ბრძანება N 21532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21532
02 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 10 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 10 სექტემბრის №91883/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №021-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს:
აცხადებს, რომ დირექტორის მიერ საწარმოს სალაროში არსებული თანხების კომპანიის კუთვნილ ანგარიშებზე შეტანა ჩათვლილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „---------“ მიერ ინდივიდუალურ მეწარმე -------- შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეცდომით ნაცვლად 18 370 ლარისა გადარიცხულია 23 370 ლარი, რის შემდეგაც უკან დაბრუნებული 5 000 შემოწმებით ჩაითვალა ნავაჭრ თანხად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს შემდეგს: შპს „----------“ ასრულებდა სსიპ ---------- დაკვეთას (ქ. -------- სკოლის ეზოს მოწყობის სამუშაოებს), ყოველ შუალედურ შესრულებაზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით არ ერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს 5%, რომლიდანაც 2.5% ირიცხება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე 2.5% ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ. მიუთითებს, რომ 2023 წლის 13 ოქტომბერს ჩაერიცხა 13 703.68 ლარი (ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ დარჩენილი 2.5 %-ს გამოკლებული ჯარიმა 3 471,49 ლარი), რომელიც ჩაითვალა შემოსავლად (18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში). იგივე ხელშეკრულებით, შუალედური შესრულების შედეგად, 2023 წლის 30 ივნისს, წარდგენილი იქნა ფორმა 2-ები და ფორმა 3-ები თანხით 73 879,49 ლარი, ხოლო თანხის ჩარიცხვა მოხდა 2023 წლის 5 ივლისს „---------- ბანკის“ ანგარიშზე. აცხადებს, რომ ივლისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მაგრამ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი და მოსთხოვა საგადასახადო ანგარიშფაქტურის საანგარიშო პერიოდის შეცვლა ფორმა 3-ის შესაბამისად. გადამხდელის მიერ გაუქმებული იქნა ივლისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----------- და გამოწერილ იქნა იმავე თანხაზე ივნისის საანგარიშო პერიოდზე ------------ საგადასახადო ანგარიშფაქტურა და შესაბამისად, მოახდინა ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება. ხოლო, შემოწმების შედეგად აღნიშნულ თანხაზე ივლისის თვეში დაერიცხა დღგ და შესაბამისი სანქცია.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ გარდა სახელმწიფო ტენდერებისა ახორციელებდა მხოლოდ ორი კომპანიის შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შპს „-“-ის (ს/ნ ----------- -----------) კერძო შეკვეთას, სხვა დამკვეთი კომპანიას არ ჰყოლია. აცხადებს, რომ 2022 წლის 4 აპრილს ----------- მიერ ანგარიშზე შეტანილი იქნა 3000 ლარი, რომელიც შემოწმების შედეგად ჩაითვალა შემოსავლად. თეიმურაზ სახამბერიძე არის შპს „------------“ წარმომადგენელი და თანხა შეიტანა ანგარიშზე, როგორც შპს „---------“, ხოლო საწარმოს მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა -----------, რომელიც აღიარებული იქნა ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თანხა (3 000 ლარი) ორჯერ იქნა დაანგარიშებული და დაბეგრილი. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმებით დაავალდებულეს გადახდის წყაროსთან დაეკავებინა გადასახადი იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მათ შორის მცირე მეწარმეებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ აღნიშნული პირებისთვის გადახდილ თანხებზე არ ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. ასევე, მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა შეუმცირდეს შეფარდებული სანქცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2571 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 26 იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 17 ივლისის №16902 ბრძანება და ამავე თარიღის №021-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 217 970 ლარი, მათ შორის, გადასახადი 120 674 ლარი, ჯარიმა 80 879 ლარი და საურავი 16 417 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტენდერის ფარგლებში სარემონტო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, გადამხდელს ასევე უფიქსირდება კერძო მომსახურების გაწევა და მიღება. შპს „---------“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დეკლარირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დარიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმებით განხორციელდა საბანკო ამონაწერების ანალიზი, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ გადამხდელს ფულადი სახსრები გადარიცხული აქვს ფიზიკურ პირებზე, რომელთაგან მიღებული მომსახურების ან/და შესყიდული საქონლის შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით აღნიშნული დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „----------“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, შემოწმებამ დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დეკლარირებული არ არის.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
აგრეთვე, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების ნაწილში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის დროს შემოსავალში გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშზე მიღებული ფულადი სახსრები (დამკვეთის მიერ გადარიცხული) და არა მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ასევე, შემოწმების ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის მიზნით დაკავებული თანხები ფულის მოძრაობის ანალიზის დროს შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. შემოწმება მოიცავს 3 წლიან საანგარიშო პერიოდს, რომლის ფარგლებშიც უმეტესობა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე დაკავებული 5% გადამხდელს ჩარიცხული აქვს საბანკო ანგარიშზე ხარისხის უზრუნველყოფის ვადის გასვლის დროს, თუმცა შემოწმება მოიცავს ისეთ შესრულებულ სამუშაოსაც, რომლის ხარისხის უზრუნველყოფის თანხა შპს „------------“ მიღებული არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებულია განკარგვადი ფულადი სახსრების გაანგარიშების დროს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ივნისი-ივლისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (-------- --------) საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია სსიპ -----------ზე, რომელთანაც გადამხდელს აკავშირებს ტენდერის ფარგლებში მიწოდებული მომსახურება. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული მონაცემები გაანგარიშებულია დამკვეთთან გაფორმებული მიღებაჩაბარების მიხედვით, ხოლო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგებს.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, კერძოდ, ------------- მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის (3 000) ლარის ორჯერ დაბეგვრასთან დაკავშირებით, დგინდება, რომ შპს „----------“-ს დირექტორს წარმოადგენს ---------- (პ/ნ -----------), ხოლო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია -------- მიერ ჩარიცხული თანხის შპს „---------“-ის მიერ ანაზღაურებულ მომსახურებად განხილვასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოვლენა და აღნიშნულის საფუძველზე, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ საგადასახადო შემოწმებით გადახდის წყაროსთან დაბეგრილია განაცემები იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მათ შორის მცირე მეწარმეებად. განმარტავს, რომ აღნიშნული პირებისთვის გადახდილ თანხებზე არ ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. გაწეული მომსახურებების ნაწილში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აქვს შესასრულებელ/შესრულებულ სამუშაოებზე ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც იდენტიფიცირდება შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, რაც ბაზარზე არსებულ ფასებს შეესაბამება. დამატებით, მიუთითებს, რომ გარდა აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმეებისა საწარმოს ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, რომლებზე გაცემულ თანხებსაც ბეგრავს გადახდის წყაროსთან.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს გამოვლინდა, რომ იურიდიული პირი თანხას ურიცხავს სხვადასხვა ფიზიკურ პირებს, რომელთა უმეტესი ნაწილი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ასევე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნულმა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა შეუსრულეს სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც შემოწმების მიერ მოთხოვნილი იქნა შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (ხელშეკრულება, ფორმა 2-ები, მიღება-ჩაბარება, შესრულებული სამუშაოს კავშირი შპს „------------“ სამშენებლო ობიექტთან და სხვა), თუმცა, აღნიშნული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები შპს „----------“ ვერ წარადგინა. ასევე, შემოწმების მიერ სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა საბანკო გადარიცხვებში დაფიქსირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებთან, თუმცა მათი მხრიდან შპს „----------“ მიერ გაცხადებული მომსახურების შესრულება არ დადასტურდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებთან გადარიცხული თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლა/გამოკვლევას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს
შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს:
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტენდერის ფარგლებში სარემონტო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, გადამხდელს ასევე უფიქსირდება კერძო მომსახურების გაწევა და მიღება. მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებამ, დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დეკლარირებული არ არის. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმებით განხორციელდა საბანკო ამონაწერების ანალიზი, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ გადამხდელს ფულადი სახსრები გადარიცხული აქვს ფიზიკურ პირებზე, რომელთაგან მიღებული მომსახურების ან/და შესყიდული საქონლის შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით აღნიშნული დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(22);73(5,9);163(1);164(1);101(1);154(1);