გადაწყვეტილება №26666/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26666/2/2026
11 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 18.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26666/2/2026).
დავის საგანი:
საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 დეკემბრის №EL303234 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 იანვრის №1196 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 475 ლარი.
ფაქტების აღწერა
2025 წლის 14 დეკემბერს "------"-ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „----- - -------“ ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ. კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის, ძვირფასეულობას – ოქროსა და ოქროს მონეტებს, "-------"-მ განაცხადა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს სამკაულებს, რაც სხეულზე ეკეთა.
მომჩივნის და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩნდა 1 ცალი ოქროს მონეტა (სინჯი – 750; გრამი – 7.96), ხოლო შარვლის ჯიბეში – 1 ცალი ოქროს საათი (სინჯი – 583; გრამი – 23.53). ჩატარებული ექსპერტიზით (დასკვნა №013245/2025) დადგინდა, რომ არადეკლარირებული საქონლის (ოქროს მონეტა – 1 ცალი; ოქროს საათი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 475 ლარს.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს 2025 წლის 14 დეკემბრის №EL303234 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 475 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №69401128621) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა "------"-ის აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 იანვრის №1196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, "-------"-ს კუთვნილი საათის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანისას არ განუცხადებია, რომ გეგმავდა საათზე ახალი ექსპერტიზის ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა ოქროს საათის დალუქვა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე საქონელი წარდგებოდა დალუქულ მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, საგამოცდო ანგარიშში (№74/25 24.12.2025) მითითებული საათი წარმოადგენს თუ არა ექსპერტიზის №013245/2025 დასკვნით შეფასებულ საათს.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 14 დეკემბერს "------"-ის აეროპორტში მოხდა შემოწმებისას, კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ოქროს ნივთები, განმარტა, რომ ჰქონდა მხოლოდ ოქროს მონეტა. მიუხედავად ამისა მისი ჩანთიდან ამოღებული ბიჟუტერიის საათი შეფასდა, როგორც ოქრო და საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 4 255 ლარი. დაეკისრა ჯარიმა და დაერიცხა დღგ საათის ნაწილში 765,9 ლარის ოდენობით. ამასთან განუმარტეს, რომ თანხის გადახდის გარეშე ვერ დატოვებდა ტერიტორიას და იძულებული განდა გადაეხადა დარიცხული თანხები.
წარადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ანგარიში (№74/25 24.12.2025), რომლის მიხედვით, "საექსპერტოდ წარმოდგენილი. საათი სამაჯურით იყო დაულუქავ მდგომარეობაში. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ საკვლევი საათის კორპუსის ზედა ნაწილი, სამაჯური და საქოქი არის ოქროსფერი. კორპუსის ქვედა ნაწილი არის თეთრი, ფოლადისფერი. სამაჯურის მარცხენა ნაწილის მცირე უბანი არის გახეხილი და ნათლად ჩანს ლითონის თითბერისებრ ყვითელი ფერი. საათის სიგრძე სამაჯურით შეადგენს 17,30 სმ-ს. საათის წონა სამაჯურთან ერთად არის 23,56 გრ საათის ციფერბლატზე იკითხება მწარმოებლის მარკა "-------".
გამოკვლევით ცალსახად დადგინდა, რომ საექსპერტოდ წარმოდგენილი საათის კორპუსის ზედა ნაწილი და სამაჯური დამზადებულია სპილენძის და თუთიის შენადნობისგან თითბერისაგან და დაფარულია ხალასი ოქროს თხელი ფენით. კორპუსის ქვედა ნაწილი დამზადებულია ფოლადისგან.
საბოლოოდ შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ გამოკვლეული ქალის მაჯის საათი სამაჯურით დამზადებულია თითბერისა და ფოლადისაგან და არ შეიცავს ძვირფას ლითონს".
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საათის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაუბრუნდეს გადახდილი თანხა ჯამში 5 020.9 ლარის ოდენობით (საათის საბაჟო ღირებულება 4 255 ლარი და საათის საბაჟო ღირებულების შესაბამისად დარიცხული დღგ 765,9 ლარი).
სსიპ შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში უთითებს: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 14 დეკემბერს "------"-ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „----- - ------ “ ჩამოფრინდა "-------" (პ/ნ "-------"). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის" გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის, ძვირფასეულობას ოქროსა და ოქროს მონეტებს,"-------"-მ განაცხადა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს სამკაულებს, რაც სხეულზე ეკეთა.
2025 წლის 16 დეკემბერს "------" გამოცხადდა "------"-ის აეროპორტში, წარადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახადო დავალება №"-------" 15.12.2005) არადეკლარირებული საქონელი გააფორმა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4 N"-------" 16.12.2025), გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული კუთვნილი იმპორტის გადასახდელი − დღგ 1165.5 ლარი და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, "-------"-ს კუთვნილი საათის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანისას არ განუცხადებია, რომ გეგმავდა საათზე ახალი ექსპერტიზის ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა ოქროს საათის დალუქვა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე საქონელი წარდგებოდა დალუქულ მდგომარეობაში.
მიაჩნია რომ "-------"-ზე სამართლებრივი ტვირთის გადატანა ამ კუთხით არის დაუსაბუთებელი. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებული იყო განემარტა მოქალაქისთვის აღნიშნული. ნაცვლად ამისა მათ ჯერ ერთი პრაქტიკულად აიძულეს თანხის გადახდა, რადგან უთხრეს რომ ამ თანხის გადაუხდელად მას პრობლემები შეექმნებოდა გამგზავრებაში, ხოლო ასევე არ მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია გასაჩივრების თაობაზე.
საქმე მდგომარეობს აღმაშფოთებელ და სრულიად უპასუხისმგებლო ფაქტთან: მოქალაქეს პრაქტიკულად დააკისრეს ხარკი და არა გადასახადი, ვინიდან მას არ ჰქონდა ოქროს ნივთი, თუმცა არაპროფესიონალური /უკეთეს შემთხვევაში/ შეფასებიდან გამომდინარე შეიქმნა შინაარსობრივად ყალბი დოკუმენტი, რომლითაც ოქროდ იქნა მიჩნეული თითბირის ნაკეთობა.
დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მონეტა (წონა – 7,96 გ) შეიცავდა 750 სინჯის ოქროს საათი (წონა - 23,53 გ) კი 583 სინჯის ოქროს. რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ანგარიშს (№74/25 24.12.2025). აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ქალის მაჯის საათი არ შეიცავს ძვირფას ლითონს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საათი საექსპერტოდ წარდგენილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ფიზიკური პირი "-------"-ს მიერ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, საგამოცდო ანგარიშში (No74/25 24.12.2025) მითითებული საათი წარმოადგენს თუ არა ექსპერტიზის № "-------" დასკვნით შეფასებულ საათს.
მომჩივანს აქვს მზაობა აღნიშნული საათი ნებისმიერ დროს წარადგინოს დაინტერესებულ ორგანოში და მოხდეს გამოკვლევა სადავო გარემოების.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის მხრიდან სახეზეა თვითნებური და არაკომპეტენტური ქმედება, რომელიც განაპირობებს აბსოლუტურ უკანონობას და მოქალაქეს აკისრებს უზარმაზარ ფინანსურ ტვირთს. ითხოვს არსებული ვითარების გათვალისწინებას და სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
დადგენილია, რომ მომჩივანი სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე დაჯარიმებულია 2025 წლის 14 დეკემბერს. 2025 წლის 16 დეკემბერს მომჩივანი გამოცხადდა "------"-ის აეროპორტში, წარადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახადო დავალება №"------" 15.12.2025), არადეკლარირებული საქონელი გააფორმა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 №"------" 16.12.2025), გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული კუთვნილი იმპორტის გადასახდელი – დღგ 1 165.5 ლარი და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ოქროს ნივთები, განმარტა, რომ ჰქონდა მხოლოდ ოქროს მონეტა. მიუხედავად ამისა მისი ჩანთიდან ამოღებული ბიჟუტერიის საათი შეფასდა, როგორც ოქრო და საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 4 255 ლარი.
საფუძველს მოკლებულია მომჩივნის არგუმენტი, იმის თაობაზე რომ მან მებაჟე ოფიცერს განუცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ოქროს მონეტა, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილ სადავო ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, "-------"-მ მებაჟე ოფიცერს უთხრა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს სამკაულებს, რაც სხეულზე ეკეთა. არადეკლარირებული/დამალული საქონელი აღმოჩენილია ხელბარგის/ ბარგის და მომჩივნის ფიზიკური დათვალიერებისას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანს 2025 წლის 15 აგვისტოს უფიქსირდება ოქროს ნივთის დეკლარირების ფაქტი, რა დროსაც მან ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით.
საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის 23.02.2026 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპერტიზით (დასკვნა №"-------"), რომელიც ჩატარდა კიდონტის ქვაზე ნივთის განასმის და მასზე რეაქტივის ზემოქმედების მეთოდით, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მონეტა (წონა – 7,96 გ) შეიცავდა 750 სინჯის ოქროს, საათი (წონა – 23,53 გ) კი 583 სინჯის ოქროს. რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ანგარიშს (№74/25 24.12.2025), აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ქალის მაჯის საათი არ შეიცავს ძვირფას ლითონს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საათი საექსპერტოდ წარდგენილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ფიზიკური პირი "-------"-ს მიერ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ,"-------"-ს კუთვნილი საათის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანისას არ განუცხადებია, რომ გეგმავდა საათზე ახალი ექსპერტიზის ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა ოქროს საათის დალუქვა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე საქონელი წარდგებოდა დალუქულ მდგომარეობაში. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, საგამოცდო ანგარიშში (№74/25 24.12.2025) მითითებული საათი წარმოადგენს თუ არა ექსპერტიზის №013245/2025 დასკვნით შეფასებულ საათს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადაადგილების ფაქტს, ამასთან საბაჟო საზღვარზე მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 6 475 ლარი, რაც აღემატება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის,მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.ამასთან, არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადაადგილების ფაქტს,მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,168.