გადაწყვეტილება №26070/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26070/2/2025
18 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 23.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26070/2/2025).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2024 წლის N ELC44437 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის N 20776 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
12.11.2022 წელს მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, ----- რეგისტრირებული ----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) ზოგადი დეკლარირება, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ვადად განესაზღვრა 11.01.2023 წელი.
აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების ვალდებულება, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2024 წლის N ELC44437 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.09.2025 წლის N 20776 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 165-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანი სხვადასხვა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებით ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება არასდროს ყოფილა მის საკუთრებაში და ჯარიმის არსებობის შესახებ გვიან შეიტყო. 2022 წლის 9-10 ნოემბერს ბიძაშვილს, ----- გაჰყვა ----- რესპუბლიკაში (ავტომობილს მომჩივანი მართავდა). 12.11.2022 წელს საქართველოში დაბრუნებისას, ბიძაშვილის კუთვნილ ავტომობილს, რომელსაც კვლავ მომჩივანი მართავდა, საბაჟო ორგანოში გამოცხადების ვადად განესაზღვრა 11.01.2023 წელი. ----- რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ, დაახლოებით 1 თვეში, გაემგზავრა ----- ფედერაციაში, რადგან მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ქალაქი -----. მას შემდეგ მომჩივანმა აღნიშნული ავტომობილის შესახებ იცის მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისმა ბიძაშვილმა იგი გაყიდა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ შეიტყო, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის გამო დაჯარიმდა 1 000 ლარით.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ავტომობილს მხოლოდ ერთხელ მართავდა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც შეეხება ბრძანებაში მოყვანილ გარემოებას, რომ იგი სხვადასხვა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და მისთვის კარგადაა ცნობილი ავტომობილის გაფორმებისა და განბაჟების შესახებ წესები/პირობები, მომჩივანი არ ეთანხმება, ვინაიდან ცხოვრობს ----- ფედერაციაში, ავტომობილით საქართველოში არაერთხელ შემოსულა, თუმცა არასოდეს შემოუყვანია განუბაჟებელი ავტომობილი.
მომჩივნის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირი არის ზვიად ფურცელაძე და სწორედ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
მომჩივანი განმარტავს, სატრანსპორტო საშუალება არასდროს ყოფილა მის საკუთრებაში და ჯარიმის არსებობის შესახებ გვიან შეიტყო. აღნიშნული ავტომობილს მხოლდ ერთხელ მართავდა, 2022 წლის 9-10 ნოემბერს ბიძაშვილს, ----- გაჰყვა ----- რესპუბლიკაში (ავტომობილს მომჩივანი მართავდა), იგივე ავტომობილით დაბრუნდნენ უკან და დაბრუნების შემდგომ, დაახლოებით 1 თვეში, ----- ფედერაციაში გაემგზავრა, რადგან მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ქალაქი -----. აღნიშნული ავტომობილის შესახებ იცის მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისმა ბიძაშვილმა იგი გაყიდა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28.10.2025 წლის ----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ ----- რეგისტრირებული ----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სარეგისტრაციო ნომერი -----) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილია 12.11.2022 წელს და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განესაზღვრა 11.01.2023 წელი. მომჩივანს, როგორც სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვან პირს, გააჩნდა ვალდებულება სატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიეტანა გაფორმების ადგილამდე ან გაეტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა.
ამავე წერილიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს ზემოაღნიშნულ ფაქტამდეც უფიქსირდება საქართველოში არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის კვეთის შემთხვევა. კერძოდ, 28.05.2022 წელს ----- ფედერაციაში რეგისტრირებული ----- ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, რომელიც საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული 60 დღიანი ვადის დაცვით საქართველოდან გაიყვანა 14.06.2022 წელს. გამომდინარე აქედან, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივნის მიერ დღემდე (28.10.2025წ.) არ განხორციელებულა ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების (სარეგისტრაციო ნომერი -----) საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ვადად განესაზღვრა 11.01.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების ვალდებულება, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს ზემოაღნიშნულ ფაქტამდეც უფიქსირდება საქართველოში არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის კვეთის შემთხვევა, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები. სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165;.