ ის, რომ თანხა ჯამში დაახლოებით 2 წელია უმოქმედოთ არის დატოვებული ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, არ ამოუწურავს საშუალებები, რომ მიიღოს ნაყიდი პროდუქცია, ხოლო 2023 წლის პერიოდში ამ გაცემული თანხის დაბეგვრა უსაფუძვლოდ მიაჩნია.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საჩივარზე მართებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 3 სექტემბერს, 2022 წლის 22 ივნისს და 28 სექტემბერს ფიზიკურ პირზე, -------, გაცემული აქვს თანხა 52 900 ლარის ოდენობით (აღნიშნული თანხის გაცემა მოხდა ანგარიშვალდებული პირის მიერ). აღნიშნულ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ------- ევალებოდა საქონლის საქართველოში იმპორტირებისთვის ირანში მომწოდებელთან ანგარიშსწორება კომპანიის სახელით. აღნიშნული თანხის გაცემამდე/გაცემის შემდეგ ------- რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა არ ფიქსირდება, მათ შორის, არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან თანხის უკან დაბრუნება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 97-ე, 982 , 983 მუხლების მიხედვით და კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ფიზიკურ პირზე საწარმოს გაცემული აქვს თანხა 52 900 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არც საქონლის მიწოდება და არც თანხის უკან დაბრუნება. შედეგად, შემოწმებით კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის არც უკან დაბრუნება და არც აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება მომხდარა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია, ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმებით შეფარდებულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №007-338 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „-------“ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №007-338 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირზე გაცემული. აღნიშნულ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკურ პირს ევალებოდა საქონლის საქართველოში იმპორტირებისთვის ირანში მომწოდებელთან ანგარიშსწორება კომპანიის სახელით. აღნიშნული თანხის გაცემამდე/გაცემის შემდეგ რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა არ ფიქსირდება, მათ შორის, არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან თანხის უკან დაბრუნება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს; გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 983(1); 269(7)