ბრძანება N 18483

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2024
№ დოკუმენტი 18483
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18483

09 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------;

იურ. მის: -----------------------------)

2024 წლის 26 ივლისის და პირველი აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) №91026/1/2024 და №91149/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №007-172 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ:

1. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი. იგივე ფასნამატი გავრცელდა ასევე წუნდებულ საბურავებზეც, რაც არამართებულია. აცხადებს, რომ დეფექტური საბურავების რაოდენობის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენს 6-9 პროცენტს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს გადაანგარიშებისას.

მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ზოგადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ფასნამატი არ უნდა გავრცელდეს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით. ითხოვს წუნდებულ/დეფექტურ საბურავებზე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით ხელმძღვანელობას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

2.გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11554 და 28 ივნისის №15327 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 5 ივლისს გამოსცა №15912 ბრძანება და ამავე თარიღის №007-172 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 595 ლარი, ჯარიმა 3 869 ლარი და საურავი 5 135 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი და რეალიზაცია. საქონლის შემოტანა ხდება ------დან. კომპანია საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში ქ. თბილისში -------№21-ში. გადასახადის გადამხდელს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ჯამურად წლის ჭრილში, კერძოდ მის მიერ მოწოდებულ იქნა აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ნაშთები, მ.შ. ფულის, საქონლის, დებიტორ/კრედიტორების, აღებული სესხების და ა.შ. შესაბამისად არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იდენტიფიცირდება თითოეული რეალიზებული პროდუქტის ოდენობა და თვიღირებულება. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 731 551 ლარს, რაც დაფიქსირებულია ბანკში ჩარიცხული და სალაროში ამობეჭდილი თანხებით. ამავე პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები შეადგენს 6%-ს.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11544 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ, შემოსავლების დაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით დაანგარიშდა არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რაც შეესაბამება დოკუმენტურ ფასნამატს 77%-ს. შესაბამისად, 2021-2024 წლების პერიოდში საწარმოს შემოსავალი გაიზარდა 81 142 ლარით. მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება ფულადი თანხების განკარგვაზე. საწარმოს დამფუძნებლისგან ჰქონდა აღებული სესხი. გადამხდელის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის შესაბამისად განსაზღვრული განკარგვადი თანხით შემცირდა დამფუძნებლისგან აღებული სესხი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი და რეალიზაცია. საქონლის შემოტანა ხდება ------დან. გადასახადის გადამხდელს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ჯამურად წლის ჭრილში, კერძოდ მის მიერ მოწოდებულ იქნა აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ნაშთები, მ.შ. ფულის, საქონლის, დებიტორ/კრედიტორების, აღებული სესხების და ა.შ. შესაბამისად, არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იდენტიფიცირდება თითოეული რეალიზებული პროდუქტის ოდენობა და თვითღირებულება. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 731 551 ლარს, რაც დაფიქსირებულია ბანკში ჩარიცხული და სალაროში ამობეჭდილი თანხებით.

ვინაიდან ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი შემოწმების მიერ შემოსავლების დაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით დაანგარიშდა არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (შეესაბამება დოკუმენტურ ფასნამატს), რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი. იგივე ფასნამატი გავრცელდა ასევე წუნდებულ საბურავებზეც. დეფექტური საბურავების რაოდენობის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენს 6-9 პროცენტს, რაც არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული. აცხადებს, რომ ქვეყანაში არის საბურავების უტილიზაციის გლობალური პრობლემა და წუნდებული მარაგების ჩამოწერა პრობლემატურია, ასეთი საქონლისგან ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, კომპანია მინიმალურ ფასად ყიდის გამოუსადეგარ საქონელს, რის შესახებაც შემმოწმებელს თავის დროზე მიეწოდა შესაბამისი განმარტება. ინვენტარიზაცია განხორციელდა ფაქტობრივი ნაშთით და შემმოწმებლის მიერ დეფექტური საბურავების რაოდენობაზეც გავრცელდა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი სარეალიზაციო ფასი. აცხადებს, რომ ფასნამატი არ უნდა გავრცელდეს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით. ითხოვს წუნდებულ/დეფექტურ საბურავებზე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით ხელმძღვანელობას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11554 და №15327 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №15912 ბრძანება და №007-172 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 599 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ჯამურად წლის ჭრილში, შესაბამისად არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იდენტიფიცირდება თითოეული რეალიზებული პროდუქტის ოდენობა და თვიღირებულება. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 731 551 ლარს, რაც დაფიქსირებულია ბანკში ჩარიცხული და სალაროში ამობეჭდილი თანხებით. ამავე პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები შეადგენს 6%-ს.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №11544 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ, შემოსავლების დაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით დაანგარიშდა არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რაც შეესაბამება დოკუმენტურ ფასნამატს 77%-ს. შესაბამისად, 2021-2024 წლების პერიოდში საწარმოს შემოსავალი გაიზარდა 81 142 ლარით. მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება ფულადი თანხების განკარგვაზე. საწარმოს დამფუძნებლისგან ჰქონდა აღებული სესხი. გადამხდელის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის შესაბამისად განსაზღვრული განკარგვადი თანხით შემცირდა დამფუძნებლისგან აღებული სესხი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა" .9 „ბ“); 158(1) ; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 269(7);