გადაწყვეტილება №20136/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 20136/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20136/2/2023

09 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20136/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №086-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 266 824 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 173 324

დღგ - 129 000

საშემოსავლო გადასახადი - 44 324

ჯარიმა - 86 662

საურავი - 6 838

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 4.12.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოწმების პროცესში გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაცია. ასევე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ბევრად აჭარბებს მის შემოსავალს. 2023 წლის მარტის თვეში საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სწორად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით. შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის შეპირისპირებით გაანგარიშდა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20%. შეძენის პროპორციულად მიღებული ფასნამატით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შეძენის პროპორციულად მიღებული ფასნამატით გაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის თანხის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.04.2023 წლის №7924 ბრძანება და ამავე თარიღის №086- 21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 8.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების“ შესახებ განცხადების რეგისტრაცია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით ყველა შეძენილი ხილ-ბოსტანი ჩაითვალა რეალიზაციაში და გაავრცელა ფასნამატი 36%-50%, რასაც არ ეთანხმება, საქონელი მალფუჭებადია და შესაბამისად ხშირად ნადგურდებოდა. მზად არის წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაცია. ასევე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ბევრად აჭარბებს მის შემოსავალს. 2023 წლის მარტში საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. საჩივარში მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად ყველა შეძენილი ხილ-ბოსტანი ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა ფასნამატი 36%-50%, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან საქონელი მალფუჭებადია და შესაბამისად ხშირად ნადგურდებოდა. მზად არის წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აფიქსირებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების“ შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის შეპირისპირებით დოკუმენტური ფასნამატის დადგენა და გაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის თანხის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.04.2023 წლის №7924 ბრძანება და ამავე თარიღის №086- 21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 8.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 49 (1); 61 (3); 73 (4, 5, 9); 101; 154; 159; 163; 164.

2021 წლამდე მოქედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.